"ბორჯღალოსნების" ბოლოსწინა რეპეტიცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ხვალ ერთა თასის გათამაშების მეორე ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნებმა", რომლებიც იქამდე "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" იწვრთებოდნენ, გუშინ ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანელ "ლომებს" საგრძნობლად სახეცვლილი დაუხვდება. პირინელეებთან არ ითამაშებენ შერკინების პირველხაზელები დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი). მათ ადგილს შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები დაიკავებენ, ვასილ კაკოვინი (ბრივი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი) და ბექა შეყლაშვილი (აჟენი).

უკრაინასთან მატჩში დაშავდა და გუნდს ვერ დაეხმარება მესამეხაზელი ბესო
უდესიანი (მაკონი). მის ნაცვლად რიჩი დიქსონმა რუმინული "ფარულის" მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძე იხმო. ნაკრებს დაემატა ასევე მეორეხაზელი ილია ზედგინიძეც (სენ რაფაელი), თუმცა მას მხარი აწუხებს და თამაშს ვერ შეძლებს.

ნაკრებმა ვარჯიში ტრადიციულად მოთელვით დაიწყო, რომელსაც მარკ დიქსონი ხელმძღვანელობდა. მერე გუნდი მთლიანად დაცვის მწვრთნელ, ჯონ მაგლტონის განკარგულებაში გადავიდა. მორაგბეებმა ჯერ ერთი-ერთზე ბოჭვა დახვეწეს. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მაგლტონმა მოთამაშეები ოთხ-ოთხად დაჰყო და წინააღმდეგობის პირობებში, "ოფლოუდებში" ავარჯიშა. ბურთიან მორაგბეს მოწინააღმდეგე ბოჭავს, ის კი ცდილობს ფეხზე დარჩეს და ბურთი მიმყოლ თანაგუნდელს გადააწოდოს.

ამის მერე, ავსტრალიელმა სავარაუდო სათადარიგოებს შემტევი ფუნქცია დააკსირეს, რომლებიც ცხრა ნომრის მიერ მიმართულების ხშირი ცვლით უტევდნენ. ძირითადის მოთამაშეები კი მწყობრი დაცვით ცდილობდნენ მეტოქის უმალვე შეჩერებას.

მალე უკანახაზის მწვრთნელის, ირლანდიელი მაიკ ბრედლის ჯერიც დადგა. მორაგბეებმა როლები გაცვალეს. ძირითადი შემადგენლობა სხვადასხვა სტატიკური მდგომარეობიდან (დერეფანი, შერკინება) უტევდა. ვარჯიშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გია ლაბაძე, 8. გიორგი ჩხაიძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ბექა შეყლაშვილი, 18. ზვიად მაისურაძე, 19. ლაშა თავართქილაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ბექა ურჯუკაშვილი.

მერე, რიჩი დიქსონმა გუნდი ორად გაჰყო, შერკინების მოთამაშეები "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე გადაიყვანა და სპეციალურ დაზგაზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დერეფანში თამაშის ახალი კომბინაციები დაამუშავებინა. ამასობაში, უკანახაზელებთან მაიკ ბრედლი მუშაობდა. მან ბიჭები მეტოქის მიერ გადმოგდებული ბურთის ამოტანასა და მოწინააღმდეგის უეცარი შეტევის სწრაფად ჩახურვაში ავარჯიშა. ბოლოს, დამრტყმელებმა თავიანთი ფეხჩუბინობა კიდევ ერთხელ შეამოწმეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"








.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბილეთები იყიდება ლოკომოტივზევე ხვალ დილიდან...
Jamel
18:20 11-02-2011
0
ბილეთები როდიდან და სად იყიდება?
SOSO
14:00 11-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული