ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი ისევ "ბორჯღალოსნებისაა"! [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის 2013 წლის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩი გამართა.

"ბორჯღალოსნებისა" და "სტეჟარის" დაძაბული შეხვედრა ფრედ 9:9 დასრულდა, რითაც საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა.

მატჩის მე-7 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა - 0:3.

თამაში დაძაბულად წარიმართა. 16-ე წუთზე ქართველი მორაგბეები შერკინებაში კარგად ვერ დადგნენ, რისთვისაც დაჯარიმდნენ. ჩვენი კარის წინ მყოფ ფლორიან ვლაიკუს გატანა არ გასჭირვებია - 3:3.

21-ე წუთზე ისევ
შერკინებაში დავჯარიმდით, ვლაიკუმ კი კვლავაც ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 6:3.

იგივე განმეორდა ორიოდე წუთის შემდეგ, თუმცა ამჯერად ვლაიკუმ მოედნის ცენტრიდან გატანა ვერ შეძლო.

ანგარიშის გათანაბრება 33 წუთზე შევძელით - "მეკომ" არცთუ ხელსაყრელი ადგილიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა - 6:6.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე რუმინელების შეტევას შედეგი არ მოჰყოლია.

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი თავის ნახევარზე, ქართველ მორაგბეთა სწრაფ შეტევას კი შერკინება მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი მასპინძელთა დაჯარიმებით დასრულდა.

მერაბ კვირიკაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა - 6:9.

შეხვედრის 52-ე წუთისთვის ჩვენი უხიერო მოგერიების შემდეგ, რუმინელებმა მძლავრად შემოგვიტიეს, საბოლოოდ კი ჯარიმას გამორჩნენ. ვლაიკუმ ამჯერად ზუსტად დაჰკრა და ანგარიშში წონასწორობა კვლავ აღადგინა - 9:9.

57-ე წუთისთვის მასპინძელთა მრავალფაზიან შეტევას საქართველოს ნაკრების კარში კიდევ ერთი ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვლაიკუმ ააცილა.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მსაჯმა მოედნიდან შალვა სუთიაშვილი გააძევა. დაახლოებით 53 მეტრიდან ვლაიკუმ ჯარიმა დაჰკრა, მაგრამ კვალავ არაზუსტად.

ერთ წუთში მსაჯმა უხეშად თამაშისთვის ვლაიკუც გაასინბინა, შედეგად მოედანზე მეტოქეები თანაბარი რაოდენობით დარჩნენ.

ფრე მილტონ ჰეიგის შეგირდებისთვის მისაღები შედეგი იყო, მასპინძლებს კი ქულა სჭირდებოდათ, თუმცა ქართველი მორაგბეები თამაშის გაკონტროლებას ახერხებდნენ და მეტოქეს მიზნის მიღწევის საშუალებას არ აძლევდნენ.

კულმინაცია მატჩის ბოლო წამებზე დანიშნული საჯარიმო გახდა. რუმინელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავიანთი ნახევრიდან, საქართველოს ნაკრების კარამდე 59 მეტრიდან, მარცხენა კიდიდან კი ოთხიოდე მეტრიდან, ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტეს, მაგრამ ბურთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და მსაჯის საფინალო სასტვენიც იქვე გაისმა.

საბოლოოდ ფრე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 2013 წლის ერთა თასის გამარჯვებულია! "ბორჯღალოსნებს" დარჩათ ანთიმოზ ივერიელის თასიც.

ევროპის 2013 წლის ერთა თასი. V ტური
16.03. რუმინეთი. ბუქარესტი. "ტრუმფალური თაღი"
რუმინეთი-საქართველო 9:9
რუმინეთი: 3ს ვლაიკუ
საქართველო: 3ს კვირიკაშვილი

რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. ადრიან აპსოტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან მატეი, 10. იონუც დიმოფტე, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. მარიუს სარბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი ურსაკე, 17. ევგენ კაპატანა, 18. ჰორაციო პუნეგა, 19. ალინ კოსტე, 20. ალექსანდრუ მიტუ, 21. კიპრიან კაპლესკუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნეასუ.
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი)

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

VideoSportall.Ge
რუმინეთი - საქართველო 9:9 (მიმოხილვა)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარია
lasha
20:07 16-03-2013
0
გენაცვალეთ
0

სიახლეები პოპულარული