აღსანიშნავია, რომ მე-7 ტურში შედგა კიდევ ერთი ქართველი მორაგბის, ქუთაისის "აიას" აღზრდილის, შერკინების ბურჯ მიხეილ ნარიაშვილის დებიუტი. მან "მონპელიეს" რიგებში "ბაიონთან" სტუმრად ითამაშა . მონპელიელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან უმძიმეს მატჩში 26:17 მოიგეს.
მამუკა გორგოძემ, რომელმაც წლეულს "მონპელიეში" პირველად იასპარეზა, მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი მოედანზე
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელიც 26 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, შინ დამაჯერებლად სძლია ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს" - 24:3. ნატრიაშვილმა რაც ტრავმა მოიშუშა კასტრელთა რიგებში ახალ სეზონში პირველად ითამაშა. ის თამაშში 63-ე წუთიდან ჩერთო.
"კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც მე-7 ტურში შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "აჟენი" - 29:13. "ვულკანების" შემადგენლობაში ზირაქაშვილს არ უთამაშია. მან ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს წელი იტკინა და, როგორც ჩანს, "კლერმონის" ხელმძღვანელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.
შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 49-ე წუთიდან შევიდა. მის "აჟენს" შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს კარგი სტარტი ჰქონდა და ამჟამად 15 ქულით მე-8 ადგილზეა.
20 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც შინ მშრალი ანგარიშით 38:0 დაამარცხა "პერპინიანი". ტულონელებს მსოფლიოს თასზე წარგზავნილი თითქმის ყველა წამყვანი მორაგბე დაუბრუნდა. მათ შორის ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი. შედეგად "ტულონი" ისევ მრისხანე ძალად იქცა.
ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 32:7. ბიარცელებმა, რომლის წამყვანი მოთამაშეები, დიმიტრი იაშვილი და იმანოლ არინორდოკია, ამჟამად მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იმყოფებიან, აქამდე მხოლოდ ერთხელ მოიგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
კაკოვინი და ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ირაკლი 51-ე წუთზე შეცვალეს. ორ წუთში მოედანი ვასომაც დატოვა, მის ნაცვლად თამაშში დავით ხინჩაგიშვილი ჩაერთო.
გურამ კავთიძის "ლიონმა" შინ მოუგო პარიზულ "სტად ფრანსეს" - 18:6 და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია. კავთიძე განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
VII ტური
ბაიონი-მონპელიე 17:26, ბორდო-მეტრო რასინგი 22:18, ბრივი-ბიარიცი 32:7, კლერმონი-აჟენი 29:13, კასტრი-ტულუზი 24:3, ტულონი-პერპინიანი 38:0, ლიონი-სტად ფრანსე 18:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. კასტრი - 26 ქულა, 2. კლერმონი - 25, 3. ტულუზი - 23, 4. ტულონი - 20, 5. პერპინიანი - 17, 6. მეტრო რასინგი - 16, 7. სტად ფრანსე - 15, 8. აჟენი - 15, 9. ბრივი - 13, 10. ბორდო - 13, 11. მონპელიე - 12, 12. ბაიონი - 11, 13. ლიონი - 10, 14. ბიარიცი - 8.
VIII ტური
პერპინიანი-კლერმონი, აჟენი-სტად ფრანსე, ბიარიცი-ლიონი, ბრივი-ბაიონი, მონპელიე-კასტრი, ტულუზი-ბორდო, მეტრო რასინგი-ტულონი.
პირველი დივიზიონისგან განსხვავებით, მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდების მდგომარეობა საგანგაშოა. აქ ექვსი ტურის შემდეგ ჩვენებურთა გუნდები "ტარბი", "ორიაკი" და "პერიგო" აუტსაიდერები არიან.
თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" სტუმრად ითამაშა კახაბერ კობერიძის "ალბისთან" და 9:27 დამარცხდა. ზიბზიბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს, მარგველაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ აღარ გამოჩენილა, დადუნაშვილი და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.
"პერიგოს" 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს", რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად "ოშთან" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მინიმალური სხვაობით 19:20 წააგო.
დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ასეიშვილი და ნაცარაშვილი კი ერთდროულად, მე-40 წუთზე შეცვალეს.
"ორიაკს" ორი ქულით უსწრებს მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც მე-6 ტურში სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "დაქსთან" - 13:22. მაგრაქველიძე 49-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას არ უთამაშია.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" შინ მოუგო "ნარბონს" - 32:3. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "პოს" 16 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს და მე-4 ადგილზეა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ექსთან" - 15:17. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
VI ტური
ექსი-გრენობლი 17:15, ალბი-პერიგო 27:9, ოში-ორიაკი 20:19, დაქსი-ტარბი 22:13, ოიონაქსი-ბურგუენი 25:12, პო-ნარბონი 32:3, კარკასონი-მონ დე მარსანი 25:30, ლა როშელი-ბეზიე 22:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. დაქსი - 22 ქულა, 2. ოიონაქსი - 21, 3. ექსი - 21, 4. გრენობლი - 17, 5. მონ დე მარსანი - 17, 6. პო - 16, 7. ალბი - 16, 8. ბურგუენი - 14, 9. ოში - 14, 10. ლა როშელი - 13, 11. კარკასონი - 11, 12. ნარბონი - 10, 13. ტარბი - 9, 14. ორიაკი - 7, 15. პერიგო - 7, 16. ბეზიე - 5.
VII ტური
ორიაკი-ალბი, ბურგუენი-ოში, ნარბონი-ექსი, ოიონაქსი-მონ დე მარსანი, პერიგო-კარკასონი, დაქსი-ლა როშელი, გრენობლი-პო, ბეზიე-ტარბი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"