09:58 15-02-2016
პორტუგალია-საქართველო 3:29 - მითი: პორტუგალია უხერხული მეტოქეა [VIDEO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად მეტოქეს აქამდე რეკორდული სხვაობით, 26 ქულით მოუგეს. ჩვენმა გუნდმა ეს მაჩვენებელი ერთი ქულით გააუმჯობესა - 2014 წელს "ლობუშები" ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე 34:9 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებთან 2005 წლის შემდეგ არ წაგვიგია.
მილტონ ჰეიგმა მასპინძლებთან სათამაშოდ გამოცდილი გუნდი გაიყვანა. პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილის გარდა, რომელმაც მაშინ ტრავმის გამო დატოვა გუნდის შემადგენლობა, ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე ყველამ იასპარეზა.
ცხადია, ეს მასპინძლებისთვის სერიოზული გამოცდა იქნებოდა, მით უფრო, რომ "ლობუშების" რიგებში მრავლად იყვნენ ახალი მოთამაშეები, ისეთები, რომლებსაც ქართველების წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.
მატჩი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში ძლიერი ქარი საქართველოს ნაკრების კარისკენ უბერავდა და თამაშში ხელს აშკარად გვიშლიდა. თავიდანვე რაც მკვეთრად გამოიკვეთა, "ბორჯღალოსნების" უდიდესი უპირატესობა იყო შერკინებაში.
ცხადია, ამან მატჩის მსვლელობაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ხოლო მას შემდეგ, რაც 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქე მოლით ოცი მეტრი "ათრია" და ლელო გაიტანა, მასპინძლები საბოლოოდ გატყდნენ. ჩათვლის მოედანში ბოლოს ბურთით ხელში გიორგი თხილაიშვილი იყო.
იქამდე ანგარიში საყაიმო იყო. გუნდებმა თითო საჯარიმო მიითვალეს და მეტის მიღწევაში, როგორც უკვე ვთქვით, ქარი ხელს მნიშვნელოვნად უშლიდათ.
საგულისხმოა, რომ ჩვენი გუნდი მხოლოდ მორკინალების კარგი თამაშით არ გამოირჩეოდა. აქტიურობდა უკანა ხაზიც და პირველი ტაიმის მიწურულს შესანიშნავ კომბინაციას კიდევ ერთი ლელო მოჰყვა.
39-ე წუთზე შეტევა მეტოქის მოედნის ნახევარზე დერეფნიდან დავიწყეთ. ერთი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი ხელთ ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ იგდო, გიორგი ჩხაიძესთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა, დაცვის ხაზი გაჭრა, მერე იქვე მიმყოლ ფულბეკს, მერაბ კვირიკაშვილს გადააწოდა, რომელიც ლელოში უპრობლემოდ შეიჭრა. გარდასახვაც მანვე გაიტანა და ჩვენი გუნდი 12 ქულით დაწინაურდა - 15:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ თამაში ის იყო განახლდა, რომ მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, მეტოქის ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. მერე ჩვენი მორკინალები აიღე-მიეძალეს ხერხით ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. ბოლოს რაკიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა ზურაბ ჟვანიამ აიტაცა და ლელოში გადადო.
ეფექტური გამოდგა 67-ე წუთზე გატანილი მეოთხე, საპრემიო ქულის მომტანი ლელოც. აქ თავი ალექსანდრე თოდუამ გამოიჩინა, რომელიც მარცხენა ფრთაზე სამ მეტოქეს გაუმკლავდა და ლელოსთან ახლოს ბურთი იქვე მიმყოლ შუამარბს, მერაბ შარიქაძეს გადააწოდა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 29:3.
მომდევნო მატჩში, საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს, თბილისში, ვაკის სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
ევროპის ერთა თასი 2016. II ტური
13.02. ლისაბონი
პორტუგალია-საქართველო 3:29
პორტუგალია: 15 პედრუ ბეტანკური (21, ნუნუ ბეტანკური 56), 14 ნუნუ სოუზა-გედეში, 13 ჟოზე'მარია ვარეტა, 12 მანუელ ვილელა (22, ფრენსისკუ აპლეტონ 60), 11 ტომაზ ნორონია, 10 ტომაზ აპლეტონი, 9 ფრენსისკუ მაგალიაიში, 1 ბრუნუ მედეირუში (16, ჟოზე კონდე 52), 2 დუარტე დინიზი (17, მაიკ ტაჯერი 48), 3 ბრუნუ როშა (23, ფრენსისკუ დომინგეში 52), 4 ლუიშ სერკინიუ (19, სალვადორ ვასალუ 60), 5 გონსალუ უვა (20, დიოგუ ფან დენ ტორნი 52), 6 მაშიმ ვაზი (18, ვოლოდიმირ გრიხი 60) 7 მიგელ მასედუ, 8 ლუიშ პურტელა
ს: სოუზა
საქართველო:
15 მერაბ კვირიკაშვილი (23, გიორგი აფციაური 68), 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე (22, ლაშა მალაღურაძე 56), 9 ვასილ ლობჟანიძე (21, გიორგი ბეგაძე 59), 1 მიხეილ ნარიაშვილი (17, კახა ასეიშვილი 54), 2 შალვა მამუკაშვილი (16, ზურაბ ჟვანია 23), 3 დუდუ ქუბრიაშვილი (18, ანტონ ფეიქრიშვილი 54), 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე (19, ვახტანგ მაისურაძე 54), 6 შალვა სუთიაშვილი^, 7 გიორგი თხილაიშვილი (ფეიქრიშვილი, 15-22, 20, ბექა გორგაძე 60), 8 ლაშა ლომიძე
4ლ: თხილაიშვილი, კვირიკაშვილი, ჟვანია, შარიქაძე.
3გ,ს: კვირიკაშვილი.
სხვა მატჩები
რუსეთი-გერმანია 46:20
ესპანეთი-რუმინეთი 18:21
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 2 2 0 0 +88 10(2)
2. რუსეთი 2 2 0 0 +28 9(1)
3. რუმინეთი 2 2 0 0 +28 9(1)
4. ესპანეთი 2 0 0 2 -5 2(2)
5. პორტუგალია 2 0 0 2 -51 0(0)
6. გერმანია 2 0 0 2 -78 0(0)
III ტური
27 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი
რუმინეთი-რუსეთი
გერმანია-პორტუგალია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
შედეგი მაგარია, შერკინებამ როგორც მთელმა გუნდმა დიდი პროგრესი გააკეთა წინა გათამაშებასთან შედარებით. მაგრამ მაინც დაძაბული თამაში იყო ადვილად არ მოგვიგია. მიზანი ამ წელს ყველა გუნდის პრემილაური ქულით დამარცხებაა ჩემი აზრით, რაც მთავარია რუმინეთის. ეს იქნება დასტური რომ ჩვენ მათლა ერთი საფეხურით მაგლა ავედით.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული