23-ე ტურმა, წესით ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი. თავდაპირველად დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლთა შესახებ ვისაუბროთ. დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელიც 37 ქულით მე-12 ადგილზეა, უშუალო კონკურენტს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ლა როშელს"
ლაროშელელებისთვის ეს მტჩი ფინალის ტოლფასია. ჩვენებრთა გუნდთან მარცხის შემთხვევაში ჩამორჩენა მინიმუმ რვა ქულას მიაღწევს, რისი აღმოფხვრაც მათთვის ძალიან რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
"ბრივს", რომელმაც ბოლო ხანს თავისი თამაშს მიაგნო და მძლავრად ათამაშდა აუცილებლად მოგება სჭირდება. მით უფრო, რომ მომდევნო ორ ტურში უმძიმესი მატჩები ელის ლიერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან, "ბიარიცთან" და "მონპელიესთან".
ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში "ლა როშელმა" მოიგო 26:21. ხინჩაგიშვილი და კაკოვინი განაცხადში არიან.
planetrugby-ს პროგნოზით, "ბრივი" მინიმუმ ექვსი ქულით მოიგებს.
ბრიველებზე ოდნავ უკეთესი მდგომარეობა აქვს ბექა შეყლაშვილის "აჟენს", რომელიც 38 ქულით მე-11 ადგილზეა. აჟენელები 23-ე ტურში უმასპინძლებენ ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრს", რომელსაც 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხური უჭირავს.
კასტრელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს, ფაქტობრივად, გაინაღდებენ. თუმცა ჩვენებურთა გუნდს, რომელმაც ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან "აჟენი" ბოლო ტურებში შესანიშნავად ასპარეზობს და საკუთარ მოედანზე ასევე ოთხჯერ მოიგო.
აჟენელებმა 22-ე ტურში შინ გმირულ ბრძოლაში დაამარცხეს ქვეყნის ჩემპიონი "კლერმონი". იქამდე კი მურად ბურჯელალის ვარსკვლავურ "ტულონს" სძლიეს. ერთი სიტყვით, ადვილი შესაძლებელია მათ კიდევ ერთი ლიდერიც დაამარცხონ, რითაც საგრაძნობლად გაიუმჯობესებენ სატურნირო მდგომარეობას.
შეყლაშვილი განაცხადშია, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გიორგაძე არ ითამაშებს. პირველ წრეში "კასტრმა" შინ დიდი ანგარიშით 38:11 მოიგო.
planetrugby-ს მიაჩნია, რომ თამაში ძალიან მძიმე იქნება და მინიმალური სხვაობით სტუმრები მოიგებენ.
"კასტრის" გარდა პლეი ოფში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს", რომელიც 61 ქულით მე-5 ადგილზეა და სტუმრად ეთამაშება სრულიად უმოტივაციო, დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "ბურგუენს".
მონპელიელებმა წინა, 22-ე ტურში უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს შინ "სტად ფრანსე", რამაც მათი შანსი, გუნდის ისტორიაში პირველად ითამაშოს პლეი ოფში, ერთი-ორად გაზარდა. "მონპელიეს" სამი კვირით დააკლდება ლიდერი და კაპიტანი ფულენსე უოდრაოგო, არ ითამაშებს ასევე ფულბეკი ბენჟამინ ტიერი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათმა არყოფნამ მატჩის შედეგზე რაიმე გავლენა იქონიოს.
გორგოძე და ჟღენტი, რომლებიც ბოლო შეხვედრებში "მონპელიეს" ლიდერები არიან, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, შველიძე სათადარიგოთა შორის იქნება, ჩხაიძე განაცხადში არ არის. პირველ წრეში "მონპელიემ" შინ 28:3 მოიგო.
planetrugby-ს პროგნოზით "ბურგუენი" სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გასწევს. "მონპელიე" მინიმუმ 15 ქულით მოიგებს.
წლეულს უჩვეულოდ ცუდად ასპარეზობს საფრანგეთის ჩემპიონი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი". "ვულკანებმა" რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 58 ქულა დააგროვეს და მე-7 ადგილზე არიან. თუმცა პლეი ოფში მოხვედრა მაინც შეუძლიათ. იქ კი ყველაფერი თავიდან იწყება. ამდენად კლერმონელების ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.
"ზირაქას" გუნდი დღეს ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდება, რომელიც 62 ქულით მე-4 ადგილზეა. თამაში საკმაოდ რთული გამოვა, რადგან ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია. მასპინძელთა გუნდში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი, გონსალო კანალე, ტიბო პრივა, ორელიან რუჟრი, ბრენტ რასელი, გევინ ვილიამსი, ჟულიენ მალზიო და ჯიმი კუდმორი. თუმცა უკვე ჯანმრთელად არიან და ითამაშებენ პირველხაზელები ტომა დომინგო და მარტინ სკელცო, ასევე მესამეხაზელი ალექსნადრ ოდობერტი.
არანაკლები პრობლემები აქვს "ბიარიცს". "ვულკანების" წინააღდმეგ ვერ ითამაშებენ საფრანგეთის ნაკრების წევრები დიმიტრი იაშვილი, იმანოლ არინორდოკი და დამიენ ტრაი.
პირველ წრეში ბასკებმა 16:13 მოიგეს.
planetrugby-ს მიაჩნია, რომ რადგან "კლერმონი" შინ დაუმარცხებელია, ამჯერადაც, მინიმუმ რვა ქულით "ვულკანები" მოიგებენ.
დავით ქუბრიაშვილის "ტულონს", რომელიც 56 ქულით მე-8 ადგილზეა, დარჩენილ შეხვედრებში წაგების უფელბა აღარ აქვს. წინა ტურში, სტუმრად "კასტრთან" მარცხის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მოთამაშეებს პირველად უსაყვედურა. "დროა მორაგბეებმა პასუხისმგებლობა იკისრონ, ბოლოს და ბოლოს, როდისღა უნდა გაამართლონ, ის რომ მაღალი ანაზღაურება აქვთ"- თქვა მან.
ტულონელები 23-ე ტურში შინ "სტად ფრანსეს" ეთამაშებიან, რომელსაც პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს და არც დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება.
ქუბრიაშვილი განაცხადში იქნება. პირველ წრეში "სტად ფრანსემ" 22:15 მოიგო.
planetrugby-ს პროგნოზით, მინიმუმ 10 ქულით "ტულონი" მოიგებს.
XXIII ტური
პერპინიანი-ტულუზი, ბაიონი-მეტრო რასინგი, ბრივი-ლა როშელი, ბურგუენი-მონპელიე, ტულონი-სტად ფრანსე, კლერმონი-ბიარიცი, აჟენი-კასტრი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 69 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 68, 3. კასტრი - 63, 4. ბიარიცი - 62, 5. მონპელიე - 61, 6. პერპინიანი - 58, 7. კლერმონი - 58, 8. ტულონი - 56, 9. ბაიონი - 54, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 38, 12. ბრივი - 37, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 10.