ბორჯღალოსნები - ბოლომდე, ჟინით და თავდადებით

AutoSharing Option
ამერიკელმა "არწივებმა" მართლაც საუცხოოდ ირაგბეს. კარგად ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ზედმიწევნით, დეტალებში ჰქონდათ შესწავლილი, მაგრამ "ბორჯღალოსენბის" ჩვეულ ჟინიან, ბოლომდე თავდედბულ ბრძოლსა ვეღარაფერი დაუპირისპირეს. ჩვენმა მორაგბეებმა მატჩის ბოლო წამებამდე გვარიანად კი გვანერვიულეს, მაგრამ წლევანდელი წარმატებული სეზონი უმძიმეს, ნაღდ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით დაასრულეს - 19:17.

ცხადია, ჩვენი გუნდის თამაშში ბლომად იყო შეცდომები. სწორედ ამ შეცდომების შდეგად ამერიკელები 43-წუთის განმავლობაში წინ იყვნენ და გამარჯვებამდეც აღარაფერი აკლდათ. შეცდომებს, ზოგადად გუნდის ცუდად თუ უკეთ თამაშს, ცხადია, ობიექტური და სუბიქტური მიზეზები გააჩნია. მთავარია, ეს მიზეზები
დროულად შენიშნო და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ზომები მიიღო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა ეს მოახერხა. ცვლილებები გუნდის შემადგენლობაში დროულად განახორციელა, რის შემდეგაც "ბორჯღალოსნების" თამაში უფრო ცოცხალი, აგრსიული გახდა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ევროპაში ერთი თევის წინ ჩამოვიდა და სანამ თბილისში გვეწვეოდა სამი მატჩი გამართა. თუ "არწივების" მთავარ მწვრთნელს ვენდობით, თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით გვეწვივნენ.

საქართველოს ნაკრებში კი რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო. "ბორჯღალოსნები" ორი კვირის წინათ შეიკრიბნენ და კანადის ნაკრებთან საკმაოდ მძიმე თამში ჰქონდათ. გუნდს ტრავმირებულ ილია ზედგინიძესა და დისკვალიფიცირებულ მამუკა გორგოძესთან ერთად "ნეკერჩხლის" ფოთლებთან მატჩში დაშავებულები მალხაზ ურჯუკაშვილი და გია ლაბაძეც დააკლდა.

ამასთან, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გადაწყვიტა, თავის გამოჩენის საშუალება სხვა პირევლხაზელებისთვისაც მიეცა. გუნდის ლიდერი და ძირითადი მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილი თადარიგში გადაიყვანა, მისი პოზოცია კი ფრანგული "ტულონის" ბურჯ დავით ქუბრიაშვილს ანდო. მარცხენა ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა, მის ნაცვლად გოდერძი შველიძემ ითამაშა.

ცვლილება განხორციელდა მესამე ხაზშიც. ლაბაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ადგილი სიმონ მაისურაძეს ერგო. ფულბეკად კი "მახოს" ნაცვლად ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ითამაშა.

მატჩი ბორჯღალოსენბის აქტიურობით დაიწყო. ამერიკელები 17 წუთის განმავლობაში მოედნის საკუთარ ნახევარზე იყვენენ ჩაკეტიელბი და შეტევის ორგანიზებას ვერაფრით ახერხებდნენ. ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მალევე, მესამე წუთზე გახსნა. მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ საჯრიმო 40 მეტრიდან გაიტანა - 3:0.

ჩვენი გუნდის შეტევებს სიმწვავე არც ამის მერე მოჰკლებია, მაგრამ ამერიკელთა დაცვა შეუვალ კედელად იდგა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა უკანახაზელებმა ორჯერ მაინც შეძლეს ხაზის გაჭრა. ჯერ ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, მას პირველხაზელი გოდერძი შველიძე მიჰყვა, მაგრამ "ანტილოპას" გადაცემა ოდნავ ძლიერად მოუვიდა და "ობიმ" ბურთი ვერ შეინარჩუნა. მერე იმავე ხამაშურიძის მონაწილეობით მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან კომბინაცია "ორმაგი ჯვარი" გაითამაშეს და ამერიკელთა ხაზი გარემარბმა ლექსო გუგავამ გაჭრა. სამწუხაროდ, ლოგიკური გაგრძელება არც ამ შეტევას მოჰყვა.

როგორც უკვე ვთქვით, ამერიკელები მოედნის ჩვენ ნახევარზე მე-17 წუთზე გადმოვიდნენ და საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. "არწივების" მგეზავმა ნესე მალიფამ ვერ იყოჩაღა - ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

სამგიეროდ რვა წუთში მეტოქის კარი ზუსტად დალაშქრა მალაღურაძემ და ანგარიში 6:0 გახდა. "ბორჯღალოსანთა" უპირატესობა ნელ-ნელა იზრდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გარემარბი ლექსო გუგავა ამერიკელთა მეორეხაზელმა ჰეიდენ სმითმა აკრძალული ხერხით შეაჩერა და არბიტრმა სინბინში გაუშვა. საჯარიმო ლელოდან 35 მეტრში დაინიშნა. შეიძლებოდა კარში დარტყმა, ან თუნდაც ბურთის აუტში გადატანა, მაგრამ ჩვენმა მორაგბეებმა უცანური გადაწყვეტილება მიიღეს და საჯარიმო დარტყმის ნაცვლად შერკინება მოითხოვეს. აქ მეტოქეს ორიოდ მეტრი კი დაახევინეს, მაგრამ მერე ბურთი ხაზზე უხეიროდ გაიტანეს და შეტევა ჩაიშალა.

ამ ეპიზოდიდან მოყოლებული ამერიკელები ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლნენ. ყველაფერთან ერთად, "ბორჯღალოსნებმა" რამდენჯერმე დერეფანშიც ცუდად ააგდეს ბურთი, რითაც მეტოქეს შეტევების ორგანიზების მეტი საშუალება მისცეს. გუნდი აირია და შესვნებამდე ვერაფრით დალაგდა.

ამერიკელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება 31-ე წუთზე მოახერხეს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბესო უდესიანმა ბურთი ჩვენს ოცდაორმეტრიან ზონაში დანიშნული შერკინებიდან აიტაცა და მარჯვენა, მოკლე ფრთაზე შეუტია. მეტოქემ მისი შეჩერება და გვერდითი ხაზის მიღმა გადაყვანა შეძლო. ამერიკელებმა აუტიდან ბურთი სწრაფად შემოიტანეს და მარჯვნივ გრძელ ფრთაზე ხაზზე ბოლომდე ჩაათამაშეს. "ბორჯღალოსნებმა" დაცვის გადაწყობა ვეღარ მოასწრეს და შუამარბმა პაულ ემერიკმა ლელო ალამთან გაგვიტანა. მალიფამ ვერ გარდასახა - 5:6.

ტაიმის დასრულებამდე ამერიკელებმა კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ. 37-ე წუთზე მალიფამ საჯარიმოთი წინ გაიყვანა თავისიანები. პირველი ნახევრის მიწურულს კი არეკნით ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. 11:6-ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენებისას დიქსონმა სამი ცვლიელბა განახორციელა. თამაშში პირველხაზელები დავით ზირაქაშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი ჩაერთნენ, შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე კი დავით კაჭარავამ შეცვალა. მათ თამაშში მეტი დინამიკა და აგრესია შეიტანეს.

მეორე ტაიმის დასაწყისი ისევ ჩვენი მორაგბეების აქტიურობით აღინიშნა და მალაღურაძემ მალევე საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 9:11. სტუმრებმა თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლეს, მაღალი დაკიდებული ბურთი ჩვენმა მორაგბეებმა ვერ დაიჭირეს და ისევ ამერიკელების ნადავლი გახდა. "არწივები" სწრაფ ტემპში, იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით ცდილობდნენ "ბორჯღალოსნების" ხაზის გაჭრას, თუმცა მაქსიმუმ რასაც აღწევდნენ, საჯარიმო დარტყმის უფლების მოპოვება იყო. მალიფამ 49-ე წუთზე სწორედ საჯარიმოდან აღადგინა ხუთქულიანი უპირატესობა - 14:9.

მალე მასვე შეეძლო კიდევ უფრო დეწინაურებინა თავისიანები, მაგრამ, ისევე როგორც პირველ ტაიმში, ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა. დიქსონმა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მგეზავ ლაშა მალაღურაძის ნაცვლად მოედანზე მერაბ კვირიკაშვილი შეუშვა.

"მეკომ" უკანა ხაზის თამაში უფრო აქტიური, საინტერესო გახადა. 59-ე წუთზე მან საჯარიმო 48 მეტრიდან გაიტანა და სხვაობა ისევ ორამდე შეამცირა - 12:14. სამწუხაროდ, ამერიკელებმა მომდევნო შეტევისასვე შეძლეს კიდევ ერთხელ ჩვენი კარის დალაშქვრა. ამჯერად არეკნი ფულბეკმა კრის ვაილესმა გაგვიტანა და სხვაობა ისევ ხუთი ქულა - 12:17.

ეს ანგარიში თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა. ბოლო 13 წუთი ბორჯრალოსნებმა შეტევაში გაატარს, მაგრამ მიზნის მიღწევის საშუალებას ხან მეტოიქე არ აძლევდა, ხანაც მსაჯები. ცხადია, უცოდველნი არც თვითონ იყვნენ, შეცდომები უხვად მოსდიოდათ და როცა მატჩის გადარჩენის იმედი თითქმის ყველას გადაეწურა, გამარჯვების მომტანი ლელო ბოლო წამებზე გაიტანეს.

ჩვენი გუნდის მორიგი შეტევა ზედ მეტოქის ლელოს მოისადგომებთან ჩაიშალა. არბიტრმა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ამერიკელთა სასარგებლოდ შერკინება დანიშნა. "ბორჯღალოსნებმა" ძალები მოიკრიბეს, მეტოქეს ორიოდ მეტრი უკან დაახევინეს. ბურთი შერკინებიდან უეცრად გამოვარდა, მაგრამ ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ იყოჩაღა, ამერიკელთა მესამეხაზელს ტოდ კლევერი შებოჭა და ბურთი ხელიდან გააგდებინა. "აბუს" მორკინალებიც წამოეშველნენ, წარმოქმნილ რაკში ბურთი ჩვენ დაგვრჩა. კვირკაშვილმა დროულად შენიშნა მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე უმეთვალყუროდ მიტოვებული გარემარბი ლექსო გუგავა, ბურთი რაკიდან სწრაფად გამოიტანა და მოსხეპით, რამდენიმე მოთაამშის გამოტოვებით გუგავას გადააწოდა. ლექსოს წინააღმდეგობა არ შეხვედრია - 17:17. ახლა ყველაფერი ისევ კვირიკაშვილის ნერვებსა და ფეხჩუბინობაზე იყო დამოკიდებული. თუ "მეკო" გარდასხვას გაიტანდა, გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩებიდათ. კვირიკაშვილმა არ დაგვაღალატა და სტადიონზე მისულ ერთგულ ქომაგს უდიდესი სიხარული მოჰგვარა - 19:17.

თამაშის დასრულების შემდეგ მაყურებელი თავის გმირებს დიდხანს არ უშვებდა მოედნიდან. "ბორჯღალოსნებმა" სტადიონს საპატიო წრეზე შემოურბინეს და გულშემატკივრებს ერთგულებისთვის, ომახიანი ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადეს.


მატჩის შემდეგ
ედი ოსალივანი: "ვიცოდით, რომ საკმაოდ ძლიერ, თავდადებით, აგრესიულად მოთამაშე გუნდთან მოგვიწევდა ბრძოლა, ამიტომ ჩვენც ასეთივე სტილში გადავწყვიტეთ თამაში.
საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა შერკინებასა , დაცვაში. ფეხითაც ბრწყინვალედ ურტყეს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო."

ტოდ კლევერი, აშშ-ს ნაკრების კაპიტანი: "ძალიან დავიღალე. ბოლომდე დავიხარჯეთ. ამაყი ვარ საკუთარი გუნდით, შესანიშნავად ითამაშეს. რა უნდა ვთქვა, მიხარია, რომ ძალიან მაგარ თამაშში მივიღე მონაწილეობა."

რიჩი დიქსონი: "პირველ ტაიმში ვცადეთ ახლებურად გვეთაამშა, რაღაც მომენტში მოთამაშეებს დაავიწყდათ, რა გეგმა გვქონდა დასახული და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. შესვენებაზე ვუთხარით, რომ როგორც შეუძლიათ ისე ითამაშონ და ეცადონ პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ. მეორე ტაიმში გუნდი დამშვიდდა და, ჩვეული, ბოლომდე თავდადებული ბრძოლით გამარჯვებას მიაღწიეს.

ამერიკასთან თამაში ძნელი, მაგრამ ძალიან სასარგებლო იყო. სწორედ ასეთ გუნდებთან ბრძოლებში, მძლავრი ზეწოლის პირობებში უნდა ვცადოთ გუნდის თამაშში ახალი ელემენტების შემოღება. ასეთ მატჩებში უნდა შეთამაშდეს და ერთ მუშტად შეიკრას გუნდი. ახლა უკვე ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო. მსოფლიო თასისი გათამაშებამდე დრო კიდევ გვაქვს და ვეცდებით, ყველა ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრათ".

აქვსენტი გიორგაძე: "დერეფანში თამაშში ხარვეზს მზადებისთვის არასაკმარის დროს დავაბრალებდი. ამასთან, მიზეზთა გამო გვაკლდა სამი ძირითადი მხტომელი ილია ზედგინიძე, გია ლაბაძე და მამუკა გორგოძე. ამიტომ იძულებული გავხდით ბევრი რამ შეგვეცვალა. ვცდილობდით, იმ ზონებში აგვეგდო ბურთი სადაც მეტოქეს შედარებით დაბალი მოთამაშეები ჰყავდათ.
ერთა თასის გათამაშებისას დრო მეტი გვექნება, იმედი მაქვს ზემოხსენებული მორაგბეებიც მწყობრში იქნებიან და თამაშის ამ კომპონენტს გავაუმჯობესებთ".

რაგბი. ტესტი
საქართველო-აშშ 19:17
საქართველო (15-9) ხამაშურიძე, მაჩხანელი (სამხარაძე 58), ჩხიკვაძე (კაჭარავა 41), ზიბზიბაძე, გუგავა, მალაღურაძე (კვირიკაშვილი 52), აბუსერიძე. (1-8) შველიძე (ზირაქაშვილი 41), გიორგაძე (ნატრიაშვილი 41), ქუბრიაშვილი (შველიძე 79), სუთიაშვილი, დათუნაშვილი (ნემსაძე65), ს.მაისურაძე, ჩხაიძე, უდესიანი (კოლელიშვილი 72).
ლ: გუგავა. 4ს: მალაღურაძე (3), კვირიკაშვილი. გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: აბუსერიძე
აშშ (15-9) ვაილესი, ნგვენია, ემერიკი, სუნიულა, სვირინი, მალიფა, უსასზი (პეტრი). (1-8) მოეაკოლა (მაკდონალდი 61), თიელი (ბილერი 62), პიტმანი, მანოა, სმითი, სტენფილი (სტივენი 58), კლევერი, ბასაური (ჯონსონი 65).
ლ: ემერიკი. 2ს: მალიფა. 2ა: მალიფა, ვაილესი.
სინბინი: სმითი.
მსაჯი: პიტერ ალენი (შოტლანდია)

ნოემბრის ტესტები
პორტუგალია-კანადა 20:23, ინგლისი-სამხრეთ აფიკა 11:21, უელსი-ახალი ზელანდია 25:37, იტალია-ფიჯი 24:16 საფრანგეთი-ავსტრალია 16:59, შოტლანდია-სამოა 19:16, ირლანდია-არგენტინა, ესპანეთი-ნამიბია 33:20

რეპეშაჟი
რუმინეთი-ურუგვაი 39:12
A ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ტონგა, კანადა, იაპონია.
B ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, რუმინეთი.
ჩ ჯგუფი: ავსტრალია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, აშშ.
D ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, უელსი, ფიჯი, სამოა, ნამიბია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული