გორგოძესა და კომპანიას რევანში სწყურიათ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ელიტურ, პირველ დივიზიონში, ევროთასების გათამაშებით გამწოვეული ორკვირიანი შესვენების შემდეგ, პირველი წრის ბოლო, მე-13 ტურის შეხვედრებით განახლდება.

იქამდე კი, ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზეს. საპლეიოფო ექვსეულში დღესდღეობით ოთხი "ქართული გუნდია" - "კლერმონი", "ტულონი", "კასტრი" და "აჟენი".

ბოლო ტურებში საგრძნობლად გამოასწორა მდგომარეობა და ლიდერებს წამოეწია "მონპელიე", იქვე ახლოსაა "ბრივიც", "ლიონს" კი, როგორც ჩანს, გათამაშების ბოლომდე დივიზიონში დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.

მე-13 ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს, რომელიც 40 ქულით მე-2 ადგილზეა. "ვულკანები" სტუმრად
ეთამაშებიან ვასილ კაკოვინის, ირაკლი ნატრიაშვილისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივს".

კლერმონელები, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, მაინც ფავორიტებად მიიჩნევიან, რადგან მისი შეტევის ხაზი საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. "ვულკანების" ლაზარეთი კი, მაინც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. "ბრივის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: დავით ზირაქაშვილი, კინი მურიმურივალუ, ლუდოვიკ რადოსლავოვიჩი, სიტივენი სივივატუ, ჯეისონ უაიტი, გონსალო კანალე, ტომას დომინგო და ენტონი ფლოში.

"ბრივი" წლეულს დაცვაში შესანიშნავად თამაშობს, ამ გუნდმა 12 მატჩში სულ რვა ლელო გაუშვა, რაც ბრწყინვალე შედეგია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "კლერმონი" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია, მის ანგარიშზე მატჩში საშუალოდ ორი ლელოა. ასე რომ, სავარაუდოდ, ბრიველები საკუთარ ჩათვლის მოედანს მშრალად ვერ შეინახავენ.

ზირაქაშვილის შესახებ უკვე ვთქვით, ის ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს, კაკოვინი და ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ხინჩაგიშვილი კი "ბრივის" მთავარმა მწვრთნელმა უგო მოლამ სათადარიგოთა შორის გაამწესა.

"კლერმონს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი". ჩვენებურთა ეს გუნდი, რომელიც სამ წელწადზე მეტია ჩემპიონობის მოპოვების პრეტენზია აქვს, ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერს, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს" შინ შეხვდება.

ლიონელებს დაცვაში დივიზიონში მეორე მაჩვენებელი აქვს, თუმცა "ტულონი", რაც ამ გუნდს სათავეში ბერნარ ლაპორტი ჩაუდგა, დალაგებულ, საკმაოდ აგრესიულ და შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებს. ამდენად, საკუთარ მოედანზე მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

მით უფრო, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა სამხრეთაფრიკელი მესამეხაზელი ჯო ფან ნიკერკი. ასევე ტრავმა მოიშუშა და დებიუტი ექნება "ტულონის" შემადგენლობაში ინგლისის ნაკრების მეორეხაზელ საიმონ შოუს.

ქუბრიაშვილი და კავთიძე სათადარიგოთა შორის არიან, მიქაუტაძე, ჩილაჩავა და რატიანიძე განაცხადში არ არიან.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" 33 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩი ელის სტუმრად ბასკურ "ბაიონთან", რომელიც პირველ შეხვედრას გამართავს ახალი მწვრთნელის ჟან-პიერ ელისალდის ხელმძღვანელობით.

კასტრელები ბოლო ორი სეზონია შესანიშნავად ასპარეზობენ და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან.

"ბაიონს" კი ჯერჯერობით სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს მისაღწევი. მას შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი მაღალი დონის მორაგბე ჰყავს, სედრიკ ჰეიმანი, ჯო როკოთოკო, სიონე ლაუკი, ნეემია ტიალატა და სხვა. თუ ელისალდმა თამაშის დალაგება შეძლო, გამორიცხული არ არის, ეს გუნდი პლეი ოფშიც ვიხილოთ.

ფეიქრიშვილი ამ შეხევდრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

"კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც სტუმრად ეთამაშება უშუალო კონკურენტ პარიზულ "მეტრო რასინგს". აჟენელები წლეულს ყველასთვის მოულოდნელად კარგად ასპარეზობენ და ლიდერთა მარაქაში გაერივნენ.

"მეტრო რასინგმა" კი, სავარაუდოდ, სტარტზე წარმოქმნილი პრობლემები დასძლია და ნელ-ნელა ძალას იკრებს. ამ გუნდმა ერთი კვირის წინათ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში სტუმრად "ლონდონ აირიშთან", თუმცა როგორც პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ განაცხადა, გუნდისთვის პრიორიტეტი საფრანგეთის ჩემპიონატია.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც 27 ქულით მე-8 ადგილზეა შინ მიიღებს ქვეყნის ჩემპიონსა და წლევანდელი გათამაშების ლიდერ "ტულუზს".

სატურნირო მნიშვნელობის გარდა ჩვენებურთა გუნდისთვის ამ შეხვედრას სხვა პრინციპული დანიშნულებაც აქვს. მონპელიელებმა შარშან ფინალში სწორედ "ტულუზთან" წააგეს და ახლა რევანში აღება სწყურიათ.

მასპინძლები მეტოქეს თითქმის საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდებიან. არ ითამაშებს მხოლოდ კაპიტანი ფულენსე უოდრაოგო, რომელსაც ისევ დაშავებული ფეხი აწუხებს. გორგოძე ძირითად შემადგენლობაშია, ჟღენტი და ნარიაშვილი კი "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ სათადარიგოთა შორის გაამწესა, შველიძე განაცხადში არ არის.

I დივიზიონი
XIII ტური
ბრივი-კლერმონი, ბაიონი-კასტრი, სტად ფრანსე-ბიარიცი, პერპინიანი-ბორდო, მეტრო რასინგი-აჟენი, ტულონი-ლიონი, მონპელიე-ტულუზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 43 ქულა, 2. კლერმონი - 40, 3. ტულონი - 35, 4. კასტრი - 33, 5. აჟენი - 32, 6. სტად ფრანსე - 30, 7. მეტრო რასინგი - 30, 8. მონპელიე - 27, 9. ბრივი - 22, 10. ბორდო - 21, 11. ბაიონი - 20, 12. პერპინიანი - 20, 13. ლიონი - 17, 14. ბიარიცი - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული