![](https://sportall.ge/pictures/image5/1178039f901a3e2b54c2be4ba8eefd20.jpg)
ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩში სტუმრად, ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ფრედ ითამაშა - 9:9 და პირველობა არავის დაუთმო.
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
მასპინძლები ბრძოლისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი იყვნენ. "სტეჟარის" შანსი ჰქონდა, საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეეწყვიტა და ერთა თასს დაუფლებოდა.
ამას გარდა, გამარჯვებული "ანთიმოზ ივერიელის თასსაც" დაისაკუთრებდა და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებოდა.
ერთი სიტყვით,
გამარჯვებულს ყველაფერი, დამარცხებულს კი არაფერი რჩებოდა. ფრე ასეთ შემთხვევაში მასპინძლებისთვის ოდნავი ნუგეში იყო, რადგან მარცხს ყველა შემთხვევაში სჯობდა, თუმცა ორივე თასი საქართველოს ნაკრებს დარჩა.
![რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია! Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/102330838e56e3d5e94209ad0ba2818e.jpg)
თამაშის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საკმაოდ ფრთხილ კომენტარებს აკეთებდნენ. არც შემცდარან.
"მუხის ფოთლები" მოედანზე მოტივირებულნი და საბრძოლველად შემართულნი გამოვიდნენ, რაც დასაწყისშივე ჩვენი გუნდის მიერ ბურთის გათამაშებისას გამოჩნდა.
მათ აგრესიული დაცვის მეთოდს მიმართეს, რისი მეშვეობითაც ჩვენს მორაგბეებს მოქმედების არეალს უმცირებდნენ.
პირველი ათი წუთი ჩვენი ნაკრების იყო. "ბორჯღალოსნები" მეტოქისთვის თამაშის ახალი სტილის თავს მოხვევას ცდილობდნენ და მე-8 წუთზე საჯარიმოს გამორჩნენ. მოედნის ცენტრთან ახლოს მეტოქის შეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ შეაჩერა. მან პირველხაზელის, მიჰაიტა ლაზარის გადაცემა ჩაჭრა და კონტრიერიში წამოიწყო, თუმცა მალევე შებოჭეს. რაკში თამაშისას მასპინძლები დაჯარიმდნენ და ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში გახსნა - 3:0.
![რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია! Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/e8b4d045932ddfc6806e016dc2449cd2.jpg)
ახლა მარჯვენა ფრთაზე შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ მიაწვინა ორი რუმინელი, ისევ რაკი და ამჯერად ბურთი ისევ მარცხნივ წამოიღეს.
მეტოქის ხაზი შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაჭრა და შეტევაში პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი ჩართო.
ამან უფრო მარცხნივ მამუკა გორგოძე მოძებნა, რომელმაც ათიოდე მეტრით წინ წაიწია და ბურთი შუამარბ თედო ზიბზიბაძეს გაატანა.
ის რუმინელებმა ჩათვლის მოედნიდან სამ მეტრში შეაჩერეს. ცხადია, მორკინალებს იქვე, მოკლე დარტყმებითაც შეეძლოთ შეტევის გაგრძელება, მაგრამ ბეგაძემ ამჯერად ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გაუტანა, რომელმაც ფეხით კიდისკენ, ჩათვლის მოედანში გადაკიდა. მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ ოდნავ დააგვიანა.
ამის მერე რუმინელები ნელ-ნელა გააქტიურდნენ, თუმცა ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, "სტეჟარი" ისევ ძველებურად, აიღე-მიეძალეს მეთოდით ცდილობდა ფონს გასვლას.
მე-15 წუთიდან მოყოლებული, თამაშის ამ პრინციპმა რამდენჯერმე გაამართლა. მე-16 წუთზე ჩვენი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შერკინება დაინიშნა.
მასპინძლებმა შერკინება დაგვიტრიალეს და არბიტრმა საჯარიმო დანიშნა, რომლის გატანაც ხელსაყრელი პოზიციიდან შუამარბ ფლორინ ვლაიკუს არ გასჭირვებია - 3:3.
ექვს წუთში თითქმის ამავე ადგილას კიდევ ერთი შერკინება დაინიშნა, რომელშიც არბიტრმა საეჭვო ვითარებაში კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმა. ვლაიკუ ამჯერადაც ზუსტად გაისარჯა - 6:3.
ანგარიშის გასათანაბრებლად "ბორჯღალოსნებს" რვა წუთი დასჭირდათ. მარცხენა ფრთაზე რუმინელებმა შეცვლაზე შესულ შუამარბ დავით კაჭარავასთან ბრძოლაში წესი დაარღვიეს და კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო გაიტანა - 6:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ, საწყის ათ წუთში ისევ ჩვენი გუნდი დომინირებდა და 45-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმოთი საქართველოს ნაკრები ანაგრიშში წინ გაიყვანა - 9:6.
რუმინელთა დამრტყმელმა ვლაიკუმ გათანაბრება ათ წუთში შეძლო და დარჩენილ 25 წუთში გუნდებმა მონაგრის გაზრდა ვერაფრით შეძლეს.
მატჩის კულმინაცია ბოლო წუთზე დადგა. მასპინძლებმა მოედნის საკუთარ ნახევარზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. კარიდან 59 მეტრი იყო. დარტყმა ფულბეკმა კატალინ ფერკუმ ითავა, რადგან ვლაიკუ სინბინში იმყოფებოდა. ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია.
![რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია! Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/f4d836e8f9d308fd03d457a60ae9a5c4.jpg)
მსოფლიოს თასის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები 19 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და მეორე საფეხური უჭირავს სატურნირო ცხრილში რუმინეთის ნაკრებს.
დაწინაურებული დუეტი ხუთი ქულით უსწრებს რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ბოლო ტურში, სოჭში დებიუტანტი ბელგიის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 43:32.
"შავი ეშმაკები" ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან და მეორე წრეში დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.
ბელგიელების კონკურენტები ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან, რომლებმაც "იბერიულ დერბიში" სანტიაგო დე კომპოსტელაში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ეს მატჩი ფრედ - 9:9 დასრულდა.
ევროპის ერთა თასი. ბუქარესტი. ტრიუმფალური თაღი
რუმინეთი-საქართველო 9:9
რუმინეთი (15-9) ფერკუ, აპსოტოლი (ნიაკშუ 71), დესკალუ (გალი 47), ვლაიკუ, მატეი, დიმოფტე, სურუჯუ. (1-8) ლაზარი (პუნეგა 74), რადოი (კაპატინა 71), იონი (ა. ურსაკე 50), ურსაკე, სარბე (კოსტე 63), ლუკაჩი (მიტუ 76), მაკოვეი, კარპო.
3ს: ვლაიკუ.
სინბინი: ვლაიკუ.
საქართველო (15-9) ხმალაძე, მჭედლიძე, ზიბზიბაძე, შარიქაძე (კაჭარავა 19), მაჩხანელი, კვირიკაშვილი, ბეგაძე (ხუციშვილი 76). (1-8) კაკოვინი (ჟვანია 68), ბრეგვაძე (ნატრიაშვილი 49), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 49), ჩხაიძე (დათუნაშვილი 50), მიქაუტაძე (სუთიაშვილი 54), კოლელიშვილი, გორგოძე, ბასილაია.
3ს: კვირიკაშვილი
სინბინი: სუთიაშვილი.
მსაჯი: იან დევისი (უელსი)
Video![რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია! Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http:/video.ambebi.ge/files/2013/03-16/ragbi-tasiqtp.jpg)
რუმინეთი - საქართველო 9:9 (მიმოხილვა)
![რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია! Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http:/video.ambebi.ge/files/2013/03-16/ragbi-tasiqtp.jpg)
რუმინეთი - საქართველო 9:9 (მიმოხილვა)
V ტური
ესპანეთი-პორტუგალია 9:9
რუსეთი-ბელგია 43:32
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 5 4 1 +74 0 1 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 1 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 2 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 1 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 3 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 1 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
საქარტველოში ერტადერტნი ხარტ, ვინც გვახარებს და გვაამაყებს! გაიხარეტ და გამრავლდიტ ჯიშში!