შაბათს ეროვნული სტადიონი უნდა გაივსოს!

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში "ნატახტარი კასრის" რაგბის ქომაგთა კლუბისა და სამინისტორს ერთობლივი პრესკონფერნცია გაიმართა. რაგბის ქომაგთა კლუბის, სამისნიტროს, ქართული სპორტის ქომაგთა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლების სასაუბრო თემა იყო საქართველოს ნაკრების 20 და 27 ნოემბერს თბილისში გასამართ ტესტ-მატჩებზე მხარდაჭერა.

ნიკა რამიშვილი, რაგბის ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი:
"საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი. კანადისა და აშშ-ს ნაკრებები მსოფლიო რეიტინგში ჩვენს გუნდზე წინ არიან და თამაში ძალიან მძიმე, დაძაბული იქნება. ახლა "ბორჯღალოსენბს", როგორც არასდროს, ისე ჭირდებათ მხარდაჭერა.

მოვუწოდოთ ყველა
ქომაგს და არა მარტო მათ, ყველას, მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, მივიდეთ შაბათს ეროვნულ სტადიონზე, მხარი დავუჭიროთ ნაკრებს და დავეხმაროთ გამარჯვებაში.
შაბათს ეროვნული სტადიონი უნდა გაივსოს. ორივე მეტოქე, კანადაც და აშშ-ც უნდა დავამარცხოთ და რეიტინგში გავუსწროთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ქვეყანას ესტუმრებიან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) ხელმძღვანელები, რომლებსაც უნდა დავანახოთ, რომ საქართველო სარაგბო ქვეყანაა."

ამირან ურუშაძე, ქართული სპორტის ქომაგების გამგეობის წევრი:
"ქართული სპორტის ქომაგები, როგორც ყველა სახეობის ეროვნულ ნაკრებს, ისე "ბორჯღალოსნებსაც" აქტიურად დავუჭერთ მხარს. შაბათს 10 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით. 11 საათიდან კი ავტომობილებით ქალაქის ქუჩებში ვიწყებთ მსვლელობას, რათა ყველას გავაგებინოთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იმ დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს სათამაშო და მოვუწოდებთ ეროვნულ სტადიონზე მოვიდნენ საქომაგოდ. ვეცდებით ერთგვარი საზეიმო განწყობა შევქმნათ.

12 საათზე რკინიგზის სადგურთან შევიკრიბებით და იქიდან ერთად გავემართებით სტადიონისკენ. ქართული სპორტის ქომაგები ტრადიციულად 30-ე სექტორში შევიკრიბებით და ჩვენი ბიჭების გამხნევებას ჯერ კიდევ მოთელვისას დავიწყებთ. საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში, მორაგბეებთან, მწვრთნელებთან და გუნდის ექიმებთან ერთად წვლილი ქომაგებმაც უნდა შეიტანონ."

დავით ნამგალაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე:
"ვუერთდები ქომაგთა ორგანიზაციების მოწოდებას, მივიდეთ ეროვნულ სტადიონზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენ შესანიშნავ ნაკრებს. "ბორჯღალოსნებს" პრინციპული მეტოქეები ჰყავს. ორივესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. შარშან "ჩერჩილის თასზე" კანადისა და აშშ-ს ნაკრებეთან წაგება "ცუდად გვახსოვს" ჩვენც და ნაკრების მოთამაშეებსაც. ამიტომ, ახლა რევანში გვაქვს ასაღები, რაც სშუალებას მოგვცემს, მსოფლიო რეიტინგში ორივეს გავასწროთ.

იმედი მაქვს, შაბათს ეროვნული სტადიონი მართლაც აივსება და ქომაგების მატჩისწინა საზეიმო განწყობა თამაშის შემდეგაც შენარჩუნდება. კარგი იქნება, თუ გამარჯვების შემთხვევაში საზეიმო მსვლელობას მოვაწყობთ."

ზურაბ გაჩეჩილაძე, თბილისის საკრებულოს წევრი:
"რაგბი შეიძლება არ გესმოდეს, მაგრამ ეროვნულ სტადიონზე რომ შენი ეროვნული გუნდი თამაშობს, შინ გულმა როგორ უნდა გაგიძლოს? თბილისის საკრებულოს მთელი შემადგენლობა ისე ვართ დამუხტული მომავალი თამაშის მოლოდინში, რომ უკლებლივ ყველა მივდივართ საქომაგოდ. კარგი იქნება, თუ ეს მუხტი ხალხსაც გადაედება და ნაკრებს მეტოქის დამარცხებაში დავეხმარებით".

ნიაზ მამრიკიშვილი, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე:
"ძალიან სასიამოვნოა, როცა ქომაგების ასეთ აქტიურობას ვხედავთ. ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა რაოდენობის მაყურებელი დაესწრება თამაშს. თუ ელიტარულ ქვეყნებს არ ჩავთვლით, ჩვენ ამ მხრივ ლიდერები ვართ. ერთხელ ნაკრების თამაშზე 60 ათასი მაყურებელიც კი მოვიდა, თუმცა ის მატჩი რუსეთის ნაკრებთან იყო.

გარწმუნებთ, კანადა და აშშ-ც არანაკლებ საინტერესო, ძლიერი გუნდები არიან. კანადა მსოფლიო თასის ყველა გათამაშების მონაწილეა, რაც თავსითავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან გვაქვს საქმე. ბოლო დროს სერიოზულად მოღონიერდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც. იმედია, მოწოდება "ეროვნული უნდა გაივსოს" შესრულდება და ლამაზ სარაგბო სპექტაკლს ვიხილავთ."






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული