უიღბლო დასაწყისი

AutoSharing Option
ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი უიღბლოდ დაიწყო. ელიტური, პირველი დივიზიონის პირველ ტურში ჩვენებურთა ექვსივე გუნდმა წააგო.

ყველაზე დიდ ინტერესს ქვეყნის ჩემპიონის, დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" დაპირისპირება იწვევდა სტუმრად შარშანდელ ფინალისტ "პერპინიანთან". კატალონიელებმა ფინალში დამარცხებისთვის რევანში აიღეს, "ვულკანებს" 21:13 მოუგეს. მასპინძლებმა გამარჯვებას ფულბეკ ჟერომ პორიკალისა და მგეზავ დავიდ მელეს ფეხჩუბინობის წყალობით მიაღწიეს. ფინალისაგან განსხვავებით პორიკალმა ყველა, ხუთივე საჯარიმო გაიტანა, რასაც მელემ ორი არეკნი მიუმატა. კლერმონელმა ნაპოლეონი ნალაგამ ერთი ლელო კი გაახერხა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

ზირაქაშვილმა მატჩამდე, ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხის
კუნთი დაიშავა და არ უთამაშია.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მოულოდნელად შინ დამარცხდა ბასკურ "ბაიონთან" - 22:26. ტულონელები 69-ე წუთამდე მდევრის როლში იყვნენ და საჯარიმო ლელოს წყალობით დაწინაურდნენ - 19:16. "ფელიქს მაიოზე" შეკრებილი ტულონელი ქომაგის სამწუხაროდ ჩვენებურის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და სტარტზევე მარცხი იწვნია.
ტრავმის გამო არ უთამაშია ინგლისის ნაკრების მგეზავ ჯონი ვილკინსონს. მის პოზიციაზე იდგა არგენტინელი ფელიპე კონტეპომი, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა (17 ქულა). ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

საკუთარ მოედანზე დამარცხდა პარიზულ "მეტრო რასინგთან" დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" - 18:23. ჩვენებურთა გუნდი 25-ე წუთამდე 0:10-ს აგებდა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე 47-ე წუთზე შეამცირა - 9:10, თუმცა მეტის მიღწევა ვეღარ შეძლო და დამარცხდა.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. კაკოვინი განაცხადში არ იყო, რაც, სულ მცირე, უცნაურია, რადგან მან "ბრივის" ყველა საკონტროლო მატჩში ითამაშა და ერთი ლელოც გაიტანა.

პირველი დივიზიონის დებიუტანტი, ბექა შეყლაშვილის "აჟენი" სტუმრად დამარცხდა ფრანგული რაგბის ფლაგმან "ტულუზთან"- 24:44. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ აჟენელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მეტოქეს სამი ლელოც გაუტანეს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს. "ტულუზის" მძლეველი საფრანგეთის ჩემპიონატში ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება.

შეყლაშვილი განაცხადში არ იყო, არადა, კაკოვინის მსგავსად, ისიც რეგულარულად თამაშობდა საკონტროლო შეხვედრებში.
"ყველაზე ქართული" ფრანგული კლუბი, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" სტუმრად დამარცხდა ბასკურ "ბიარიცთან" - 22:30.

მონპელიელებმა პირველი ტაიმი 3:21 წააგეს. მეორეში ოდნავ გამოცოცხლდნენ და 49-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს - 17:24, თუმცა ბასკების ქართული წარმოშობის ფრანგი ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის ფეხჩუბინობის წინააღმდეგ ვერას გახდნენ. იაშვილმა ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა (20 ქულა).

გორგოძე და შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. "გულივერამ" სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ათი წუთით გააძევა. შველიძე 51-ე წუთზე შეცვალეს. ჟღენტი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ექვსი წუთის მერე მოედანზე ჩხაიძეც გამოჩნდა. ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" მოულოდნელად წაგო სტუმრად პირველი დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელთან" - 17:22. მასპინძლები ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. მატჩის გმირი გახდა "ლა როშელის" ფულბეკი სებასტიან ბობული, რომელმაც ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა (12 ქულა).
ფეიქრიშვილმა ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაში ფეხი იტკინა და არ უთამაშია. გიორგაძე განაცხადში არ იყო.


საფრანგეთი. I დივიზიონი

I ტური
სტად ფრანსე-ბურგუენი 43:12, ტულუზი-აჟენი 44:24, ტულონი-ბაიონი 22:26, ბიარიცი-მონპელიე 33:22, ბრივი-მეტრო რასინგი 18:23, პერპინიანი-კლერმონი 21:13, ლა როშელი-კასტრი 22:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 5 ქულა, 2. ტულუზი - 5, 3. ბიარიცი - 4, 4. პერპინიანი - 4, 5. ლა როშელი - 4, 6. მეტრო რასინგი - 4, 7. ბაიონი - 4, 8. ტულონი - 1, 9. ბრივი - 1, 10. კასტრი - 1, 11. კლერმონი - 0, 12. მონპელიე - 0, 13. აჟენი - 0, 14. ბურგუენი - 0.

II ტური
ბურგუენი-კლერმონი, ბრივი-პერპინიანი, სტად ფრანსე-ლა როშელი, მონპელიე-მეტრო რასინგი, ბაიონი-აჟენი, ბიარიცი-ტულონი, კასტრი-ტულუზი.

ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშება 27 აგვისტოს დაიწყება. მანამდე კი გუნდები საკონტროლო შეხვედრებს მართავენ. გურამ კავთიძის "ლიონმა" მეორე დივიზიონის "სენტ ეტიენს" უმასპინძლა და 38:13 დაამარცხა. ლიონელები, რომლებიც შარშანდელი ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილეები არიან, წლეულსაც პირველი დივიზიონის საგზურისთვის აპირებენ ბრძოლას და სერიოზულად ემზადებიან. კავთიძეს საკონტროლო მატჩში არ უთამაშია.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" ფედრალ 1 დივიზიონში დაქვეითებული "ლანამეზანი" გაანადგურა 57:8. მაგრაქველიძემ ერთი ტაიმი ითამაშა. მირცხულავა განაცხადში არ იყო.

ირაკლი მაჩხანელისა და ბესო უდესიანის "მაკონი" სტუმრად დამარცხდა მეორედივიზიონელ "ოიონაქსთან" - 9:23. ჩვენებურთა გუნდი ფედერალ 2 დივიზიონიდან წლეულს გადავიდა ფედერალ 1 დივიზიონში და, სავარაუდოდ, აქ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. მაჩხანელმა და უდესიანმა "ოიონაქსის" წინააღმდეგ თითო ტაიმი ითამაშეს.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში "ექსს" აჯობა - 15:13. "ალპელები", ისევე, როგრც შარშან, წლეულსაც პირევლ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებენ.

საკონტროლო შეხვედრები
ლიონი-სენტ ეტიენი 38:13, ოიონაქსი-მაკონი 23:9, ტარბი-ლანამეზანი 57:8, გრენობლი-ექსი 15:13, კოლომიე-ოში 18:11, ორიაკი-ალბი 28:28, პო-ნარბონი 45:32

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული