"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"

AutoSharing Option
9-10 დეკემბერს პარიზში "რაგბი ევროპის" 97-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, სრკ-ის წარმომადგენელი "რაგბი ევროპასა" და "მსოფლიო რაგბში" გიორგი ნიჟარაძე "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.

"რაგბი ევროპის" სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რამაც ამ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი. აქამდე პრეზიდენტს 10 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა და გიორგი ნიჟარაძე ერთ-ერთი მათგანი იყო. ახლა ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა 4-მდე შემცირდა და თითოეული მათგანი კონკრეტულ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილების მიმღები, უმაღლესი ორგანო გახდა.

კენჭისყრისას ნიჟარაძემ დელეგატთა ყველაზე მეტი
- 290 ხმა მიიღო, რაც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაწეული ძალისხმევის კიდევ ერთი აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ ამდენი მხარდამჭერი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებსაც კი არ ჰყავდათ.

საქართველოს წარმომადგენელი რაგბი ევროპის უმაღლეს ორგანოში
"რაგბი ევროპაში" განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 17 წევრისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები, უმაღლესი ორგანო გახდა და ამ ორგანოში საქართველოს თავისი წარმომადგენელი ეყოლება.

იყო შემოთავაზება, რომ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად დავრჩენილიყავი, თუმცა მიმაჩნია, რომ სჯობს საქართველოს გადაწყვეტილებების მიღებაზე ჰქონდეს გავლენა და ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.

გამახარა გადაწყვეტილებამ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ, რომელიც ამ ასამბლეაზე საბოლოოდ დამტკიცდა. "რაგბი ევროპამ" ცვლილებებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურნირი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ დატოვა. ევროპის ელიტური ქვეყნებიდან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მხოლოდ საფრანგეთი დარჩა და მნიშვნელოვანი იყო ტურნირის გაძლიერებაზე ზრუნვა, რადგან სხვაგვარად განვითარებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება იაპონიასთან, ამერიკასთან და კანადასთან და მომავალი წლიდან ისინი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან. მათი ჩართვა ტურნირს გააძლიერებს და ჩვენს გუნდსაც უფრო საინტერესო თამაშები ექნება, რაც განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია".

ფრანჩიზი და საკლუბო პერსპექტივები
ბოლო დროს აქტიურად განიხილება ქართული ფრანჩიზის (ქართულ და უცხოურ კლუბებში მოთამაშე მორაგბეთა ნაკრები) რომელიმე ძლიერ ტურნირში - "სუპერ რაგბში", ან "გინეს პრო 12-ში" ჩართვის საკითხი. მოლაპარაკებებს ნიჟარაძეც ადასტურებს, თუმცა ფინანსური საკითხი შემაფერხებელ ფაქტორად რჩება და მისი მოგვარების შემთხვევაში საკითხის დადებითად გადაწყვეტის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება:

"ქართული ფრანჩიზის ძლიერ ტურნირში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ "რაგბი ევროპის" კონგრესის, არამედ მსოფლიო რაგბის საბჭოს მიმდინარეობის პარალელურადაც იყო საუბრები და მასში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ხურციძე იყვნენ ჩართულნი.

ყველას ესმის, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა: საქართველო აუცილებლად უნდა ჩაერთოს რომელიმე ტოპ-ტურნირში.

სამწუხაროდ, ყველაფერი ფინანსებამდე მიდის და აქ საფიქრალი ძალიან ბევრია. როგორც ჩანს 2017 წელი ფინანსურად რთული იქნება, თუმცა 2018 წლისთვის ყველამ ერთად - სრკ-მ, მთავრობამ, მსოფლიო რაგბიმ, ბიზნეს-სექტორმა და გულშემატკივრებმა ერთობლივად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, მოვიძიოთ თანხები და ჩავერთოთ ასეთ ტურნირში.

ეს იაფი სიამოვნება არ იქნება. საკმაოდ სერიოზულ თანხებზეა საუბარი, მაგრამ თუ გვინდა განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნება, ძლიერი ფრანჩიზის ჩამოყალიბება, მისი ტოპ-ჩემპიონატში ჩართვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს იოლი არ იქნება, თუმცა რაგბის კავშირისთვის საკითხი პრიორიტეტულია და მიმდინარეობს მუშაობა გამოსავლის მოსაძებნად", - განაცხადა ნიჟარაძემ.

გარდა ამისა, საქართველოს რაგბის კავშირის სურვილია, რომ ორი ქართული კლუბი, დიდი 10-ის ფინალისტები
"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირში ჩაერთონ, თუმცა ეს საკითხიც ფინანსებთანაა დაკავშირებული. რაგბი ევროპის პროექტის მიხედვით, ამჟამად არსებული შესარჩევი ტურნირის ფორმატი შეიცვლება და 2017 ან 2018 წლიდან "რაგბი ევროპის ლიგა" დაარსდება.

მასში 10 გუნდი უნდა ჩაერთოს - საქართველოდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და პორტუგალიიდან. ეს 10 გუნდი ერთ წრედ ითამაშებს და ცხრა ტურის შემდეგ ორი საუკეთეს პლეი ოფში გავა, სადაც იტალიის ორ წარმომადგენელთან შინ და გარეთ ითამაშებენ, ხოლო პლეი ოფის გამარჯვებულები "ჩელენჯ ქაფის" მომავალი გათამაშების საგზურს მიიღებენ.

შოტლანდიელთა სურვილი
"შოტლანდიელებმა საქართველოს ნაკრებთან თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს და მე სამივე ამ შეხვედრას ვესწრებოდი.

ისინი სრკ-ს პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს შოტლანდიაში ორჯერ ესაუბრნენ - 26 ნოემბრის მატჩამდე და სურვილი მისი დასრულების შემდეგაც დაადასტურეს.

მესამე შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც დავჯექით და კალენდარი განვიხილეთ. გაირკვა, რომ 2017-2018 წლებში თამაშის ჩასმა ვერ მოხერხდებოდა, თუმცა მუშაობა გრძელდება. 2019 წლის მსოფლიო თასამდე 45-დღიან ვადაში, გასახურებელი მატჩების დროა და არაა გამორიცხული საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა ამ პერიოდში გაიმართოს", - ამბობს ნიჟარაძე.

საქართველო - რაგბი ევროპის რეგიონალური ცენტრი
ასამბლეაზე რაგბი ევროპის წვრთნისა და საგანმანათლებლო პროცესის, ასევე ევროპაში მსოფლიო რაგბის წვრთნების მენეჯერმა, რუმინელმა დანიელ მიტრეამ, წელს აგვისტოში თბილისში ჩატარებულ მწვრთნელთა, მაწრთობთა და მსაჯთა სასერთიფიკატო კურსებს უმაღლესი შეფასება მისცა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ქართველი სპეციალისტების მომზადების დონესა და ქართველი მსაჯების წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.

შედეგად, საქართველო საგანმანათლებლო კუთხით რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად აღიარეს და წელს ჩვენი ქვეყანა სამ სასერთიფიკატო კურსს უმასპინძლებს: 25-28 თებერვალს ფიზ.მომზადების მეორე დონის კურსს; 27-29 მარტს მოედანზე გადაუდებელი დახმარების მეორე დონის კურსს; 6-8 ნოემბერს 15-კაცა რაგბში მსაჯთა გადამზადების მეორე დონის კურსს.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტა რაში გვჭირდება 150 კაციანი პარლამენტი, პრეზიდენტი, ზოგიერთი უფუნქციო და არაფრის მაქნისი სამინისტრო და ა.შ. მაგ წურბელებისთვის გადახდილი ფული ვინმეს ადგება რამეში თავიანთი ოჯახების გარდა? ერთადერთი ნათელი წერტილი რაგბი დარჩა ამ გაუბედურებულ ქვეყანაში და მაგათ მაინც მივხედოთ ხალხმა, ერთად. ეს მუქთახორებიც მოვიშოროთ და გულშემატკივართა ფონდიც უნდა შეიქმნას.
DAVID
14:02 24-02-2017
0
შევაგროვოთ თუ გამოვა ეს საქმე.აბა მიხედეთ, მიაწექით, ჩვენც გვერდში დაგიდგებით.
kaxa
20:57 21-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული