მეორეში უკეთ, ვიდრე პირველში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მეორე ტური ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის პირველზე იღბლიანი გამოდგა. ჩვენებურთა ექვსი გუნდიდან ხუთმა პირველი მოგება მიითვალა.

საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია "ყველაზე ქართული" ფრანგული კლუბის, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაპირისპირებამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან პარიზულ "მეტრო რასინგთან". ჩვენებურთა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და 36:19 მოიგო.

მონპელიელებმა ოთხი ლელო გაიტანეს და ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი ლელო "მონპელიეს" შუამარბ ჟოფრე დუმაირუს ანგარიშზეა. გორგოძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე
წუთზე შეცვალეს. ჟღენტი თამაშში მე-60 წუთიდან ჩერთო, შველიძე კი მოედანზე ათი წუთის შემდეგ გამოჩნდა. ნარიაშვილი და ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანთან" - 26:11. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მატჩის ბოლომდე სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. კაკოვინი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ხინჩაგიშვილის "კლერმონმა" სტუმრად დაამარცხა "ბურგუენი" - 25:12. არადა, ბურგუენელები 71-ე წუთამდე 12:6-ს იგებდნენ. კლერმონელებმა ბოლო ცხრა წუთში სამი ლელოს გატანა მოახერხეს და მეორე მარცხს გადაურჩნენ.
ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 13:3. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ მოუგო ფრანგული რაგბის გრანდს "ტულუზს" - 22:16. მასპინძლებს ფულბეკის რომენ ტულეს ფეხჩუბინობამ მოაგებინა, მან ოთხი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთიც არეკნი გაიტანა (17 ქულა).
გიორგაძეს და ფეიქრიშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდი ამჯერად სტუმრად დამარცხდა ბასკურ "ბაიონთან" - 0:27. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. I დივიზიონი

II ტური
ბურგუენი-კლერმონი 12:25, ბრივი-პერპინიანი 26:11, სტად ფრანსე-ლა როშელი 41:26, მონპელიე-მეტრო რასინგი 36:19, ბაიონი-აჟენი 27:0, ბიარიცი-ტულონი 3:13, კასტრი-ტულუზი 22:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 9 ქულა, 2. ბაიონი - 9, 3. ტულუზი - 6, 4. ბრივი - 5, 5. მონპელიე - 5, 6. ტულონი - 5, 7. კლერმონი - 5, 8. კასტრი - 5, 9. ბიარიცი - 4, 10. პერპინიანი - 4, 11. ლა როშელი - 4, 12. მეტრო რასინგი - 4, 13. ბურგუენი - 0, 14. აჟენი - 0.

III ტური
ტულონი-მეტრო რასინგი, პერპინიანი-მონპელიე, კლერმონი-ბრივი, კასტრი-ბაიონი, აჟენი-ბიარიცი, ლა როშელი-ბურგუენი, ტულუზი-სტად ფრანსე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული