საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია

AutoSharing Option
ფოტო
"თბილისის თასის" პირველი გათამაშების ცერემონიალი ისეთი არ გამოდგა, როგორიც ჩაფიქრებული იყო. ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული და, ამიტომ, შეჯიბრების ცეკვა-თამაშით დაწყება არ გამოვიდა.

"ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შეკრებილ გულშემატკივრებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა მიმართა.

"როგორც იქნა ვეღირსეთ თბილისში საერთაშორისო ტურნირის გამართვას. სამწუხარო ამბავი მოვიდა ავღანეთიდან.ს ამიტომ, ის პროგრამა, რომელიც გახსნის ცერემონიალისთვის გვქონდა შემუშავებული ჩაიშალა. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო 11 წამყვანი მოთამაშე აკლია. თუმცა გარწმუნებთ, მაინც
შესანიშნავი სანახაობის მომსწრე იქნებით. ეს ტურნირი გუნდების განვითარებისთვის ტარდება და საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალბედა მორაგბე გამოიცდება" - თქვა გიორგი ნიჟარაძემ.

მარკ იგანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირს გაწეული საქმიანობისთვის, ასევე სტადიონზე მისულ გულშემატკივრებსაც, იმისთვის, რომ ერთგულად ქომაგობენ "ბორჯღალოსნებს".

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოსა და მზარდი ირლანდიის ნაკრებების თამაშის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომრებს. მატჩი კი, სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ჩვენი გუნდი დიდი ხნის მანძილზე, დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში ვერაფრით ახერხებდა მეტოქის კედელივით დაცვის გარღვევას და 22-მეტრიან ზონას ვერ მიუახლოვდა. ლელოს გატანის შანსი არც მეტოქეს ჰქონია, თუმცა მეტწილად ბურთს სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ.

ჩვენი გუნდის შერკინება პირველ ტაიმში ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა სტატიკურ მდგომარეობაში ბურთი სწრაფად არ გამოდიოდა, რაც შეტევას აფერხებდა. სუფთად ვითამაშეთ დერეფანში. უკანა ხაზი ხელდახელ ბურთაობით იერიშის განვითარებას ხშირად ცდილობდა და დაცვაშიც შესანიშნავად ირჯებოდა.

ერთი, ყველაზე დიდი ნაკლი, რამაც საბოლოოდ ეს მატჩი წაგვაგებინა, თამაშის წესის ხშირი დარღვევა იყო. ირლანდიელებს ანგარიშის გახსნა საჯარიმოთი მე-5 წუთზე შეეძლოთ, თუმცა კარში არ დაარტყეს და ბურთი აუტში გადაიტანეს. ამისგან არაფერი გამოვიდა. ხუთ წუთში ჩვენი მორაგბეები ისევ დაჯარიმდნენ და, ამჯერად, "სამყურებმა" კარში დარტყმა იკადრეს. მგეზავმა იენ ქითლიმ ანგარიში გახსნა - 3:0.

"ბორჯღალოსნებს" სამ წუთში შეეძლოთ თანაფარდობის აღდგენა, მაგრამ ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ ათ წუთში ქითლმა ისევ არ გაუშვა შანსი ხელიდან და სტუმრები ექვსი ქულით დააწინაურა - 6:0. ჩვენი გუნდის საპასუხო შეტევა ირლანდიელბმაც წესის დარღვევით შეაჩრეს და წიკლაურმა ანგარიშის სამი ქულით შემცირება შეძლო - 3:6.

საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა თამაშის აწყობა შეძლო და 35-ე წუთზე შუამარბმა დავით კაჭარავამ მეტოქის ხაზი გაჭრა, 22-მეტრიან ზონაში შეაღწია და შებოჭეს. რაკში თამაშისას ირლანდიელები დაჯარიმდნენ.

მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფანი სუფთად მოვიგეთ, მოლი შევკარით, თუმცა ვერ დავძარით და თამაში ისევ რაკში გადავიდა. ირლანდიელები ამჯერადაც დაჯარიმდნენ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში შერკინება მოითხოვეს. მძლავრი მიწოლის შედეგად მეტოქეს უკან დავახევინეთ, ბურთი მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ აიტაცა და ლელოში გადადო, წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმიც დამთავრდა - 10:6.

შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმის საწყის წუთებში ისევ ირლანდიელებმა გაილაღეს. 43-ე წუთზე მათ ლელოს გატანა მოახერხეს. "სამყურებმა" დერეფნიდან მოლი შეკრეს, აგორება სცადეს, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" ჩაუშალეს. თამაში რაკში გადავიდა.

სტუმრებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და მერე მარჯვნივ სცადეს ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის გაჭრა. გარემარბმა თირნან ოჰალორანმა წინ წაიწია. ისევ რაკი და სტუმრებმა იერიშის მიმართულება სწრაფად შეცვალეს. ჩვენმა მორაგბეებმა მარცხენა გრძელ ფრთაზე ფულბეკის, დევიდ ქარნის შეჩერება ვეღარ შეძლეს. მის მიერ გატანილი ლელო ქითლიმ ვერ გარდასახა - 11:10.

სამ წუთში წიკლაურს შანსი მიეცა საჯარიმოთი ისევ დაეწინაურებინა საქართველოს ნაკრები, მაგრამ კარის პირდაპირ, 25 მეტრიდან ვერ გაიტანა. შვიდ წუთში მეტოქის შეცდომა ქითლიმ არ გაიმეორა და ბევრად უფრო რთული პოზიციიდან თავისიანები ოთხი ქულით დააწინაურა - 14:10.

58-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და ანგარიშში კვლავ დაწინაურდნენ. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 24 მეტრში ჩვენმა მორაგბეებმა დერეფანი სუფთად მოიგეს.

ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ ლაშა მალაღურაძეს გადააწოდა, რომელიც მოწინააღმდეგის ორ მცველს ხელიდან დაუსხლტა და 22-მეტრიან ზონაში შეიჭრა. მან დროულად შენიშნა კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდესთან მარტოდ დარჩენილი გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ბურთი მოსხეპით გადააწოდა. მჭედლიძემ ლელომდე სამი მოწინააღმდეგის ჩამოცილება შეძლო. სამწუხაროდ წიკლაურმა ვერ გარდასახა - 15:14.

ანგარიშში ეს მინიმალური სხვაობა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 77-ე წუთამდე შენარჩუნდა. დასკვნით ათ წუთში ირლანდიელები სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, შერკინებაშიც უფრო მძლავრად გამოიყურებოდნენ და ჩვენს გუნდს შეტევის ორგანიზების საშუალებას არ აძლევდნენ. ამაში, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხელს ქარიც უწყობდათ. ერთი სიტყვით, შექმნილი მდგომარეობა სტუმრებმა კარგად გამოიყენეს, 77-ე და 79-ე წუთებზე ქითლიმ ორი საჯარიმო გაიტანა (სულ კი ხუთი მიითვალა) და მზრად ირლანდიას გამარჯვება მოუტანა - 20:15.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ახალგაზდა შუამარბი მერაბ შარიქაძე აღიარეს.

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"არ მიმაჩნია, რომ დაცვაში მიღებული ჯარიმები ჩვენი სუსტი წერტილია. ერთა თასის გათამაშებაში მატჩში საშუალოდ 10-12 ჯარიმას ვიღებდით, რაც დიდი ციფრი სულაც არ არის. ამ მატჩშიც, არ მინდა მსაჯი გავაკრიტიკო, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაენიშნა საჯარიმო, თუმცა პირიქით მოიქცა.

შერკინებამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. ლელოც სწორედ მორკინალების ძალისხმევით გავიტანეთ. პრობლემები მეორე ტაიმის მიწურულს შეგვექმნა, თუმცა საერთო ჯამში შერკინების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.

ვერაფერს დავუწუნებ უკანა ხაზს. მგეზავ ლაშა მალაღურაძეს რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა შესანიშნავი. მეორე ლელოც მისი გარღვევის შემდეგ გავიტანეთ. მთლიანად უკანა ხაზი იყო კარგი. ხშირად გინახავთ, როცა ქართველი უკანახაზელები ამდენს ბურთაობდნენ ხელდახელ? ვფიქრობ, რომ ვვითარდებით და ეს მატჩი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ"

იარკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"მარცხის მიზეზი ის სამი-ოთხი საჯარიმოა, რომელიც თამაშის მიწურულს ავიღეთ. მატჩის ბედი სწორედ ამ შემთხვევამ გადაწყვიტა. უკმაყოფილო არ ვარ. ვფიქრობ, თამაში გამოგვივიდა.
მინდა საქართველოს ნაკრების სახელით მივუსამძიმრო იმ ქართველი მეომრების ოჯახებს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ"

ალენ კლარკი, მზარდი ირლანდიის მწვრთნელი:
"თამაში ისე განვითარდა, როგორც ველოდით. საქართველოს ნაკრებმა ძალისმიერი რაგბი შემოგვთავაზა. თუმცა მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მარტო შერკინებაზე არ გააკეთა აქცენტი. თამაშს ხშირად შლიდნენ და ფლანგებსაც კარგად იყენებდნენ.

მინდა შევაქო ჩემი გუნდიც. საწვრთნელი შეკრების შემდეგ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო. ნაკრებში ბევრი გვყავს ისეთი მორაგბეები, რომლებმაც საერთაშორისო მატჩში სულაც პირველად ითამაშეს. მიხარია, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს და დავალებას კარგად გაართვეს თავი.

ფავორიტის დასახელება ძალიან მიჭირს. მართალია, ჩვენ და სამხრეთი აფრიკამ მოგებით დავიწყეთ, მაგრამ, ვფიქრობ, მასპინძლები იპოვნიან საკუთარ თამაშს და საბოლოოდ ყველაფერს, ალაბათ, პრემიალური ქულები გადაწყვეტს.

გადამწყვეტი ბოლო 10-15 წუთი გამოდგა. ჩვენ შევძელით და მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ. შედეგად, რამდენიმე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოვიპოვეთ და ამან მოგვაგებინა"


საქართველო-ირლანდია 15:20
საქართველო (15-9) წიკლაური, მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე (ზიბზიბაძე 74), მჭედლიძე, მალაღურაძე, ბეგაძე. (1-8) მირცხულავა (ჩილაჩავა 79), ბელქანია (ს. მაისურაძე 68), ჩილაჩავა (თეთრაშვილი 60), ვ. მაისურაძე (ნემსაძე 68), მიქაუტაძე (ბერიშვილი 75), სუთიაშვილი, კოლელიშვილი, ჩხაიძე.
2ლ: ჩხაიძე, მჭედლიძე. ს,გ: წიკლაური
სინბინი: ნემსაძე
ირლანდია (15-9) ქარნი, მორისი, გრიფინი (მაქენი 67), ალენი (რიდი 49), ოჰალორანი, ქითლი, ჰინი (ლუნი 53). (1-8) მაკგრასი, ჰერინგი (ენეთი 72), ბენტი (ლუთონი 80), სტივენსონი (ნეგლი 41), ფოლი, რადოქი, რაიანი (მერფი 67), დაიკი.
ლ: ქარნი. 5ს: ქითლი.
მსაჯი: ნიკ ბრაიანთი (ახალი ზელანდია).

სამხრეთი აფრიკა-ურუგვაი 37:9
სამხრეთი აფრიკა (15-9) იანსენი (ფან ვეიკი 60), ლოუ, ვატერმეიერი (სპეკმანი 65), ენგელბერხტი, პრეტორიუსი, კროი, ნიოკა (ლაქი 70). (1-8) მხაფუ, კონტანტი (ჰერნი 60), დრეიერი (ესპაი 63), სნეიმანი (ფან დერ ვალტი 67), მიტანდა, ბოუელი, კასიმი, ბოთმა (შაბანგუ 60).
6ლ: ბოთმა, კასიმი (2), ენგელბერხტი, ლოუ, მხაფუ. 2გ,ს: კროი.
ურუგვაი (15-9) ეჩევერი, ვუენო (კორე 58, ალვენელი 63), პრადა, რომანი, ლეივასი, დელ კასტიჯო, დურანი. (1-8) დე მულა (კორალი 48), ავალო (კლაპენვახი 48), საგარიო (ივარვურუ 63), ესპიგა, ლამანა, დე ფრეიტასი (ტასისტრო 63), ვასკოუ, გამინარა.
2ს,ა: ეჩევერი.
მსაკი: პეტერ ფითსგიბონი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სამ.აფრიკა 1 1 0 0 +28 5
2. ირლანდია 1 1 0 0 +5 4
3. საქართველო 1 0 0 1 -5 1
4. ურუგვაი 1 0 0 1 -28 0

11 ივნისი
II ტური
საქართველო-ურუგვაი
სამხრეთი აფრიკა-ირლანდია

16 ივნისი
III ტური
საქართველო-სამხრეთი აფრიკა
ურუგვაი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამირხანა "მომიკითხეთ"
ავოეე
16:54 09-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული