რიჩი დიქსონი: ხარვეზები გამოჩნდა და ერთ კვირაში უნდა აღმოვფხვრათ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ახალი სეზონი ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნების" მეტოქე გათამაშების დებიუტანტი უკრაინის ნაკრები იყო, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს და მისი მონაწილება ერთა თასის გათამაშებაში საეჭვოდ მოჩანდა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 10 ლელო გაუტანა და 62:3 მოუგო.

ერთი სიტყვით, თამაში ჩვენი გუნდისთვის კარგი ვარჯიში გამოვიდა და მეტოქეს მრავალფეროვანი, ერთმანეთზე უკეთესი ლელოებით გაუმასპინძლდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქის დონიდან გამომდინარე, "ბორჯღალოსნებმა" შეცდომებიც მრავლად დაუშვეს.

ჩვენი გუნდის რიგებში ორი მოთამაშის ფულბეკი ბექა ურჯუკაშვილისა და მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძის დებიუტი შედგა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანმა მოლოდინი გაამართლა. ისინი უპრობლემოდ მოერგნენ გუნდის მონახაზს და ისე ირჯებოდნენ, თითქოს დიდი ხანია ერვნული ნაკრების კვართით თამაშობდნენ.

მეტიც, 20 წლის ურჯუკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მალხაზ ურჯუკაშვილის ძმისშვილია, დებიუტი ლელოთი აღნიშნა. ბექა თამაშში 45-ე წუთიდან ბესიკ ხამაშურიძის ნაცვლად ჩაერთო და 62-ე წუთზე, ჩვენი გუნდის მიერ შესანიშნავად გათამაშებული ლამაზი კომბინაციის შემდეგ, მეტოქის ლელოში შეიჭრა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მალევე, მე-4 წუთზე გახსნა. უკრაინელებმა ჩვენ ნახევარზე დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს და მესამეხაზელის, ბესიკ უდესიანის ნადავლი შეიქნა. უდესიანმა მეტოქის ნახევარზე შეაღწია და მერე შეტევა მარცხნივ, ხაზზე ირაკლი მაჩხანელმა განაგრძო. მასთან ბრძოლაში უკრაინელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. საჯარიმდან მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფანი სუფთად მოვიგეთ და მოლი დავძარით. მეტოქემ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და წლევანდელი სეზონის პირველი ლელო შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა მიითვალა. კვირკაშვილმა გარდასახა - 7:0.

ანგარიშის გაზრდას "ბორჯღალოსნებმა" 11 წუთი მოანდომეს. შუალედში სტუმრებს მისი შემცირება შეეძლოთ, მაგრამ მათმა გარემარბმა ოლეგ კოსარიევმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. მე-15 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მოლი ისევ დერდეფნიდან ააგორეს. ამჯერად უკრაინელებმა მისი შეჩერება წესის დარღვევით შეძლეს. ჩვენმა მორაგბეებმა შერკინება მოითხოვეს. იქიდან გამოტანილი ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ მარჯვნივ ხაზზე გაიტანა. იქ წარმოქმნილი რაკიდან კი თვითონვე შეუტია და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 14:0.

პირველ ტაიმში ყველაზე ლამაზი ლელო მესამე გამოდგა, რომელიც ჩვენმა მორაგბეებმა მე-20 წუთზე გაიტანეს. "ბორჯღალოსნებმა" მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს, მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს, ბოლოს მეტოქის ხაზი ფულბეკმა ბესიკ ხამაშურიძემ გაჭრა და შებოჭილმა, თითქმის წაქცეულმა, ურთულეს მდგომარეობაში გარემარბ ლექსო გუგავას ტექნიკურად უზადოდ მიაწოდა ბურთი. გიგავას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. კვრიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 19:0.

ტაიმის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა, როცა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე, საპრემიო ქულის მომტანი ლელო მიითვალა. "ბორჯღალოსნები" მარჯვენა ფრთიდან უტევდნენ. მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთან ახლოს წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სამხარაძემ აიტაცა და თვითონვე შეუტია. ის უკრაინელებმა შეაჩერს და კიდევ ერთი რაკი წარმოიქმნა, რომელმაც მთავარი მსაჯი ქვეშ მოიყოლა. ცხადია, თამაში გაჩერდა და ჩვენ სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა.

შერკინებიდან სამხარაძემ შეტევა მარცხნივ განაგრძო, ბურთი მგეზავ კვირიკაშვილს გადააწოდა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და კიდესკენ შეტევაში გარემარბი ირაკლი მაჩხანელი ჩართო, რომელმაც ლელო ალამთან ახლოს გაიტანა. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 24:0.

შესვენების შემდეგ ის იყო, თამაში განახლდა, რომ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა. ჩვენმა მორაგბეებმა, ისევე როგორც პირველი ტაიმის დასაწყისში, მიზანს ამჯერადაც მოლის აგორებით მიაღწიეს. უკრაინელთა ჩათვლის მოედანში ბოლოს ბურთით ხელში ნაკრების კაპიტანი დავით ზირაქაშვილი იყო. კვირკაშვილმა გარდასხვა ამჯერადაც ვერ გაიტანა - 29:0.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა 45-ე წუთიდან შეცვლებს მიმართეს. მოედანზე, როგორც უკვე ვთქვით, ორი დებიუტანტი გამოჩნდა, რომლებსაც გუნდის თამაშში დისონანსი არ შეუტანიათ. პირიქით, მათი მონდომება და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების სურვილი, სხვებსაც გადაედო და "ბორჯღალოსნებმა" სტუმრებს კიდევ ხუთი ლელო გაუტანეს.

54-ე წუთზე უკრაინელთა 22-მეტრიან ზონაში ჩვენმა მორაგბეებმა დერფანი წააგეს. მგეზავმა სერგეი ცერკოვნიმ ბურთი ფეხით საქართველოს ნაკრების ნახევარზე გადაიტანა. ახლა ჩვენმა უკანახაზელება შეუტიეს. ჯერ მარჯვნივ დაარტყეს, მერე კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა, მარცხნივ დაიძრა და შეტევაში ჩართულ ურჯუკაშვილს გადააწოდა, ამან კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ მაჩხანელი მოძებნა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ვერ გაიტანა - 34:0.

ხუთ წუთში ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი ლამაზი ლელო მიითვალეს. მორკინალების მიერ შექმნილი უპირატესობა უკანახაზელებმა შესანიშნავად გამოიყენეს. კომბინაციის დასკვნით ფაზაში ბიძინა სამხარაძემ და შუამარბმა დავით კაჭარავამ ჯვარედინი გაითამაშეს. კაჭარავამ ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. კვირკაშვილმა გარდასახა - 41:0.

ამას სამ წუთში ბექა ურჯუკაშვილის ლელო მოჰყვა, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ. გარდასახვა ისევ კვირიკაშვილის ანგარისზეა - 48:0. სამი წუთის შემდეგ უკრაინელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. კოსარიევმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა - 3:48.

დასკვნითი ათი წუთი საქართველოს ნაკრებმა შეტევებში გაატარა. 71-ე წუთზე მორიგი იერიში შეცვლაზე შესულმა ირაკლი აბუსერიძემ დაასრულა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 55:3. მატჩის ბოლო წუთზე კი, ''ბორჯღალოსნებმა'' მარჯვენა ფრთაზე დერეფანში მოგებული ბურთი მარცხნივ ბოლომდე ჩაათამაშეს, სადაც ბურთს მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე დაუხვდა. გარდასხვა ამჯერად შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ გაიტანა - 62:3.


მატჩის შემდეგ:
რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ნოემბრის ტესტების შემდეგ გუნდი პირველად შეიკრიბა. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა უკვე ნასწავლი გაიმეორეს, დახვეწეს. ვფიქრობ, მორაგბეებმა ყველაფერი საკმაოდ ეფექტურად შეასრულეს.

ცხადია, ხარვეზებიც იყო. დავინახეთ კიდევ რაზე გვაქვს სამუშაო. ჩვენი მიზანია გუნდის თამაშის ხარისხის ამაღლება. მომდევნო მატჩამდე ერთი კვირა გვაქვს. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხარვეზები აღმოვფხვრათ და განსხვავება დაგანახოთ.

ჯონ მაგლტონი სამი მსოფლიო თასის მონაწილეა, მე - ორის. კარგად ვიცით ნაკრებში როგორი მორაგბეები გვჭირდება. საქართველოს ნაკრები ძლიერი მოთამაშეებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ჩვენ ბევრ ახალ მოთამაშეს მივცემთ თავის გამოჩენის საშუალებას. ისინი დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს. სასიხარულოა, რომ ძველი, გამოცდილი მოთამაშეები ცდილობენ მათ დაეხმარონ "

ჯონ მაგლტონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"უკრაინასთან მატჩში ჩვენი მიზანი იყო, მივეღწია შერკინებისა და უკანა ხაზის სინქრონული თამაშისთვის. რასაც მომენტებში ვაღწევდით კიდეც. შერკინებით მოპოვებულ უპირატესობას უკანახაზელები კარგად იყენებდნენ.

ნაკლოვანებები, ცხადია, გვქონდა. ბურთს კოტაქტისას ხშირად ვკარგავდით, რამდენჯერმე შესრულდა გრძელი გადაცემა, მაშინ, როცა ეს საჭირო არ იყო. კარგად გაისარჯა გუნდი რაკში, შერკინებასა და ფეხით თამაშში. ერთი სიტყვით, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ხარვეზებს მხოლოდ შრომით თუ აღმოვფხვრით."

ზაზა ლეჟავა, უკრაინის ნაკრების კონსულტანტი:
"უკრაინულ რაგბიში სერიოზული პრობლემებია. საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ მზად არ ვიყავით. მორაგბეებს ვთხოვეთ, დაცვაში თავგანწირულად ეთამაშათ. ამით კმაყოფილი ვარ, რადგან ორ დღეში მეტის მიღწევა შეუძლებელია.

იმედი მაქვს, პრობლემები მოგვარდება. უკრაინულ რაგბის კარგი პოტენციალი აქვს და ვეცდებით, ევროპის საუკეთესო თორმეტეულში დავიმკვიდროთ ადგილი."

ვადიმ ბულგაკოვი, ოდესის "კრედოს" პრეზიდენტი:
"საქართველოს ნაკრების თამაში ყოველთვის მომწონდა. მძლავრი შერკინება, დახვწილი ტექნიკა, ძალიან ვაფასებ და, გარწმუნებთ, მსოფლიოს თასზე თქვენ გუნდს ვუქომაგებთ.

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. ეს ეხება არა მარტო უკეთ თამაშს, არამედ რაგბის მეურნეობის მართვასაც. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ამაში დახმარებას გაგვიწევს.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვეული, გულთბილი მასპინძლობისთვის."


საქართველო-უკრაინა 62:3
საქართველო: (15-9) ხამაშურიძე (ბ.ურჯუკაშვილი 45), მაჩხანელი, კაჭარავა, გიორგაძე, გუგავა (აბუსერიძე 66), კვირიკაშვილი (მალაღურაძე 73), სამხარაძე. (1-8) ხინჩაგიშვილი (კაკოვინი 60), ნატრიაშვილი (ბრეგვაძე 45), ზირაქაშვილი, დათუნაშვილი, სუთიაშვილი, ლაბაძე (ზ.მაისურაძე 45), უდესიანი (ვ.მაისურაძე 36)
10ლ: ნატრიაშვილი, გუგავა, მაჩხანელი (2), კაჭარავა, სამხარაძე, აბუსერიძე, ბ.ურჯუკაშვილი, ჩხაიძე, ზირაქაშვილი. 6გ: კვირიკაშვილი (5), მალაღურაძე. 
უკრაინა: (15-9) პონომარენკო, მონასტირიოვი, გარკავი (გოლიშჩევი 56), პ.მასიუკოვი, კოსარიევი, ცერკოვნი (დ.მასიუკოვი 41), კიკაჩეიშვილი. (1-8) სუხიი (ჩაიკა 56), კირსანოვი (პოლიანსკი 41), ზალიზნიაკი (ოლექსანდრიუკი 41), კრასილნიკი, კულაკივსკი, ვოლოშინი (ნოვოკრეშჩენოვი 47), ლომაკინი, ცაპენკო. 
ს: კოსარიევი
მსაჯი: სირილ ლაფონი (საფრანგეთი)


პორტუგალია-რუმინეთი 24:17
პორტუგალია (15-9) ლეალი, ფორო, ოლივიერა, სილვა, აგილარი, გარდნერი, პინტუ. (1-8) მურე, კორეია, ალვეში, აკოსტა, გ.უვა, ვ.უვა, ბარდი, სევერინი.
(16-22) კამპერნი, ჟუნიორი, გირაუ, ბალაგო, კაბრალი, მირა, ლიმა.
3ლ: სილვა, ოლივეირა, აგილარი. 3გ,ს: გარდნერი
რუმინეთი (15-9) დუმიტრაში, ნიკოლაე, გალი, დესკალუ, ბოტეზატუ, დუმბრავა, კალაფეტეანუ. (1-9) ბალანი, ბეკა, ნერე, სირბე, პეტრე, ლუკაკი, ტონიცა, კარპო.
(16-22) ზებეგა, პოპესკუ, მაკოვეი, პოპირლანი, სურუგუი, კაზანი, ვლაიკუ.
2ლ: ნიკოლაე, კაზანი. 2გ: დუმბრავა, ვლაიკუ. ს: ვლაიკუ.

ესპანეთი-რუსეთი 24:28
ესპანეთი (15-9) დელგადო, აუბანელი, ერედია, კანოსა, ტუდელა, ხორახურია, აისეტარანი. (1-8) პრადალი, ბ.აუზქუი, მ.აუზქუი, რეკუერდა, ნეგრილო, აკენა, გიბუინი, კუკი.
(16-22) ვიტალა, მორენო, ანტექუერა, სამსონი, რუე, გუტიერესი, ამორო
3ლ: მორენო, მ.აუზქუი, ტუდელა. 3გ: რუე. ს: ხორახურია.
რუსეთი (15-9) არტემევი, კუზინი, ბაბაევი, გალინოვსკი, ოსტროუშკო, კუშნარიოვი, იანუშკინი. (1-8) მაღლაკელიძე, კორშუნოვი, პრონენკო, ვოიტოვი, ოსტრიკოვი, გრესევი, მატვეევი, ფატახოვი.
(16-22) ხროკინი, ტრავკინი, გარბუზოვი, ტემნოვი, შაკიროვი, რაჩკოვი, კლუჩნიკოვი.
3ლ: იანუშკინი, ოსტროუშკო, გრესევი. 3ს: კუშნარიოვი (2), რაჩკოვი. 2გ: კუშნარიოვი.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +59 5
2. პორტუგალია 1 1 0 0 +7 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +4 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -4 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0

II ტური, 12 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, უკრაინა-რუმინეთი, რუსეთი-პორტუგალია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული