worldrugby: საქართველო საუკეთესო ათეულს უმიზნებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯაბა ბრეგვაძე და თამაზ მჭედლიძე
საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები არც "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდს დარჩენია უყურადღებიოდ და ახლახან "ბორჯღალოსნებს" წერილი მიუძღვნა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

- ქართული რაგბისთვის გასაოცარი დრო დადგა! 2015 წლის მსოფლიო თასზე საუცხოო თამაშის შემდეგ წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა ოკეანეთის ტურნეში, რომელიც წაუგებლად დაასრულეს და მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილი დაიკავეს.
ივნისში ფიჯის 14:3 ძლევის შესახებ ჯერ საუბრებიც არ ჩამცხრალა და "ბორჯღალოსნები" უკვე ნოემბრის ტესტებზე ახალ სენსაციებს უმიზნებენ.

"ფიჯიდან სანამ გამოვემგზავრებოდით, ერთ ჯგუფად დავსხედით და ვისაუბრეთ
იმაზე თუ რაოდენ კარგი შესაძლებლობა გვეძლევა ნოემბრის ტესტებზე, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესოს შორის მოვხვდეთ, რაც ორწლიან გეგმაში შევიტანეთ მსოფლიოს თასი დასრულდა თუ არა შარშან, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შინ სამოას და იაპონიას ვეთამაშებით და გასვლაზე შოტლანდიას. ვინ იტყვის, რომ არ შეგვწევს ძალა შოტლანდიას "გული დავწყვიტოთ"?! ცხადია, ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ვერნ ქოთერის ხელმძღვანელობით შოტლანდია სულ სხვა გუნდია.

მსოფლიოს თასმა და ოკეანეთის ტურნემ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეგვმატა და ყველამ კარგად ვიცით, რომ სპორტში კარგად თუ მიუდგები საქმეს, იმუშავებ და თავდაჯერებულობას გაზრდი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შოტლანდიასთან მატჩის ნამდვილად არ გვეშინია. რა თქმა უნდა გვინდა, რომ ტოპ 10-ში მოვხვდეთ და თუ კარგად ვიმუშავებთ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ."

ახალი მიდგომა
ჰეიგმა სადავეები 2011 წლის დეკემბერში, რომ გადაიბარა, საქართველო რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა. და ახლა როდესაც ოთხი ადგილით აღზევება ნამდვილად მნიშვნელოვან პროგრესზე მიგვანიშნებს, რეალობა ისაა, რომ საქართველო უკვე ძალიან განსხვავდება იმ ერთგანზომილებით მოთამაშე გუნდისგან, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილეობდა.

ვეებერთელა კაცების გუნდს, რომლებსაც "დიდი გული აქვთ", ახალზელანდიელმა ჰეიგმა უკანა ხაზის თამაშის ცოტაოდენი გუმანი შემატა, რამაც შინ თუ გარეთ გუნდს ხელშესახები პროგრესი მოუტანა.

"2011 წლის მსოფლიოს თასზე რომ ვაკვირდებოდი ერთ განზომილებაში მომუშავე გუნდის შთაბეჭდილება მრჩებოდა: დიდი და ღონიერი ბიჭები, რომლებიც ერთფეროვნად თამაშობდნენ. ბევრი რამ გვქონდა ასათვისებელი, უნდა შეგვეძინა წნეხის ქვეშ გადაწყვეტილებების მიღების უნარი და შეტევებისას ბურთი მეტად უნდა გაგვეშალა.

შესაბამისად ვცადეთ, რომ ჩვენი მშვილდისთვის მორკინალების გარდა სხვა ისრებიც შეგვემატა. ოკეანეთის ტურნეზე ის ვისწავლეთ, რომ შეიარაღებაში დამატებით რამე თუ არ გვექნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ზაფხულის ტესტებზე განსაკუთრებით იმით ვისიამოვნე, რომ მეტოქეებს ინდივიდუალურად ბრწყინვალე მორაგბეები ჰყავდათ და ამის მიუხედავად, ჩვენ სტრუქტურირებული შეტევებით მათზე ბევრად მეტი შევქმენით."

2019 მსოფლიოს თასზე ავტომატურად გასვლით, რაც "ბორჯღალოსნებმა" შარშანდელ მსოფლიოზე ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით დაიმსახურეს და იმის გამო, რომ საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ძირითად მორაგბეს ვერ უხმობდა, ჰეიგს მიეცა შესაძლებლობა, რამდენიმე ახალი კომბინაცია გამოეცადა და ზოგი ახალი მორაგბისთვის ეხმო ოკეანეთში. ვიდრე მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას კიდევ ერთხელ და მოგვიანებით ფიჯის დაამარცხებდნენ, "ბორჯღალოსნები" სამოასთან 19:19 დაზავდნენ.

"ჩვენს ბოლოდროინდელ სტატისტიკას, რომ გადახედოთ და მსოფლიო თასისას შეადაროთ, ნათლად ჩანს, რომ ახლა ბევრად უკეთესი გუნდი ვართ, - გაგვიმხილა ჰეიგმა. - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველად ვესტუმრეთ ოკეანეთს და ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ, როგორებიც სამოა, ტონგა და ფიჯი არიან და არცთუ ისე ბევრ გუნდს შესძლებიათ ოკეანეთიდან ერთი ფრისა და ორი მოგების წამოღება, მიმაჩნია, რომ ეს შრომა მსოფლიოს თასისაზე დახარჯულს უტოლდება.

რადგან რამდენიმე ჩვენი მორაგბე თავიანთ კლუბებს ეხმარებოდა, გადავწყვიტეთ სხვა მოთამაშეებისთვის დაგვეძახა, რათა გვენახა, საკვანძო პოზიციებზე სიღრმეების შექმნას თუ შევძლებდით.

სიმართლე, რომ გითხრათ იმდენი ბურჯი გვყავს, რომ ლამისაა, თვალდახუჭულს შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, მაგრამ ამხელა კონკურენციის დროს მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ ნადვილად დაიმსახურა გამოცდის შანსი. ასევე იყო მესამე ხაზელი ბექა ბიწაძე, რომელიც მსოფლიოს თასის რაზმში ვერ მოხვდა. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი თამაშით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ ნაკრებში ორიოდ წელი არ ეთამაშათ.

ბექა ფედერალ 1-ში ასპარეზობს. ტურნეს შემდეგ რამდენიმე აგენტს ვესაუბრეთ და იქნებ უფრო მაღალი დონის კლუბში გადავიდეს".

თანამიმდევრობა
ჰეიგი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც კარგად გაითავისა მსოფლიო რაგბის წვლილი, რომელმაც მეტი მაღალი დონის მატჩის შესაძლებლობა მისცა საქართველოს ნაკრებს და რომ ეს წვლილი ზრდის გუნდის სტანდარტს.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე ორჯერ ვეთამაშეთ სამოას, ხოლო იაპონიას კი სამჯერ. უკეთესი მატჩები გვაქვს და შესაბამისად უფრო წარმატებულნი ვართ, - განაცხადა ჰეიგმა და ასევე დასძინა - გვინდა, რომ უფრო მეტმა გუნდმა დაგვპატიჟოს და მსოფლიოს რაგბიმ დაგვეხმაროს მეტი მაღალი დონის მეტოქის მოძიებაში, რაშიც მარკ იგანი და პიტერ ჰორნი განსაკუთრებით გვეხმარებიან".

დიდი ცვლილებები
მსოფლიოს რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი საუბრობს ახალ მიდგომაზე, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო დონეზე მეტი პროგრესი განიცადოს.

"ბედნიერნი ვართ ივნისში საქართველოს კარგი თამაშით", - განაცხადა იგანმა. - შარშან ნოემბერში მე და მილტონ ჰეიგმა განვიხილეთ "
"ბორჯღალოსნების" თამაში მსოფლიოს თასზე და მოვრიგდით იმაზე, რომ რადგან ისინი შემდეგ მსოფლიოზე გავიდნენ, ივნისისა და ნოემბრის ტესტების მიმართებაში ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მიდგომა უნდა გვენახა.

იმ დროს, როდესაც წინა მსოფლიოს თასის ციკლში თბილისის თასი საქართველოსთვის განვითარების კარგ პლატფორმას წარმოადგენდა, ჩვენ და ჰეიგი შევთანხმდით, რომ მოთამაშეები თავიანთი კომფორტის ზონიდან უნდა გამოგვეყვანა, რათა გამოწვევა მათთვის სრულიად უცნობ სათამაშო და საცხოვრებელ გარემოში ენახათ.

მილტონი თავიდანვე მხურვალედ მხარს უჭერდა ოკეანეთის ტურნეს იდეას და მიაჩნდა, რომ მისი მორაგბეები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ, გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას.

ტურნედან ორი მოგებითა და ერთი ფრედ დასრულებული მატჩით დაბრუნება შეიძლება წარმოუდგენელ მიღწევად ჩაითვალოს გუნდისთვის, რომელიც ახლა ნომებრის ტესტებზე იაპონიასთან, სამოასთან და შოტლანდიასთან თამაშს დიდი თავდაჯერებულობით უმიზნებს".

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ გაჭირვებულ და პრობლემებით დატვირთვულ ყოფაში ჩემს ცხოვრებაში სიხარულის განცდა გამიჩნდა!ქართული რაგბი!გახსენებაც კი განუზომელი საიმაყით, სითბოთი და სიყვარულით მავსებს!როდის მოვა შემოდგომა რომ უკანასკნელ ლარებს შევაგროვებ და სტადიონზე წავალ,რომ განუზომელი სიამოვნება მივიღო გულშემატკივრობით,ბოლო ხმაზე ვიყვირო,ბოლომდე დავიხარჯო ჩვენი ბიჭების ქომაგობით!ყველა ნაცნობს ტუ ნათესავს ვაიზულებ რომ ბილეტები იყიდონ და სტადიონზე წავიდეთ!რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული რაგბის განვითარების,წარმატების საქმეში.ყველანი სტადიონზე!!!ნეტავი ი მათ ვისაც საშუალება აქვს შოტლანდიაში გაყვეს საქართველოს ნაკრებს და იქ უქომაგოს..რამხელა ბედნიერებაა..
ბაბუ
13:16 18-07-2016
0
ოკეანეთში ტურნემდე ვამბობდი რომ ერთი მოგება უკვე დიდი წარმატება იქნებოდა. ლომებმა სასიამოვნოდ გაგვაოცეს ერთი კიარა სამივე თამაში წაუგებლად გაიარეს შესანიშნავი სამი დილა გვაჩუქეს. შემოდგომაზე კი მაგარი ჯახები გვექნება აი სახლში ორივე თამაში უნდა მოვიგოთ ჩვენი მხრიდან სავსე დინამო არენა იქნება დიდი გამარჯვების საწინდარი
მდა
10:46 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული