შეუჩერებელი მამუკა გორგოძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ჯონი ვილკინსონი, ტომ პელემერი, ჯიმი ჰესკელი, პოლ სასკი (ოთხივე-ინგლისი), ჰუგო საუთვილი, რორი ლამონტი (ორივე-შოტლანდია), მარიო ლედესმა, პატრისიო ალბასეტე, მარტინ სკელსო, ფელიპე კონტეპომი, ხუამ მარტინ ფერნანდეს ლობე (ხუთივე-არგენტინა), ფრანსუა სტეინი, ფრანსუა ფან დერ მერვე, ჯო ფან ნიკერკი (სამივე-სამხრეთ აფრიკა), მირკო ბერგამასკო (იტალია), ჯიმი კუდმორი (კანადა), კარლ ჰეიმანი, ბრუკ ჯეიმზი (ორივე-ახალი ზელანდია), რუპენი კაუკაუ (ფიჯი) - ამ მორაგბეებს ორი რამ აერთიანებთ: პირველი, ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან და მეორე, ყველა მათაგანი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, აი სწორედ ამ ბრწყინვალე ვარსკვალავებზე მაღლა დააყენა ახლახან ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა". ეს უდიდესი აღიარებაა, რაც, ფაქტობრივად, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეობის ტოლფასია. ვინაიდან, ზემოთ ჩამოთვლილ მორაგბეებზე უკეთესი ფრანგი მორაგბე ძნელად თუ მოიძებნება.

მამუკა გორგოძის დიდი აღიარების კიდევ უფრო ნათლად წარმოსაჩენად გთავაზობთ ამონარიდებს ფრანგული სპორტული მედიის ფურცლებიდან. აი, რას ამბობდნენ მასზე თანაგუნდელები, მოწინააღმდეგეები და სპეციალისტები საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ "ტულუზთან".

"გასულ შაბათს პლეი ოფის ნახევარფინალში "მეტრო რასინგთან" გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მამუკა გორგოძემ ჩვეულად, შესანიშნავად ითამაშა, მას თავისი აზრი მედიის წინაშე არ გამოუთქვამს. საერთოდ ის იშვიათად ლაპარაკობს თავის შესახებ.

იმ თამაშში "მონპელიეს" მესამეხაზელმა კვლავ გააცოცხლა მასზე შექმნილი ლეგენდა. გორგოძემ ყველაფერი იღონა მისი გუნდის ფინალში გასასვლელად. გზად გადაყრილი მოწინააღმდეგის ყველა მორაგბე ბარბაცით გაუშვა. ამ დღეს განსკუთრებით დაზარალებულმა ჯონათან ვიშნევსკიმ თქვა:

- მასთან შეტაკება შთამბეჭდავია. ის თანდათან სულ უფრო საშიში ხდება. გუნდისთვის რთულ მომენტში, თანაგუნდელები ბურთს მას აძლევენ და თვითონ უკან მისდევენ. როცა ამ თამაშის ვიდეოფირი ვნახეთ, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ მას აშკარად ჩამოვრჩებოდით.

ვიშნევსკი და "მეტრო რასინგი" მისი თამაშის მხილველი მოედანზე გახდნენ, ტელეეკრანებთან მიმსხდარი მაყურებელი გორგოძეს პირდაფჩენილი უცქერდა.

საერთაშორისი კლასის არბიტრი კრისტოფ ბერდო ასე იხსენებს ქართველი მორაგბის პირველ მატჩებს.

- ის სცდებოდა ყველანაირ საზღვრებს. დღეს ის სულ სხვანაირად აზროვნებს, მას სურს, გუნდს გაუსწროს. მე ვეუბნები, რომ მოედანზე ეს მართლაც კარგია. მიყვარს ასეთი სტილის მოთამაშეები, რომლებიც მუდამ ცდილობენ საკუთარი თავი ბოლომდე გამოავლინონ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი მამუკა გორგოძეს 17 წლის ასაკიდან იცნობს.

- მაშინ ის უკვე მონსტრივით იყო. მახსოვს, ერთხელ კავკასიის მთებში წავედით ლაშქრობაში. ჩვენ ჩვეულებრივ დავდიოდით. ის კი სირბილით მიდიოდა. მივადექით ტბის ნაპირს. წყალი ისეთი ცივი იყო, რომ ვერ შევძელით გაცურვა... და მან რა ჰქნა? ტბაში თავით გადაეშვა და იბანავა.

ყოველივე ეს, ცხადია, ციდან არ ჩამოვარდნილა. ის, რომ გორგოძე არაბუნებრივი ძალით გამოირჩევა, ეს გიჟური შრომის შედეგია. სორელი ამბობს:

- მონპელიეში საწვრთნელ ცენტრში, სავარჯიშო დარბაზი ოთახების ქვემოთ არის განთავსებული. მამუკა ისე ვარჯიშობდა, რომ სხვებს დასვენებაში ხელს უშლიდა. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: იყოს საუკეთესო. გორგოძეს მებრძოლ სულთან ერთად აქვს დიდი ანთროიპომეტრია, მაგრამ ეს მუხლმოუხრელი შრომის შედეგია.

ნაკრების მწვრთნელმა დიდიე ბესიმ გვითხრა:

- როცა ის დაშავებული იყო, ჩვენ იძულებული გავხდით დაგვება, რადგან მზად იყო ტრავმირებულსაც ევარჯიშა.
"მეტრო რასინგთან" მატჩის შემდეგ მამუკა გორგოძემ თქვა:

- ეს ყველაზე დიდი წუთებია ჩემს კარიერაში. ახლა ჩვენს წინ ნამდვილი მთები დგას, ჩვენ წინ "ტულუზია". თუმცა ასეთ ძლიერ გუნდთან თამაში დიდი სიამოვნებაა. გარწმუნებთ, ასი პროცენტით დავიხარჯებით. მართალია, "სტად დე ფრანსზე" არასდროს მითამაშია, ამ სტადიონს არ ვიცნობ, მაგრამ ფინალში თამაშის დიდი ჟინი მაქვს და სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს.

აწყვეტილი გორგოძის გაჩერება კი არც ისე ადვილია, მას ჩვევა აქვს, ყველაფერი გადააყირავოს, რაც გზად შეხვდება და მიზნის მიღწევაში ხელს უშლის".

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე უცხოელთა შორის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე ამჟამად თბილისში იმყოფება და მასთან საუბრისას ახლახან დამთავრებული სეზონის პერიპეტიები გავიხსენეთ.

- წლევანდელი სეზონი როგორც "მონპელიესთვის" ისე თქვენთვისაც საუკეთესო იყო. გუნდი პირველად თავის ისტორიაში ფინალში გავიდა. თქვენ საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ დაგასახელეს. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
- სეზონისთვის მზადებას სხვებზე ადრე, მაისის ბოლოს შევუდექით. ლაშქრობაში წავედით მთებში. ეს ამბავი კარგად მახსენდება, რადგან ისე სწრაფად მივდიოდი, თვითონ გიდებიც კი დავღალე. ერთი სიტყვით, ფიზიკურად ძალიან კარგად მოვემზადეთ. თავიდან მარტო ერიკ ბეშუ გვავარჯიშებდა, მერე, მოგვიანებით ფაბიენ გალტიეც შემოგვიერთდა. ჩემპიონატში სტარტი წარმატებულად ავიღეთ, ყველას ეგონა, რომ ჩვენი ასეთი კარგი თამაში და შედეგი დროებითი მოვლენა იყო. მართალი გითხრათ, ჩვენც ასე ვფიქრობდით, მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო და აგერ ფინალამდე ვიარეთ, რაშიც მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.

- რა იღონა ასეთი ფაბიენ გალტიემ, როგორ მოახერხა ორ თვეში გუნდი ისე მოემზადებინა, რომ სულ სხვაგვარად, ბევრად ძლიერად აათამაშა?
- ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია. მან სწორი გზაზე დაგვაყენა და გუნდი, რომელიც დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა, ჩემპიონატის ფავორიტად გარდაქმნა. გალტიეს აღმოაჩნდა ფსიქოლოგის შესანიშნავი თვისებები. გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, მორაგბეები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ, საწვრთნელი და დასასვენებელი პირობები საუკეთესოა, მწვრთნელთა შტაბი უმაღლესი დონისაა, ეს ყველაფერი კი წარმატების მიღწევის საწინდარია.

- წლეულს ძირითადად მესამე ხაზში, შვიდი ნომრის პოზიციაზე ითამაშეთ. რამდენიმე თვის წინ ერიკ ბეშუ ფრანგულ პრესაში წერდა, რომ თქვენ მაინც რვა ნომერი ხართ. რას აპირებთ, რომელ პოზიციაზე ითამაშებთ მომავალში?
- შვიდი ნომრის პოზიციაზე თამაში თავიდან არ მინდოდა. მერე გალტიე მესაუბრა, რომ ამ პოზიციაზე თამაში ჩემთვის კარგი იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ რვა ნომერს შეტევისას ბურთი სულ აქვს, მაგრამ დაცვაში შვიდი ნომრისგან განსხვავებით მეორე ხაზში დგას, უკნიდან აკონტროლებს. ერთი სიტყვით, ახლა ასეთი ტენდენციაა, გუნდები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი და ღონიერი შვიდი ნომრის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეები ჰყავდეთ.

ისე კი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, წლეულს შვიდი ნომრის გარდა, მეორე ხაზშიც (N5) მომიწია თამაშმა და რვა ნომრის პოზიციაზეც. ასე რომ, სადაც მეტყვიან იქ ვითამაშებ.

- მოდით, ფინალამდე პარიზულ "მეტრო რასინგთან" გამართული ნახევარფინალი გავიხსენოთ. ალბათ, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ მეტოქის დამარცხებას და ფინალში გასვლას შეძლებდით...
- მე ასე არ ვიტყოდი. ბევრად რთული და დაუჯერებელი მანამდე, ნახავარფინალის შესარჩევ მატჩში სტუმრად "კასტრის" დამარცხება მეჩვენებოდა. "მეტრო რასინგს" რეგულარულ გათამაშებაში საშინაო მატჩში ყველაფერში ვაჯობეთ, სტუმრად კი ჩვენი მარცხი მსაჯის სინდისზე იყოს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი, მაღალი დონის მორაგბეებით, თანაბრად დაკომპლექტებული გუნდია, გამარჯვებაში მაინც დარწმუნებული ვიყავი.

- ჩემპიონობამდე კი სულ რაღაც ცხრა წუთი დაგაკლდათ...
- მიმაჩნია, რომ "ტულუზი" ევროპის საუკეთესო გუნდია. ყველა, ჩემი მეგობრებიც კი, მინიმუმ 30 ქულით წაგებას გვიწინასწარმეტყველებდა. სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" 91 პროცენტით ტულუზელთა გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მიუხედავად ამისა, 71 წუთის განმავლობაში ვიგებდით. თუმცა, თუ რეალურად შევხედავთ საგნებს, "ტულუზი" გამარჯვებას იმსახურებდა. ჩვენ არ ვიცით ფინალის მოგება, ისინი კი უკვე თექვსმეტგზის ჩემპიონები არიან.

ცხადია, მეორე ადგილით კმაყოფილი არ უნდა იყო, მაგრამ ისიც ნაღდ, კაცურ ბრძოლაში მოვიპოვეთ. მონპელიეში დაბრუნებულებს, მიუხედავად იმისა, რომ სარაგბო ქალაქი არ არის, ხალხი დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში, ცენტრალურ მოედანზე დაგვხვდა. ჩვენთვის ჩემპიონები თქვენ ხართო - გვეუბნებოდნენ.

- თქვენს გარადა "მონპელიეში" კიდევ ოთხი ქართველია...
- დიახ, პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ფაქტობრივად, სულ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. გოდერძი შველიძეს თამაში ხშირად არ უწევდა, თუმცა მას კიდევ ერთი სეზონი აქვს წინ. "მონპელიეს" ახალგაზრდულ გუნდშია კიდევ ერთი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი. ის ამ გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საკმაოდ კარგი, მშრომელი ბიჭია და ერთ-ორ წელიწადში, ალბათ, ძირითად გუნდშიც შეძლებს თამაშს.

- კარს მსოფლიოს თასის გათამაშება მოგვადგა. მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას დაიწყებს. როგორ ფიქრობთ, რა გველის ახალ ზელანდიაში?
- ძნელი სათქმელია, ვერაფერს გეტყვით. ნაკრებში დიდი ხანი გამიცდა და ბოლო ორი თამაშით წარმოდგენას ვერ შევიქმნი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - თითოეული ჩვენგანი ბოლომდე, თავდადებით იბრძოლებს.

ჯგუფში აუტსაიდრები ვართ. რუმინეთის ნაკრებთან თამაში ძალიან ძნელი იქნება, სხვებზე აღარაფერს ვამბობ. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტანში ჟრუანტელი მივლის კითხვისას... ჯიგარი ამას ქვია..."კიდევაც დაიზრდებიან..."
oldcoyot
02:37 24-06-2011
0
ძლივს გვეღირსა ერთი ინტერვიუ მამუკასთან. დიდი მადლობა ბესიკ. ინტერვიუ კარგი იყო თუმცა ვისურვებდი ცოტა რამ მონპელიეს სამომავლო გეგმებზეც შეგვეტყო, ან თუნდაც გორგოძე - ბურჯელალის დაპირისპირების ირგვლივ
ilarioni
11:30 17-06-2011
0

სიახლეები პოპულარული