აქვსენტი გიორგაძე ფრანგულ გრანდში

AutoSharing Option
საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "ტულუზი", ბოლო ხანს რაგბის ქართველი ქომაგის ყურადღების არეალში მოხვდა.

ჯერ იყო და, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ გუნდმა, სხვა ფრანგულ გრანდებთან ერთად, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, ვასილ კაკოვინის მიწვევა გადაწყვიტა. არჩევანი ჩვენებურმა, ცხადია, "ტულუზზე" გააკეთა და წინასწარი შეთანხმებაც გააფორმა.

ამჯერად, "ტულუზმა" თვალი დაადგა "ბორჯღალოსანთა" შერკინების კვაჭ აქვსენტი გიორგაძეს. "გლობუსას", რომელსაც წლეულს 35 წელი შეუსრულდა, გუნდში "სამედიცინო ჯოკერად" აიყვანენ ტრავმირებული გარი ბოთას ნაცვლად.

სამხრეთაფრიკელმა მორაგბემ ფეხის ტერფი შაბათს გამართულ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, მამუკა
გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიესთან" დაპირისპირებაში დაიშავა.

ექიმების დასკვნით, ის ოთხი თვე ვერ ითამაშებს. ეს კი თითქმის სეზონის ბოლომდე შერკინების კვაჭის გარეშე თამაშს ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ტულუზელთა თავკაცმა გი ნოვემ არჩევანი გიორგაძეზე შეაჩერა, რომელმაც "ტულუზის" საწვრთნელ ბაზაზე ფიზმომზადების ტესტები უკვე ჩააბარა.

შეგახსნებეთ, რომ აქვსენტი გიორგაძემ ბოლო ექვსი სეზონი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის "კასტრში" გაატარა. ის ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. თუმცა ერთი წლის წინ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის სრულყოფილად აღდგენა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა "კასტრი" დაეტოვებინა.

35 წლის ქართველი მორაგბე ახალ გუნდს ეძებდა და სპორტული ფორმის შენარჩუნების მიზნით სამოყვარულო გუნდ "მაზამეში" თამაშობდა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2 დივიზიონში ასპარეზობს.

"კასტრამდე" გიორგაძე სამი წლის განმავლობაში იტალიური "როვიგოს" ღირსებას იცავდა, იქამდე კი "ტულონის" შერკინების კვაჭი იყო. იმ დროს ეს გუნდი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში თამაშობდა.

"ტულუზის" ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს, მასზე არჩევანი უდიდესი გამოცდილების გამო შეაჩერეს. აქვსენტი გიორგაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 62 კეპი აქვს მოხვეჭილი და მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში უასპარეზია.

ცოტა რამ "ტულუზის" შესახებ. ეს კლუბი 1890 წელს დაარსდა და ევროპაში ერთ-ერთ უძლიერესად მიიჩნევა. ტულუზელებმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ცხრამეტჯერ მოიპოვეს და ხუთჯერ ფინალში დამარცხდნენ. მათ ასევე ოთხჯერ მოიგეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირი "ჰეინეკენის თასი".

ამჟამად "ტულუზი", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, საფრანგეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილზეა და სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ დავით ზირაქაშვილის "კლერმონს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულად ეს სახელი იწერება-ავქსენტი და არა აქვსენტი
goka
15:36 28-12-2011
0

სიახლეები პოპულარული