საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსები ისევ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
23 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩი გამართა და ანგარიშით 23:9 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრის პირველი წუთები აქტიურად კი დაიწყეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ მასპინძლები ადვილად არაფრის დათმობას აპირებდნენ და მეტწილად, ქართველი მორაგბეების უხეში შეცდომების ხარჯზე, ახერხებდნენ ხიფათის შექმნას.

ანგარიში სწორედ რუსეთის ნაკრებმა გახსნა. მე-7 წუთზე იგორ კლუჩნიკოვმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" ხუთიოდე წუთში მოახერხეს - მერაბ კვირიკაშვილმა შანსი ხელიდან
არ გაუშვა - 3:3.

ამის შემდეგ ქართველების მცდელობებს შედეგი არ მოჰყვებოდა, სამაგიეროდ ზედიზედ ორი საჯარიმოს დარტყმის შესრულების უფლება მასპინძლებმა მიიღეს, თუმცა იმავე კლუჩნიკოვმ 19-ე და 24-ე წუთებზე მიზანი ვერ გაასწორა.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა შეძლო - "მეკომ" საჯარიმო კვლავ ზუსტად დაარტყა - 3:6.

ეს იყო და ეს, პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს გათანაბრება საჯარიმოთივე შეეძლოთ - კლუჩნიკოვმა კიდევ ერთხელ დააღალატა თავისიანები.

შესვენების შემდეგ კვლავ რუსებს მიეცათ საჯარიმოს შესრულების უფლება, თუმცა ამჯერად სხვამ - სერგეი იანუშკინმა აიღო საკუთარ თავზე დარტყმა, თუმცა ვერც მან ივარგა.

62-ე წუთისთვის ქართველ მორაგბეთა იერიშის შეჩერება მასპინძლებმა ჯარიმით შეძლეს - 22-მეტრიანი ხაზის სიახლოვედან "მეკომ" დაჰკრა, მაგრამ ააცილა. სამიოდ წუთში კი ლაშა ხმალაძემ კარგად გაჭრა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი, წამოეხმარნენ მას მამუკა გორგოძე და თედო ზიბზიბაძე, საბოლოოდ კი ვიქტორ კოლელიშვილმა ლოლო დადო.

კვირიკაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო - 3:13, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მალევე საჯარიმოთი ანგარიშის შემცირების შანსი იანუშკინმა ვერ გამოიყენა. ტაიმის შუაწელს კონსტანტინე მიქაუტაძე გააძევეს, მალევე კი მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - იანუშკინმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 6:13.

72-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრებს მორიგი 3 ქულა კვირიკაშვილმა საჯარიმოთი მოუტანა, სამი წუთის შემდეგ კი ალექსეი შერბანმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა - 9:16.

მატჩის მიწურულს, მეტოქის 22-იან ხაზთან ჩვენი დერეფნის მოგების შემდეგ, მოკლე ფრთაზე კოლელიშვილი გაიჭრა, იერიში კი დავით ქუბრიაშვილმა ლელოთი დაასრულა. კვრიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რითაც მატჩის ბედი იქვე გადაწყვიტა - 9:23.

შეხვედრის ბოლო წუთებში მასპინძლებმა იძალეს, თითქოს ახლოსაც იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ "მეკომ" ბრწყინვალედ აღკვეთა იერიში და საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში მესამე გამარჯვება მიითვალა.

"ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

ამრიგად, კვლავაც გრძელდება 20-წლიანი ტრადიცია - რუსებს "ბორჯღალოსნებისთვის" 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ. საქართველოს და რუსეთის ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 17-ჯერ ითამაშეს, საიდანაც "ბორჯღალოსნებმა" 15 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯიგრები ხართ
jabega
17:04 23-02-2013
0
^-)))
Dato
17:23 23-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული