დავით ზირაქაშვილი: ქართულ რაგბის მსოფლიოში დიდი ავტორიტეტი აქვს

AutoSharing Option
2010 წლის სეზონი ქართული რაგბისთვის წარმატებული გამოდგა. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შესანიშნავი გამოსვლის ლოგიკური დასასრული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, ქვეყნის საუკეთსო სპორტსმენად "ბორჯღალოსანთა" შერკინების ბურჯის, დავით ზირაქაშვილის აღიარება იყო.

"ზირაქა" მეექვსე სეზონია საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "კლერმონში" ასპარეზობს და წლეულს, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველი მორაგბე "ვულკანების" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. დასტურად მისი მსოფლიოს ნაკრებში მიწვევაც გამოდგება. ზირაქაშვილმა და კომპანიამ ჰონგ კონგში ახლი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშა.

დავით ზირაქაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ლიდერია. ჩვენი ეროვნული გუნდის
წარმატებაში მას დიდ წვლილი მიუძღვის და პირიქით, ზირაქაშვილი რომ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ეს მთელი გუნდის დამსახურებაცაა.

- საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ჩემთვის მოულოდნელი იყო, - გვითხრა დავით ზირაქაშვილმა. - ცხადია, ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოა, როცა შენ დამსახურებას ერთი ან ორი ადამიანი კი არა, მთლიანად ხალხი აფასებს.

- თქვენ საფრანგეთის ჩემპიონი ხართ, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენადაც დაგასახელეს. რაღა დარჩა - მსოფლიოს ჩემპიონობა. ალბათ, ახლა ყველაზე კარგი მომენტია, ის ადამანები გაიხსენოთ, ვინც თქვენი, როგორც მორაგბის და პიროვნების ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა.
- ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. გარწმუნებთ, ყველას, ვინც პირველად რაგბიში მიმიყვანა, მისი ანბანი მასწავლა, საფრანგეთში სათამაშოდ წამიყვანა, პირველად ეროვნულ ნაკრებში მიმიწვია და თავის გამოჩენის საშუალება მომცა, დიდ პატივს ვცემ, ვაფასებ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო.

- საყოველთაო აზრით, წლეულს ქართულ რაგბის წარმატებული, გამორჩეული სეზონი ჰქონდა.
- დიახ, როგორც ეროვნულმა, ისე ასაკობრივმა ნაკრებებმა კარგად იასპარეზეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს, ცხადია, სასიხარულოა.

ყველაზე მთავარი, იცით რა არის? ათი წლის წინათ რომ გენახათ, ქართული რაგბი პროფესიონალიზმში მოიკოჭლებდა. ეს მარტო მორაგბებს არ ეხება, არამედ მწვრთნელებსაც და რაგბის ხელმძღვანელებსაც. ამჟამად ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. რაგბის კავშირში მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ, საქმეს უნარიანად უძღვებიან. ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თვალშისაცემია. აგერ, ეროვნულ ნაკრებშიც შესანიშნავი მწვრთნელთა შტაბი შექმნეს. ეს ყოველივე წინსვლის საწინდარია და, ვფიქრობ, ნელ-ნელა განვვითარდებით.

- საქართველოს ნაკრებმა წლეულს 2011 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ფაქტს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. რას შეიძლება ეს დავაბრალოთ?
- ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს თასზე ჩვენ გასვლას რეზონანსი არ მოჰყოლია. ვფიქრობ, ხალხი მიეჩვია იმ აზრს, რომ საქართველოს ისეთი დონის რაგბის ნაკრები ჰყავს, რომელიც მსოფლიოს თასზე აუცილებლად უნდა გავიდეს. თუმცა, ეს სულაც არ აკნინებს ამ ფაქტის მნიშვნელობას. პირქით, ხალხს ძალიან უხარია და, როგორ უხარია, ეს ტრაბზონში რუსეთის ნაკრებთან მატჩისას კიდევ ერთხელ ვნახე. ცხადია, იმ დღეს საქართველოშიც დიდი ზეიმი იყო. ასე რომ, ახლა რაგბის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შედარებით ჯერ კიდევ ნორჩი სახეობაა, კიდევ მეტი ყურადღება, მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, მსოფლიოს თასზე როგორ ვიასპარზებთ.

- ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბი ახსენეთ. ერთი შეხედვით, რაც შეიძლება დაინახო ისაა, რომ მათ ნაკრებში დისციპლინა დაამყარეს.
- ასეა. დისციპლინას და საქმისადმი პროფესიულ მიდგომას, ჩვენ ყველანი, საფრანგეთში მიჩვეულნი ვართ, მაგრამ ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით, ცოტა თავისუფლებას ვგრძნობდით. ახლა ნოემბრის ტესტებისას, ახალმა მწვრთნელებმა საქმისადმი მაქსიმალურად პროფესიული მიდგომა მოითხოვეს.

ამაში განსაკუთრებული არაფერია. რა არის პროფესიონალიზმი? ეს არის სწორი ვარჯიში, დროული და კარგი ძილი, სწორი კვება. ერთი სიტყვით, თუკი კლუბებში ასე ვცხოვრობთ, ნაკრებში რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე? რიჩი დიქსონი ამბობდა, 11 საათზე ყველა საწოლში უნდა იყოთო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ, რატომაც არა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან თავად ნაკრების მწვრთნელები?
- ის რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა შტაბი უმაღლესი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, სადავო არ არის. სხვა საქმეა, რამდენად კარგად შეძლებენ თავისი ცოდნის ჩვენამდე მოტანას. მათთან ჯერ მხოლოდ ორი კვირა ვიმუშავეთ და გამიჭირდება, ამ მხრივ შეფასება გავაკეთო.

- ქართულ რაგბიში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრებია. ახლახან თბილისს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე სტუმრობდა. გაიხსნა სარაგბო აკადემია, გადაწყდა მსოფლიოს ალაფას თბილისში გამართვა. 
- ხაზგასმით მინდა ვისაუბრო მსოფლიოს ალაფას თბილისში გამართვის შესახებ. ის რომ ამ ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება მოგვცეს, თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რა დიდი ნდობა და ავტორიტეტი აქვს ქართულ რაგბის მსოფლიოში. ამ შეჯიბრების ჩატარება, დარწმუნებული ვარ, დიდ ბიძგს მისცემს ჩვენ ქვეყანაში რაგბის კიდევ უფრო განვითარებას.

მსოფლიოს ალაფას სხვა სარგებლობის მოტანაც შეუძლია. მაგალითად, ტურიზმის კუთხით. სტუმარ გუნდებს ჩამოჰყვებიან გულშემატკივრები. ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში არასდროს ყოფილან, არაფერი სმენიათ და საქართველოზე არსად არაფერი ულაპარაკიათ. თბილისში სტუმრობის შემდეგ კი, თუ ყველაფერი კარგად იქნება ორგანიზებული, წარუშლელი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი წავლენ. ჩვენ ქვეყანას რეკლამას გაუკეთებენ და ტურისტების ნაკადიც მოიმატებს.

იმედი მაქვს, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით იასპარეზებს და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ელიტარული ქვეყნების გვერდით დაიკავებს ადგილს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული