დანის პირზე სიარული-როდემდე?

AutoSharing Option

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში წლეულს "მონპელიე", რომელშიც ხუთი ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე, გოდერძი შველიძე, გიორგი ჟღენტი და მიხეილ ნარიაშვილი ასპარეზობს, სეზონის აღმოჩენადაა მიჩნეული. ახალი მწვრთნელების ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს მისვლის შემდეგ, გუნდის თამაში კარდინალურად შეიცვალა და მონპელიელები თავის ხანმოკლე ისტორიაში (კლუბი 1984 წელსაა დაარსებული) პლეი ოფში გასვლის შანსი პირველად მიეცათ.

გასულ უქმეებზე ჩვენებურთა გუნდმა შინ უძნელეს ბრძოლაში დაამარცხა ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი "სტად ფრანსე" - 29:23. მატჩის შემდეგ ფაბიენ გალტიე გამუდმებით ბუტბუტებდა: "როგორც ყოველთვის, როგორც ყოველთვის". რას გულისხმობდა
ლეგენდარული ფრანგი გაუგებარია, თუმცა კარგად იციან "მონპელიეს" მორაგბეებმა.

გუნდმა უმთავრსი ამოცანა შეასრულა, პარიზელები დაამარცხა და საპლეიოფო ექვსეულში დაიბრუნა ადგილი. "სტად ფრანსესთან" შეხვედრაში გამორჩულნი ქართველი მორაგბეები გიორგი ჟღენტი და მამუკა გორგოძე იყვნენ.
აი როგორ აფასებს მათ თამაშს თავის სტატიაში სტივ ვაითლი:

"სპეციალური აღნიშვნის ღირსია შერკინების ბურჯის გიორგი ჟღენტის შესანიშნავი თამაში. მისი მძლავრი, თამამი გარღვევები თანაგუნდელებს საბრძოლოდ განაწყობდა. და მამუკა გორგოძე, რომელმაც, როგორც ყოველთვის თავდადებით, ბოლომდე შეუპოვრად ითამაშა.
მეორე ლელო, რომელიც მონპელიემ გაიტანა, ქართველების დამსახურებაა. ჯერ გორგოძემ შეუტია სახიფათოდ, მაგრამ შეაჩერეს, მერე ბურთი ჟღენტმა აიტაცა და ლელოში შეაღწია."
ჟღენტის მიერ გატანილი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა. "მონპელეიმ" უმნიშვნელოვანესი გამრჯვება მოიპოვა.
"ჩვენ არ ვბრწყინავდით პირველ ტაიმში, ხშირად ვკარგავდით ბურთს და მეტოქეს აგრესიულ თამაშშიც ჩამოუვარდებოდით. მეორე ნახევარში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. ბურთის დიდხანს შენარჩუნება მოვახერხეთ, ორი ლელო, რომელთა გატანაც შევძელით შესანიშნავი იყო" - თქვა ფაბიენ გალტიემ.
პარიზელებთან გამართული მატჩის სცენარი, ძალიან ჰგავადა მარტის დასაწყისში ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" ნათამაშები მატჩისას. მაშინ მონპელიელებმა გაჭირვებით, მინიმალური სხვაობით მოიგეს - 25:24. მერე კი სტუმრად კიდევ ერთ აუტსაიდერთან, "ლა როშელთან" წააგეს - 16:20.

რა არის "მონპელიეს" ასეთი არასტაბილური თამაშის მიზეზი? გალტიე ამზე ასე პასუხობს:
"იცით რა? ოცნება საჭირო არაა. თუ გავითვალისწინებთ, ტრავმების გამო რამდენი წამყვანი მოთამაშე გვაკლია, გუნდის მიმართ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კმაყოფილი ვართ და საქმეს კრიტიკულად არ ვუდგებით. ამასთან მინდა გავამხნევო და მივულოცო იმ მორაგბეებს კარგი თამაში, ვის მხრებზეც ბოლო მატჩების სიმძიმემ გადაიარა. მე ამაყი ვარ მათით".
მაშ ასე, ვინ აკლია "მონპელიეს?" მხარი დაიზიანა ბენჟამინ ტეირიმ, რომელიც გუნდს ხუთი კვირა ვერ დაეხმარება, ფეხის კუნთი დაიშავა კაპიტანმა და ლიდერმა ფულენსე უოდრაოგომ, ის სამი კვირა ვერ ითამაშებს, მიქაელ ლედუ კი სეზონის ბოლომდე არ იქნება. ისინი "მონპელიეს" ვერც შემდეგ ტურში დაეხმარებიან "ბურგენთან" მატჩში. გამოდის, ჩვენებურთა გუნდს კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ელის და მძიმე ჭაპანი ისევ ქართველებმა უნდა ზიდონ. როდემდე?

ვულკანები სახეს იცვლიან

საფრანგეთის ჩემპიონი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" კრიზისს განიცდის. შარშანდელი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, გუნდი თავის თავს აღარ გავს და რეგულარული გათამაშების დსრულებამდე ოთხი ტურით ადრე 58 ქულით სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-7 ადგილზეა. ცხადია, ჯერ არაფერი დასრულებულა, "ვულკანებს" პლეი ოფში მოხვედრის შანსი არ დაუკარგავთ და ისინი კიდევ იბრძოლებენ ტიტულის დასაცავად, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს ჯანი ძველებურად აღარ ერჩის.

კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს გუნდი საგრძნობლად გადაახალისონ. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ "კლერმონს" ფიჯის ნაკრების გარემარბი ნაპოლიონი ნალაგა დატოვებს. "ვულკანებმა" მისი შემცვლელი უმალ იპოვეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების ფიჯური წარმოშობის გარემარბი სიტივენი სივივატუ "ზირაქას" თანაგუნდელი სამი წლის განმავლობაში იქნება.
სივივატუ "კლერმონს" ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შემდეგ შეუერთდება. ის მერვე მორაგბეა, ვინც "ვულკანებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. იქამდე კლერმონელთა ყვითელი კვართის მორგებაზე თანხმობა განაცხადეს შერკინების ბურჯმა დენი კუციამ (ორიაკი), შერკინების კვაჭმა ბენჟამინ კაიზერმა (კასტრი), მეორეხაზელმა ნათან ჰინესმა (ლენსტერი), მესამეხაზელმა ჯერარდ ვოსლოომ (ბრივი), მგეზავი დავიდ სკრელამ (ტულუზი), შუამარბი რიგან კინგმა (ჰლანეჰლი) და გარემარბმა ლი ბირნიმ (ოსფრიზი).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული