საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]

AutoSharing Option
"საწყის ათ წუთში ზუსტად ის თამაში ვაჩვენეთ, რაზეც გამუდმებით ვმუშაობთ. ყველაფერი გამოგვდიოდა და ლელოც გავიტანეთ.

ამის გამო, შეიძლება ითქვას, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით, მორაგბეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში. შედეგად, პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი საშინელება იყო",
- თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

საწყისი ათი წუთი მართლაც ფანტასტიკური იყო. "ბორჯღალოსნები" ისე გაისარჯნენ, ისე იოლად გამოსდიოდათ ფაზების აკინძვა, როგორც ამას ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე აკეთებენ. მერე კი კარგა ხნის განმავლობაში ყველაფერი აირია.

მართალია, მეტოქეს 22-მეტრიან ზონაში შესვლის საშუალება პირველად 30-ე წუთზე
მისცეს, მაგრამ ფაქტია - რაიმე ღირებულის შექმნას ვერც ჩვენი გუნდი ახერხებდა. ამის მიზეზი კი, უწინარესად, ტექნიკური წუნი იყო.

Sportall.Ge

იმ სტილს, რომლის დანერგვასაც მილტონ ჰეიგი ჩვენი ნაკრების თამაშში ცდილობს, მაღალტექნიკური და კარგი ფიზიკური გამძლეობის მორაგბეები სჭირდება. ეს იმ თამაშის სტილია, რომლითაც, ბოლოს და ბოლოს, ელიტის კარი უნდა შევაღოთ.

ჯერ ყველაფერი არ გამოდის, ტექნიკას დახვეწა უნდა, ფიზიკურ კონდიციებს გაუმჯობესება. სხვაგვარად ბობოლებთან ტოლ-სწორად პაექრობაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

Sportall.Ge

"ვფიქრობ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი აზრიან რაგბის თამაშს გვთავაზობს, მაგრამ მის ასათვისებლად დრო და ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო", - ეს სიტყვები ერთა თასის გათამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე პორტუგალიის ნაკრებთან მატჩის გმირმა, ორი ლელოს ავტორმა თედო ზიბზიბაძემ თქვა.

ძნელია, არ დაეთანხმო "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთ გამორჩეულ და გამოცდილ მოთამაშეს. სამუშაო მართლაც ბევრია, რადგან სწორედ არსებული ხარვეზები უშლის ხელს ჩვენს გუნდს, ყველა მეტოქეს დამაჯერებლად გაუსწორდეს. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ესე იგი, ახალი გუნდი შენდება.

პირველად
პორტუგალიასთან მატჩში ბევრი რამ მოხდა პირველად: "ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნა გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად გაიმარჯვა, პირველად წარსდგა ეროვნული ნაკრების კვართით ქართველი ქომაგების წინაშე 20 წლის თამაზ მჭედლიძე, მასზე ორი წლით უმცროსია ცხრა ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ვაჟა ხუციშვილი, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა თამაშის საშუალება არ მიეცა.

Sportall.Ge

და კიდევ, ერთა თასის გათამაშების მატჩს პირველად მოემსახურა ქართველ მსაჯთა ბრიგადა. თამაში, წესით, ფრანგებს უნდა ემსაჯათ, თუმცა უამინდობის გამო თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს და მატჩის კომისარმა ქართველ არბიტრებს გამოუცხადა ნდობა.

მთავარი მსაჯი გიორგი ამირხანაშვილი იყო, ასისტენტები კი პაატა ნარიმანიძე და ნოდარ რობიტაშვილი. ნანახიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათ ასეთ მაღალ დონეზე მომავალშიც უნდა იმსაჯონ.

პირველი ტაიმი
ბელგიასთან რთული მოგების შემდეგ, ცხადია, გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იყო და თამაშის დაწყებისთანავე "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს გაათკეცებული ენერგიით შეუტიეს. პირველი სამი წუთი კი სულაც უმაღლესი დონის რაგბის ნიმუში იყო.

ჩვენმა მორაგბეებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს, რომლის მიმართულებაც რამდენჯერმე შეიცვალა. მეტოქის დაცვის ხაზი გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა გაჭრა და 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. მას მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე წამოეშველა და კიდევ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. მერე შეტევა მარცხნივ, გრძელ ფრთაზე შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაჭრა. იქ წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ იერიში კიდევ უფრო მარცხნივ განაგრძო და ბურთი მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც ცრუ მანევრით ორი პორტუგალიელი უსაქმოდ დატოვა და ჩათვლის მოედანში შეაღწია.

Sportall.Ge

ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:0.

ამის მერე, როგორც ჩანს, ჩვენმა მორაგბეებმა ნელ-ნელა კონცენტრაცია დაკარგეს, რასაც ზედიზედ ორჯერ წაგებული საკუთარი დერეფანი მოჰყვა. "ლობუშებმა" მე-8 წუთზე ისე გაგვიტანეს ცენტრიდან საჯარიმო, რომ ჩვენი მოედნის ნახევარზე გადმოსულნიც არ იყვნენ. თავი ლუზიტანელების მგეზავმა პედრო ლეალმა გამოიჩინა - 3:7.

საქართველოს ნაკრები შეტევების ახალ სტილში ორგანიზებას განაგრძობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩათვლის მოედანს ისევ სახიფათოდ მივუახლოვდით, თუმცა, მაქსიმუმ, ჯარიმას გამოვრჩით. გუნდის კაპიტანმა კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქვე შერკინების მოთხოვნა და რეტდასხმული მოწინააღმდეგის საბოლოოდ დაჩაგვრაც შეიძლებოდა.

კვირიკაშვილმა საჯარიმო მოედნის კიდედან დაარტყა და ვერ გაიტანა. მანვე რამდენიმე წუთში კარის პირდაპირ 25 მეტრში დანიშნული საჯარიმოც ვერ გამოიყენა.

ამის შემდეგ დადგა ის საშინელი 20 წუთი, რომელიც მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე ახსენა. მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნებმა" დაცვაში შეძლეს მეტოქის განეიტრალება და ანგარიშის შეცვლის საშუალება არ მისცეს. 7:3 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი
შესვენების შემდეგ თამაშის დალაგება ისევ ვერ შევძელით. დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. დროის ამ მონაკვეთში კვირიკაშვილმა ერთი საჯარიმო გაიტანა, რაზეც მეტოქემ ორით უპასუხა და ანგარიშში სხვაობა 64-ე წუთისთვის მინიმუმამდე შემცირდა - 10:9.

პორტუგალიელებს ორ წუთში დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ პედრო ლეალმა ბურთი ხელსაყრელი პოზიციიდან კარის ძელს მოარტყა.

ჩვენი გუნდის კონტრიერიში კი ლელოთი დასრულდა. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში, დერეფანში ბურთი დიმიტრი ბასილაიამ სუფთად მოიგო. ჩვენმა მორაგბეებმა მოლი შეკრეს და ათიოდ მეტრი გაიარეს. მერე თამაში რაკში გადავიდა. იქიდან ბურთი ჯერ მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა აიტაცა და ოდნავ წინ წაიწია, მერე მას შეცვლაზე შესული პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი მიეხმარა, რომელსაც ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ აიტაცა და ყველასთვის მოულოდნელად, მარჯვნივ შეუტია. მისი შეჩერება პორტუგალიელებმა შეძლეს, მაგრამ გორგოძემ იქვე, ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი თედო ზიბზიბაძე შენიშნა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე შუამარბის პოზიციიდან გარემარბად გადაინაცვლა.

Sportall.Ge

თედოს ხელს აღარავინ უშლიდა. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 15:9.

პორტუგალიელებმა 76-ე წუთზე საჯარიმოთი კიდევ ერთხელ შეძლეს ანგარიშის შემცირება - 12:15, რაზეც ორ წუთში კვირიკაშვილმა საჯარიმოთივე უპასუხა. მატჩის ბოლო წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელო მიითვალეს.

დერეფანი ამჯერად პორტუგალიელთა ჩათვლის მოედნიდან 40 მეტრში მოვიგეთ, მოლის აგორება ვცადეთ, მაგრამ იქვე შეგვიჩერეს. მერე კვირიკაშვილმა ბურთი მარცხნივ, შუამარბ მერაბ შარიქაძეს გაუტანა, რომელმაც რამდენიმე მეტრი მოიგო, წარმოქმნილი რაკიდან ბეგაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეცვლაზე შესული მესამეხაზელი ბექა ბიწაძე მოძებნა, რომელმაც კიდევ უფრო მარჯვნივ ბურთი თედო ზიბზიბაძეს გაატანა.

თედომ 20 მეტრი ირბინა, გზად ორი მეტოქე ჩამოიცილა, მესამეს "თავზე გადაუარა" და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და თამაშიც დასრულდა - 25:12.

VideoSportall.Ge
საქართველო - პორტუგალია 25:12


ევროპის ერთა თასი. II ტური
09.02. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-პორტუგალია 25:12
საქართველო (15-9): ხმალაძე (ყიასაშვილი 79), მჭედლიძე (კაჭარავა 63), ზიბზიბაძე, შარიქაძე, მაჩხანელი, კვირიკაშვილი, ბეგაძე.
(1-8): ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 57), შალვა მამუკაშვილი (ბელქანია 57), ზირაქაშვილი (მირცხულავა 63), ჩხაიძე (მაისურაძე 48), მიქაუტაძე (ბიწაძე 63), სუთიაშვილი, გორგოძე, ბასილაია.

3ლ: ხმალაძე, ზიბზიბაძე (2). 2ს,2გ: კვირიკაშვილი.

პორტუგალია (15-9): კოშტა, ეშტევეში, ოლივეირა, მარი, ფორუ, ლეალი, მაგალიაეში (ლიმა 71).
(1-8): ალვეში (სეგურადო 48), კორეია, მურე (მარტინში 48), რეისი (ჟირაუ 63), გ. უვა, ვ.უვა (ბალანჟე 71), ბარდი, სევერინუ.

4ს: ლეალი.

მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი (საქართველო)

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დასაწყისში ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც წინა კვირაშიც ვვარჯიშობდით საწვრთნელ შეკრებაზე; მაგრამ მერე რა მოხდა, ამას დასხდომა და გაანალიზება სჭირდება.

უნდა ვეცადოთ, ასე თამაში უწყვეტად გაგრძელდეს. ამას დაუმატეთ მკაცრი სათამაშო დისციპლინა და სწორედ ამის მიღწევის შემდეგ შევძლებთ მაღალი დონის გუნდებთან გამარჯვებას.

Sportall.Ge

თედო ზიბზიბაძე ძალიან კარგი მოთამაშეა. მატჩის დასრულების შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ მივედი და შესანიშნავი თამაში მივულოცე. ის კარგად გაისარჯა, როგორც შუამარბის, ისე გარემარბის პოზიციაზეც.

ვფიქრობ, პირველ ხაზში რომ დავაყენო, იქაც ბრწყინვალედ გაართმევს საქმეს თავს"
.

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ბევრი შეცდომა დავუშვით. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს. გუნდი ნელ-ნელა იზრდება.

იდეალურად არაფერი ხდება, ბევრი შრომა გვჭირდება, რათა განვავითაროთ ის ტაქტიკა, რაც ნოემბრის ტესტებზე ფიჯისთან და იაპონიის ნაკრებთან მატჩებში ავირჩიეთ.

როგორც კაპიტანმა, გადავწყვიტე, რომ ხელსაყრელი პოზიციიდან ყველა საჯარიმო კარში დაგვერტყა. როცა გეძლევა ქულების დაგროვების საშუალება, ის უნდა გამოიყენო. არ მგონია, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე".


ეროლ ბრაიანი, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. გვინდოდა, თამაში გაგვეშალა და მესამე ზონიდან მორაგბეებს პირდაპირ დაერტყათ.

სამწუხაროდ, ჩემი მოთამაშეები ამას ვერ ახერხებდნენ, ისინი ცერად უტევდნენ და ქართველმა მორაგბეებმა შეძლეს მათი განეიტრალება".

პედრო ლეალი, პორტუგალიის ნაკრების მგეზავი:
"ბოლო ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვიმსახურებთ. პირველ ტურში რუმინეთის ნაკრებთან თამაში ისე მიდიოდა, რომ გამარჯვების შანსი ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა.

"სტეჟარიმ" ბოლო წუთებზე გვაჯობა. საქართველოს ნაკრები ხომ ფავორიტია, მაგრამ ამ მატჩშიც, ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო და თქვე
ნმა გუნდმა ბოლო წუთებზე უფრო უკეთ ითამაშა".

სხვა მატჩები
ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრებიდან გამოსარჩევია ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც ბრიუსელში შედგა და ფრედ, 21:21 დასრულდა.

მატჩის მსვლელობისას მასპინძლები ათი ქულის სხვაობით იგებდნენ - 18:8, თუმცა ესპანელებმა თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ანგარიშში დაწინაურება შეძლეს - 21:18.

"შავი ეშმაკების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დანებდნენ და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მეტიც, მათ მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ბელგიელთა ფულბეკმა და მთავარმა მექულემ ალან ვილიამსმა მატჩის დასკვნით ხუთ წუთში ორი საჯარიმო ვერ გაიტანა.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მატჩი ბუქარესტში, სადაც რუმინეთის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს სძლია - 29:14. არადა, რუსებმა პირველი ტაიმი 11:6 მოიგეს. მეორე ნახევარში "სტეჟარიმ" დაწინაურება შეძლო და მატჩის მიწურულამდე მხოლოდ ხუთი ქულით იგებდა - 19:14.

თამაშის დასრულებას ორ წუთი აკლდა, როცა შუამარბმა ფლორინ ვლაიკუმ ჯერ საჯარიმო გაიტანა - 22:14, მერე კი, მატჩის ბოლო წუთზე, მეტოქეს გადაცემა ჩაუჭრა და ლელო მიითვალა, რომელიც თვითონვე გარდასახა - 29:14. ვლაიკუმ გუნდს 24 ქულა შესძინა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8
2. საქართველო 2 2 0 0 +17 8
3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4
4. ბელგია 2 0 1 1 -4 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1

III ტური. 23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო...ერის უმამაცესი შვილები ხართ...მთელი სარაგბო ოჯახი!!!
glaxuna
15:20 11-02-2013
0

სიახლეები პოპულარული