ავსტრალიელს შოტლანდიელი შეცვლის

AutoSharing Option

საქართველოს სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მთავარი თემა "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებები იყო. ავსტრალიელი ტიმ ლეინის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს  შოტლანდიელი რიჩი დიქსონი გაწვრთნის.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ოფიციალურად ვადასტურებთ, რომ პირველი ივლისაიდან ტიმ ლეინი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის ადვილი არ იყო და არც ნაუცბადევად, ორი ან სამი დღის ფიქრის შემდეგ მიგვიღია.
აქვე, სანამ კონკრეტულ მიზეზებზე ვიტყვი, ტიმ ლეინს მადლობა გვინდა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის. მისი ხელმძღვანელობისას

ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი სტატისტიკურად დიდად არ განსხვავდება წინა წლების შედეგისგან.
როდესაც ლეინი საქართველოში მოვიწვიეთ სამუშაოდ, კონტრაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებში რამდენიმე პუნქტი იყო. პირველი გახლდათ ნაკრების სათამაშო დონის გაუმჯობესება. ხელშეკრულების გაცილებით დიდი ნაწილი ეხებოდა ნაკრებს გარეშე მის საქმიანობას. მას პარალელურად უნდა ემუშავა კლუბებთან, ასაკობრივ ნაკრებებთან, სარაგბო აკადემიასთან და უზრუნველეყო კვალიფიციურ მწვრთნელთა კადრების აღზრდა.

ვერ ვიტყვით, რომ ტიმი ყოველივე ამაზე არ ზრუნავდა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ ის საქმეს თავს ვერ ართმევდა. ვერ შეძლო იმის გაკეთება, რასაც მისგან ვითხოვდით. ის არის ერთი კონკრეტული გუნდის მწვრთნელი და, როგორც გამოჩნდა, მას არ შესწევს ძალა ქართულ რაგბიში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დაგვეხმაროს.

მის ნაცვლად ნაკრებს საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი რიჩი დიქსონი უხელმძღვანელებს. ჩვენ შევქმენით ახალი თანამდებობა, რაგბის კავშირის სანაკრებო დირექტორი. დიქსონი ამ პოსტს დაიკავებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ის იქნება პასუხისმგებელი.
რიჩი დიქსონი, როგორც იცით, შოტლანდიელია. ის უკვე ერთი წელიწადია, საქართველოშია და რაგბის განვითარების პროგრამაზე მუშაობს ქართველ სპეციალისტთა საკმაოდ საინტერესო ჯგუფთან ერთად. რიჩი იყო შოტლანდიის ნაკრების მოთამაშე. მერე წვრთნიდა შოტლანდიურ სამოყვარულო გუნდს, გახლდათ შოტლანდიაში  პირველი პროფესიული კლუბის მწვრთნელი. რვა წლის განმავლობაში მუშაობდა შოტლანდიის A ნაკრებთან. ექვსი წელი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ბოლოს კი, ცხრა წელიწადი თავკაცობდა ეროვნულ ნაკრებს. შოტლანდიის ნაკრებმა ყველაზე დიდ წარმატებებს  სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია.
რაც ყველაზე მთავარია, რიჩი დიქსონი არის შესანიშნავი პიროვნება. ის მალე მოერგო ქართულ მენტალიტეტს, გაითავისა ქართული რაგბის პრობლემები, ურთიერთობაში ძალიან უშუალოა, კომუნიკაბელური. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ დიქსონი IRB-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია და მსოფლიო რაგბის თემში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. ის მზადაა, საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელოს და მის მიერ ნაჩვენებ შედეგზე პასუხისმგებლობა იკისროს.

დღესდღეობით რიჩი დიქსონი ინგლისში იმყოფება და სავარაუდო ასისტენტებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მან გვითხრა, რომ შერკინებისა და უკანა ხაზის გასაწვრთნელად მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები არ სჭირდება. გუნდის ამ რგოლებს თვითონ მიხედავს, თუმცა ასისტენტები მაინც ეყოლება. ისინი, სავარაუდოდ, იქნებიან მისი ყოფილი მოთამაშეები, რომლებიც ინგლისში ინგლისში საქმიანობენ.

მთავარი ის არის, რომ ნაკრებში მუშაობის გარდა მათ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო უნდა შეასრულონ. საქართველოში წელიწადში ცხრა თვე უნდა დაჰყონ და კლუბებთან, ასაკობრივ ნაკრებებთან, რეგიონებში არსებულ ბავშვთა და მოზარდთა გუნდებთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.

ამასთან, ძალაში რჩება ფიზმომზადებისა და დაცვის მწვრთნელების მოწვევის გეგმა. მოლაპარაკებები გრძელდება საკმაოდ მაღალი დონის ავსტრალიელ სპეციალისტებთან, რომლებიც ასევე ინგლისში მუშაობენ და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, საზოგადოებას უმალ ვაცნობებთ.

ჩვენ მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ არის გათვლილი  მხოლოდ მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ეს არის მინიმუმ ხუთწლიანი გეგმის ნაწილი. კარგად მოგეხსენებათ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრების წევრთა დიდი ჯგუფი რაგბის თამაშს თავს ანებებს, ასე რომ,  თაობათა ცვლის საკმაოდ სერიოზული პროცესი გველის და,ის რომ უმტკივნეულოდ წარიმართოს, თადარიგის დაჭერა აქედანვე გვმართებს. რიჩი დიქსონის მოვალეობა სწორედ იმ ვერტიკალის შექმნაა, რომლის მეშვეობითაც ის ახალ მორაგბეებს წარმოაჩენს და ძველ, გამოცდილ მოთამაშეებს სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიოს თასის გათამაშებას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძნელ ჯგუფში მოვხვდით. ეს ისეთი ჯგუფია, რომ ყველანაირი სიურპრიზია შესაძლებელი. ადვილი შესაძლებელია, საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში წააგოს, ან პირიქით - ისეთი შედეგი აჩვენოს, რომ მსოფლიო აალაპარაკოს.

ერთი რამის თქმა გადჭრით შეიძლება, ჯგუფურ ტურნირში კალენდარი თითქმის იდეალური გვაქვს. შეიცვალა მსოფლიო რაგბის ამ უდიდესი ფორუმისთვის მზადების გეგმაც. ტიმ ლეინის მიერ შემოთავაზებულ სამეტაპიან ციკლს ორ ეტაპად გარდავქმნით. პირველ ეტაპზე საქართველოში მოვემზადებით, მეორეს კი საფრანგეთში გავმართავთ და საწვრთნელ მატჩებსაც იქვე ვითამაშებთ. მზადების პროგრამიდან ამოვარდა მესამე, ავსტრალიური ეტაპი. იქ ორკვირიანი შეკრება უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ რიჩი დიქსონის მოთხოვნით, ავსტრალიის მაგივრად ორი კვირით ფრანგულ შეკრებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება აკლიმატიზაციის პრობლემას, ახალ ზელანდიაში პირველ თამაშამდე ცხრა დღით ადრე ჩავდივართ და ვფიქრობ, ეს დრო საკმარისი იქნება იქაურ კლიმატთან შესაგუებლად.

აქვე ვიტყვი, რომ გაირკვა საქართველოს ნაკრების ტექნიკური სპონსორის ვინაობაც. ჩვენს ეროვნულ გუნდს ავსტრალიური Kooga შემოსავს. კონტრაქტი ძალაში 2011 წლიდან შედის. ხელშეკრულების მიხედვით, ეს კომპანია 100 ათასი დოლარის ღირებულების ეკიპირებას უფასოდ მოგვაწვდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული