ფიჟაკი პატარა სამხრეთული ქალაქია, რომელშიც სპორტის ნომერ პირველი სახეობა სწორედ რაგბია. აქ ზემოთ ნახსენები მოთამაშეების გარდა სხვადასხვა დროს რატი ურუშაძესა და დიმა პავლოვსაც უთამაშიათ. ასე რომ, "ფიჟაკი" ქართველთათვის კარგად ნაცნობი გუნდია.
ახლახან ადგილობრივმა
"წლევანდელ სეზონში "ფიჟაკის" რიგებში მრავლად მოიყარეს თავი ლეგიონერებმა. ბრიტანელი, რუმინელი და კუნძულელი მორაგბეების შემდეგ, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ, ჩვენი გუნდის "ქართული კლანი".
"ფიჟაკში" ხუთი ქართველი თამაშობს, ამათგან ოთხი, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, შუამარბი რეზო გიგაური, მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი და ფულბეკი ბექა ურჯუკაშვილი თბილისელები არიან. შერკინების ბურჯი დავით ბალანჩივაძე ქუთაისში დაიბადა და რაგბის ანა-ბანაც იქ ისწავლა.
საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი პროგრესს განიცდის და განუხრელად ვითარდება, რაშიც თავისი მოკრძალებული წვლილი ფიჟაკელ ქართველებსაც შეაქვთ.
დავით ბალანჩივაძე 30 წლისაა, მან საქართევლოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგელობაში 1999 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. რის შემდეგაც მისი ხანგრძლივი მოგაზურობა დაიწყო. ჯერ რუსეთში, "პენზას" ღირსებას იცავდა, მერე საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე წელიწადი ბათუმის "დათვებში" თამაშობდა.
ბათუმიდან "ბანიამ" ფრანგულ დეკასვილში ამოჰყო თავი, იქიდან კი "გურდონში" გადაბარგდა. "ფიჟაკის" რიგებში ბალანჩივაძე წლევანდელი სეზონის წინ ჩაირიცხა. ჰყავს მეუღლე თამარი და ქალ-ვაჟი, ანი და გიორგი.
ლევან დათუნაშვილი 27 წლისაა. ის საქართველოს ნაკრების მეორეხაზელია, რომლის რიგებშიც 38 კეპი მოიხვეჭა. ლევანმა ეროვნული ნაკრების ღირსება 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე დაიცვა. "ფიჟაკში" "ჩაქუჩა" ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკიდან" მოხვდა განათხოვრების წესით და მომავალი სეზონიდან, ახალი მწვრთნელის პიერ-ანრი ბრონკანის მოთხოვნით ისევ უკან დაბრუნდება.
ლევანს ჰყავს მეუღლე ქეთევანი და ორი შვილი, მარიამი და ნიკოლოზი.
რეზო გიგაური ლევანზე ერთი წლით უმცროსია. ისიც ეროვნული ნაკრების წევრია და 2007 წლის მსოფლიოს თასზეც ნათამაშები აქვს. მისი ფრანგული კარიერა ფედერალ 1 დივიზიონის "მონლუსონში" დაიწყო. 2007 წლიდან პარიზის მახლობლად, "მასიში" გადავიდა, სადაც ქართველი მწვრთნელის, ვიქტორ დიდებულიძის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
"მასიდან" წასვლის შემდეგ, რეზომ კარიერის გაგრძელება "სენაკში" გადაწყვიტა. იქიდან კი, ჩვენთან, "ფიჟაკში" გადმობარგდა. ჰყავს მეუღლე ნათია და პირველ შვილს აპრილის ბოლოს ელოდება.
27 წლის მერაბ კვირიკაშვილი ქართველებიდან "ფიჟაკის" ყველაზე სტაჟიანი მორაგბეა. მის სახელთანაა დაკავშირებული ფიჟაკელთა ფედარალ 2 დივიზიონიდან რანგით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევება. მისი ფრანგული კარიერა ელიტურ, მეორე დივიზინში მოასპარეზე "პოში" დაიწყო. მერე რამდენიმე წელიწადი "მასის" ღირსებას იცავდა. დღესდღეობით კი ჩვენი გუნდის მგეზავი და ლიდერია.
თავად განსაჯეთ, წლეულს გამართულ 16 მატჩში "მეკომ" გუნდს 159 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე 3 ლელო, 37 საჯარიმო, 15 გარდასხვა და ერთი არეკნია.
კვირიკაშვილმა საქართევლოს ნაკრებში 44 კეპი მოიხვეჭა და წლეულს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასი, მისთვის მესამე იქნება. ჰყავს მეუღლე ანანო ბუაძე და სამი შვილი, ელისაბედი, მარიამი და დავითი.
ბექა ურჯუკაშვილი "ფიჟაკის ქართულ კლანში" ყველაზე ახალგაზრდაა. ის 21 წლისაა.
თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. მისი ბიძა მალხაზ ურჯუკაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მორაგბეა. ბექა საფრანგეთში სწორედ მან ჩაიყვანა და "გურდოს" ახალგაზრდულ გუნდში მიაბარა.
ბექამ იქ სერიოზული ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელების შემდეგ კი "ფიჟაკში" ჩაირიცხა. ის გუნდს მალე შეეწყო, 11 თამაშში 4 ლელო, 14 საჯარიმო, ორი გარდასხვა და ერთი არეკნი გაიტანა. სულ კი გუნდს 69 ქულა მოუტანა. მისი შესანიშნავი თამაში მხედველობიდან არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს გამორჩენიათ. ბექა ეროვნულ გუნდში მიიწვიეს და ერთა თასის გამარჯვებული გახდა.
ბექა ახლა სულმოუთქმელად ელის სეზონის დამთავრებას, რათა სამშობლოში დაბრუნდეს და თავის მეგობარ ხატიას შეხვდეს."
.