თედო ზიბზიბაძე: ზოგჯერ გაბრაზებაც საჭიროა

AutoSharing Option
ფრანგული "პერიგოსა" და საქართველოს ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე ერთა თასზე ესპანეთთან მატჩის შემდეგ ერთი დღით მშობლიურ ქუთაისს ეწვია და ჩვენი ინტერვიუც იქ შედგა.

მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებთან ზიბზიბაძემ ტრავმა მიიღო და ამის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშა. მართალია, ის განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელებმა ვერ გარისკეს და თედომაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ზიბზიბაძემ ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და იმედოვნებს, რომ 16 მარტს, რუმინეთთან გასამართ მნიშვნელოვან მატჩში საქართველოს ნაკრების ღირსებას კვლავ დაიცავს.

- სანამ საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრებდეთ, კლუბზე გკითხავ. როგორ ვითარდება თქვენი ფრანგული კარიერა?
- გასულ სეზონში ქულები დაგვაკლდა და ელიტური მეორე დივიზიონიდან ფედერალ 1-ში დავქვეითდით. სხვებთან შედარებით, სუსტი გუნდი ვიყავით და ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

წლეულს "პერიგოს" მიზანი კვლავ ელიტურ დივიზიონში დაბრუნებაა. კარგი შემადგენლობა გვყავს და ვეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.

სხვათა შორის, ჩემს კლუბს დღეს 10 მარტს ჰქონდა თამაში "ნიორთან" და 42:0 მოიგო. მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, რათა პლეი ოფში შედარებით იოლი მეტოქე შეგვხვდეს.

- როგორც ვიცით, "პერიგოსთან" კონტრაქტი წლეულს, ზაფხულში გიმთავრდებათ. ისევ ამ გუნდში დარჩებით თუ სხვაგან აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- "პერიგოსთან" ხელშეკრულება ივნისის ბოლოს მიმთავრდება. ამ ეტაპზე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ცოტა არ იყოს, არეული სიტუაციაა... ჩემპიონატში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "პერიგოს" ბიუჯეტში 430 000 ევროს ოდენობის გარღვევა აქვს და თუ ეს თანხა ვერ გაისტუმრეს, ელიტურ დივიზიონში დაბრუნება კი არა, შესაძლოა, გუნდი ფედერალ 3-ში დააქვეითონ. ასეთი პერსპექტივა კი ნამდვილად არ მხიბლავს.

ნაკრებში ასპარეზობის გამო თითქმის ორი თვეა, საფრანგეთში არ ვყოფილვარ და ამ ეტაპზე სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები არა მაქვს. დავბრუნდები და სიტუაციას ადგილზე გავარკვევ.

- საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მიმდინარე გათამაშება წარმატებით დაიწყო. ოთხივე შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა სპეციალისტები გარკვეულ ხარვეზებზეც საუბრობენ. თავად როგორ შეაფასებთ ეროვნული გუნდის თამაშს?
- ბელგიის ნაკრები ჩვენთვის სრულიად უცხო გუნდი იყო, არ ვიცოდით მათი შესაძლებლობები და თან, სათამაშოდ, ცოტა არ იყოს, "თავაწეულები" გავედით. ალბათ, ამის გამო იყო, რომ ბელგიასთან მოგება საკმაოდ გაგვიჭირდა. პორტუგალიის ნაკრებთანაც მძიმე თამაში გვქონდა და მხოლოდ ბოლო წუთებზე შევძელით მათი გატეხვა.

- თქვენთვის, ალბათ, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩი გამორჩეული იყო - ორი ლელო გაიტანეთ და ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ. თანაც, მეორე ლელო ძალიან ლამაზი გამოგივიდათ.
- პირველი ლელო მამუკა გორგოძის დამსახურება იყო; მე, უბრალოდ, ვალდებული ვიყავი, წარმატებით დამესრულებინა ეს შეტევა, რაც მოვახერხე კიდეც. მეორე ლელოს რაც შეეხება, ინდივიდუალური თვისებები დამეხმარა, შეტევა საკუთარ თავზე ავიღე და წარმატებითაც დავასრულე.

- როგორც ჩანს, სანაკრებო მატჩებს კარგ მზადყოფნაში შეხვდით...
- ცუდ ფორმაში მართლაც არა ვარ, ნაყოფიერი ვარჯიშები გვაქვს და ვგრძნობ, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია. მილტონ ჰეიგი თავიდან არ მათამაშებდა. ამის გამო ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ვიყავი და პორტუგალიასთან ორმაგი მონდომებით ვითამაშე. როგორც ჩანს, ზოგჯერ გაბრაზებაც საჭირო ყოფილა. ეს პორტუგალიელებთან მატჩში ძალიან დამეხმარა.

- რუსეთის ნაკრებთან მატჩში ტრავმა მიიღეთ და შესაცვლელი გახდით. ახლა რა მდგომარეობაში გაქვთ ფეხი?
- ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ესპანეთთანაც შემეძლო თამაში, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ და, იმედია, რუმინეთთან ვითამაშებ.

- ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი რუმინეთის ნაკრებია. თუ ნახეთ რუმინელების ბოლოდროინდელი თამაშები და რას იტყვით ჩვენს მომავალ მეტოქეზე?
- საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება ერთგვარი დერბია და წინ ძალიან რთული თამაში გველის. რუმინელების მიერ ჩატარებული მატჩების ვიდეოფირები ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ. წლეულს ჩვენსავით ოთხივე თამაში მოიგეს, თანაბარი ქულები გვაქვს და ეს დაპირისპირება ორივე ჩვენგანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია... თანაც, მსოფლიო თასზე წაგების გამო რუმინელებს რევანში სწყურიათ.

თუმცა ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს, მთელი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მოვემზადებით და ვეცდებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ.

- სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ჩემპიონატის მატჩზე დასწრებაც მოასწარით. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ეროვნულ პირველობაზე?
- მხოლოდ "აიასა" და "ლელოს" მატჩს დავესწარი. თითქმის ექვსი წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატისთვის თვალი არ მიდევნებია და ამ ერთი თამაშით რთულია დასკვნების გაკეთება. თანაც, შეხვედრა ისეთ ამინდში და ისეთ პირობებში ჩატარდა, რომ თამაშს ვერც გაარჩევდით. ამიტომ საქართველოს ჩემპიონატზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული