ბორჯღალოსნები შეტევისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს, კანადის ეროვნულ გუნდთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსენები", როგორც უკვე ვწერდით, დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ვარჯიშობენ.

სარაგბო კომპლექსს ეროვნული ნაკრები ორი ავტობუსით მოადგა. რიჩი დიქსონმა და კომპანიამ შეკრებაზე 42 მორაგბეს უხმო. ამათგან უმრავლესობა საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერია.

ცხადია, კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან თამაში ყველას არ მოუწევს, თუმცა მწვრთნელთა ახალი შტაბისა და ნაკრებში ახალი მოთხოვნების გაცნობა ყველასთვის აუცილებელია.

ათწუთიანი მოთელვა მორაგბეებმა ფიზმომზადების მწვრთნელის მარკ დიქსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. მერე კი დაცვის მწვრთნელის, ჯონ მაგლტონის განკარგულებაში გადავიდნენ. ავსტრალიელმა სპეციალისტმა
მოთამაშეთა ჯგუფი ორად გაჰყო და რაკის წარმოქმნისას მეტოქის გადაყრაში, ანუ რაკის გასუფთავებაში ავარჯიშა.

ამის შემდეგ, პირობითად ძირითადმა შემადგენლობამ სტატიკური მდგომარეობიდან - დერეფნიდან შეტევაში გადასვლაზე ივარჯიშა და მოწინააღმდეგის კონტრიერიშისას, დაცვაში გადაწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.

შეტევაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მორაგბეები ისევ მაგლტონმა ჩაიბარა და ისევ რაკის გასუფთავებაზე ამუშავეა. ცნობილია, რომ კანადელთა ძლიერი მხარე, სწორედ რაკში სუფთა და სწრაფი თამაშია. აკი, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსანთა" ირალანდიელმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ აღნიშნა: "კანადასთან მოგება თუ გვინდა, სწორედ ამ კომპონენტში უნდა ვაჯობოთო."

რაკში ვარჯიშის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" ისევ დერეფნიდან შეტევაზე ივარჯიშეს და ღია, ხელდახელ, მრავალფაზიან თამაშს მოლის აგორებაც მოუნაცვლეს.

მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, ცხადია, ვარჯიშისას მოდანზე იმყოფებოდა, თუმცა წვრთნას ძირითადად მისი ასისტენტები ხელმძღვანელობდნენ, დიქსონი კი თვალყურს ადევნებდა.
ვარჯიშის მიმდინარეობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კანადასთან ასეთი უნდა იყოს:

15. მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო), 14. ბესიკ ხამაშურიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-აია), 12. თედო ზიბზიბაძე (პერიგო), 11. ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), 10. ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), 9. ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). 1. დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), 2. აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. შალვა სუთიაშვილი (მასი), 5. ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), 6. გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), 7. გია ლაბაძე (ლა სეინი), 8. ბესო უდესიანი (მაკონი).
შეგახსენბთ, რომ ტრავმის გამო ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო მეორეხაზელმა ილია ზედგინიძემ (სენ რაფაელი), ხოლო მესამეხზაზელი მამუკა გორგოძე (მონპელიე) დისკვალიფიცირებულია.

ამასობაში, ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ემზადება კანადის ნაკრებიც, რომელიც თბილისში ასეთი შემადგენლობით გვეწვია:
შერკინება: კევინ ტკაჩუკი, ენდრიუ ტიდმანი, ჯებ სინკლერი, პეტ რიორდანი, დენ პლეტჩი, ჯონ ფელანი, ჩონსი ოტოოლე, ჯეისონ მარშალი, ადამ კლიბერგერი, ჯოშ ჯექსონი, ტაილერ ჰოთსონი, ტომ დოლეზელი, აარონ კარპენტერი
უკანა ხაზი: ნიკ ბევინსი, კირან ჰერნი, მეთ ევანსი, ჯიმი მაკკენზი, ფილ მაკკენზი, ჯასტინ კოკერი, ანდერ მონრო, ტეილორ პარისი, ჯეიმზ პრიტჩარდი, შონ სტივენი, ფან დერ მერვე, შონ ვაითი.

კანადელთა შორის ყველაზე გამოცდილი "გლაზგო ვორიორზის" შერკინების ბურჯი კევინ ტკაჩუკია, რომელმაც აქამდე ეროვნულ გუნდში 53 კეპი მოიხვეჭა. 33-33 კეპი აქვთ მგეზავ ჯეიმზ პრიტჩარდს და შერკინების კვაჭ პეტ რიორდანს. გუნდის 26-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტიცაა.

შეგახსნებთ, რომ "ბორჯღალოსნები" კანადის ნაკრებს შაბათს, ეროვნულ სტადიონზე 14 საათზე დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული