საქართველოს ნაკრებმა შაბათს, ნაშუადღევს ჩელთნემი დატოვა და გეზი უელსისკენ აიღო. "ბორჯღალოსნები" კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში, სასტუმრო "კელტიკ მაინორში" დაბანაკდნენ, სადაც გასულ წელს ნატოს სამიტი გაიმართა.
კვირას საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა დაისვენეს და კარდიფში მცირე ექსკურსია მოაწყვეს. გუშინ, 28 სექტემბერს კი გუნდმა ვარჯიშები განაახლა და, როგორც აქამდე, მილტონ ჰეიგი მოთამაშეებს დღეში ორჯერ წვრთნის.
იქამდე კი, ვარჯიშებს შორის, ნიუპორტის მერიამ ჩვენი ნაკრების ქუთაისელ მორაგბეებს, გიორგი ნემსაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გიორგი ფრუიძეს უმასპინძლა, რადგან ეს ორი ქალაქი დიდი ხანია დაძმობილებულია.
შეხვედრა
"ვინაიდან ქუთაისი ჩვენი დაძმობილებული ქალაქია, საქართველოს ნაკრების თამაშებს არ ვაცდენთ და ტელევიზიით თვალს ვადევნებთ, ვგულშემატკივრობთ.
მოხარული ვარ, რომ ქუთაისელი მორაგბეები დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება და სამუდამოდ შევა ჩვენი ქალაქის ისტორიაში.
"მილენიუმი", სადაც თქვენ ახალ ზელანდიას უნდა ეთამაშოთ, 75 ათას კაცს იტევს. რამდენადაც ვიცი, ახალი ზელანდიიდან ხუთი ათასამდე ქომაგია ჩამოსული. გარწმუნებთ, დანარჩენი 70 ათასი საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებს", - თქვა დამშვიდობებისას ქალაქ ნიუპორტის მერმა.
ფეიქრიშვილი გამოიძახეს
მუხლის ტრავმის გამო შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ორი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ იგი თამაშს შეძლებდა, მაგრამ საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 კვირა დასჭირდება.აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო დავით ქუბრიაშვილის ჩანაცვლების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი გამოიძახეს.
განახლდა მსოფლიო რეიტინგიც. არგენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავედით.
ციმბირიდან ნიცამდე და უკან
საინტერესო სტატია გამოქვეყნდა მსოფლიოს რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც "ბორჯღალოსნების" შუამარბ დავით კაჭარავას მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან. "იმ 620 მორაგბედან, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იმყოფება, საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა ერთადერთია, რომელიც პროფესიულ რაგბის რუსეთში თამაშობს.
რაგბის ისტორია საბჭოთა კავშირში ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მისი თამაში სტალინმა 1949 წელს აკრძალა და მხოლოდ ათი წლის შემდეგღა აღადგინეს. ქვეყნის ნაკრები კი 70-იანი წლების შუაწელში შექმნეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაგბის ცივ ციმბირში მაინც თამაშობენ, სადაც დავით კაჭარავა ქალაქ კრასნოიარსკის "ენისეის" ღირსებას იცავს.
ქალაქში ორი გუნდია, "ენისეი" და "კარასნი იარი". ისინი რუსეთის საუკეთესო სარაგბო კლუბები არიან. ჩემპიონატს მორიგეობით ხან ერთი იგებს, ხან მეორე. როცა ერთმანეთს ვეთამაშებით, ეს ნამდვილი დერბია. მატჩს 10 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება. სხვა ქალაქებში, თუნდაც მოსკოვში, რაგბის საყურებლად ამდენი ხალხი არ დადის, - გვიამბობს დავით კაჭარავა.
ქართველი შუამარბი რუსეთში პირველად 2008 წელს ჩავიდა სათამაშოდ და იქ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო. მერე კი საფრანგეთის სამხრეთში, ნიცაში გადაბარგდა და სამი წლის განმავლობაში ამ ქალაქის სარაგბო გუნდის კვართით ირჯებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში და ცხოვრება ნიცაში მიმზიდველი იყო, მან მაინც გადაწყვიტა ისევ რუსეთში დაბრუნება.
"რუსეთში რაგბის ფინანსურად არ უჭირს. "ენისეიში" 2013 წელს დავბრუნდი და ჩვენს მეტოქე "კრასნი იარს" ხუთი ახალზელანდიელი ჰყავდა მიწვეული გუნდში. ახლა იქ სამხრეთაფრიკელებიც თამაშობენ და ტონგელებიც. მართალია, სათამაშო დონე ძალიან მაღალი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, ფულს კარგად უხდიან. ამიტომ ურჩევნიათ, რუსეთში ითამაშონ და არა ზე რაგბიში", - დასძინა მან.
დავით კაჭარავამ ეროვნულ ნაკრებში 85-ე კეპი არგენტინის ნაკრებთან მატჩში მოიპოვა და იმედი აქვს, რომ მომდევნო 2019 წლის მსოფლიოს თასზეც ითამაშებს.
"85-მა თამაშმა ძალიან მალე ჩაიარა. თუ წლევანდელ მსოფლიოს თასზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ნამიბიას დავამარცხებთ, მაშინ 2019 წლის მსოფლიოს თასზე იაპონიაში კვალიფიკაციის გავლის გარეშე ვითამაშებთ. თუ შევძელი ფორმის შენარჩუნება, იმედი მაქვს, რომ გუნდის შემადგენლობაში იქაც ვიქნები", - თქვა მან".
რუმინელი "უემბლიზე" გაბედნიერდა
ამასობაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბევრი არაორდინარული ამბავი ხდება. მაგალითად, რუმინეთისა და ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ ზედ "უემბლის" მინდორზე, გუნდის თანდასწრებით, "სტეჟარის" ცხრა ნომერმა ფლორინ სურუჯუმ მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და კიდევ ერთი ბედნიერი რუმინული ოჯახი შეიქმნა.
რუმინელები ირლანდიასთან მატჩში 10:44 დამარცხდნენ, თუმცა სურუჯუსთვის, აბა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ამაყი ბეილი
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი, რომელიც ბავშვობაში რაგბის თამაშობდა და მსახიობი სამუელ ელ ჯექსონი, უელსისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებისას, ცხადია, თავიანთ ქვეყანას ქომაგობდნენ. "წითელმა ურჩხულებმა", როგორც უელსის ნაკრებს ეძახიან, "პომები" უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს. ეს გამარჯვება ბეილიმ სპეციალურად გადაღებული ფოტოთი აღნიშნა. ის რაგბის ბურთით ხელში ტელეეკრანზე სატურნირო ცხრილს გვიჩვენებს, სადაც უელსი ინგლისის თავზეა წამოსკუპებული.
* * *
დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ტონგასა და ნამიბიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტონგელთა მთავარმა მწვრთნელმა მანა ოტაიმ საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ცხრა მორაგბე შეცვალა. ნამიბიელთა წინააღმდეგ არ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ნილი ლატუ, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" ბრძოლაში დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ტონგას ნაკრები მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველაზე ხანდაზმულია. მის შემადგენლობაში თამაშობს ასევე ყველაზე "ბებერი", 37 წლის ალეკი ლუტუი.
რვა ცვლილება განახორციელა ნამიბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილ დევისმა. მან რამდენიმე მოთამაშეს სათადარიგოთა შორის მიუჩინა ადგილი, სხვებს კი სათამაშო პოზიცია გამოუცვალა.
მატჩი დღეს, ექსეტერში, "სენდი პარკზე" თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამავე სტადიონზე, 7 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ნამიბიას ეთამაშება.
ტონგა-ნამიბია
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. დევიდ ჰალაიფონუა, 13. სიალე პიუტაუ, 12. სიონე პიუკალა, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. ლატიუმე ფოსიტა, 9. სონატანე ტაკულუა. 1. სოანე ტონგაუიჰა, 2. ალეკი ლუტუი, 3. სილა პუაფისი, 4. ჰელე ტეპოლე, 5. ჯოზეფ ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ჯეკ რემი, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგაუამო, 17. ტევიტა მაილაუ, 18. ჰალანი აულიკა, 19. ტუკულუა ლოკოტუი, 20. ოპეტი ფონუა, 21. სამისონი ფისილაუ, 22. კურტ მორატი, 23. ტელუსა ვეაინუ.
ნამიბია: 15. ჩრისანდერ ბოთა, 14. ჯონ ტრომპი, 3. დენი ფან ვიკი, 12. ჯონ დეიზელი, 11. რასელ ფან ვიკი, 10. ტენუს კუცია, 9. ენეილ ბუიტენდაგი. 1. კასპერ ვივიერსი, 2. ტორსტენ ფან იარსველდი, 3. ჯონას კუცია, 4. იანკო ვენტერი, 5. ტიუე უანივი, 6. ჟაკ ბურხერი, 7. როან კიტსჰოფი, 8. რენალდო ბოთმა.
16. ლუის ფან დერ ვესტჰოიზენი, 17. ჯონი რედელიჰჰაუზი, 18. ეი ჯეი დე კლერკი, 19. ტინუს დუ პლესი, 20. პი ჯეი ფანზილი, 21. დამიან სტივენსი, 22. დერილ დე ლაჰარპე, 23. დევიდ ფილანდერი.
მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. არგენტინა - 5, 3. საქართველო - 4, 4. ტონგა - 1, 5. ნამიბია - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"