სატურნირო ცხრილს სათავეში ათ-ათი ქულით საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" ჩაუდგნენ.
"კლერმონმა" მესამე ტურში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს" უმასპინძლა და იოლად გაუსწორდა -
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 73-ე წუთზე გაასინბინა. კაკოვინი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
მომდევნო ტურში "კლერმონი" სტუმრად ეთამშება ამბიციამოძალებულ პარიზულ "მეტრო რასინგს", რომელმაც მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" - 36:31.
მასპინძლებმა თამაში ძირითადად მეტოქის შეცდომების მაქსიმალურად გამოყენებაზე ააგეს და ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის იმედად იყვნენ. "ვილკომ" ტულონელებს იმედი კი გაუმართლა (მის ანგარიშზე რვა საჯარიმო და ერთი გარდასხვაა - 26 ქულა), მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა. პარიზელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და არც მგეზავ ჯონათან ვიშნევსკის კარში დარტყმები იყო უზუსტო (ორი გარდასხვა, სამი საჯარიმო და ერთი არეკნი- 16 ქულა), მას მხარი შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ხუან მარტინ ერნანდესმაც აუბა, რომლის მიერ გატანლი თითო გარდასხვა და არეკნი (5 ქულა) გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-40 წუთიდან გამოჩნდა. "ტულონმა" სამიდან ორი მატჩი წააგო და ორივე საკუთარ მოედანზე. მომდევნო ტურში ტულონელები სტუმრად ეთამაშებიან პირველი დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელს".
ტურის სენსაცია კატალონიაში დაფიქსირდა, სადაც მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" ქვეყნის ჩემპიონი "პერპინიანი" დაამარცხა - 16:6.
მონპელიელებმა პირველ ტაიმში დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს და მასპინძლებმა მხოლოდ 6:3 მოიგეს. მეორეში სტუმრებმა ირწმუნეს, რომ გამარჯვება შეეძლოთ და საამისოდ მგეზავ ფრანსუა ტრინ-დუკის ლელოც საკმარისი აღმოჩნდა.
ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო. შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მომდევნო ტურში "მონპელიეს" კიდევ ერთ გრანდთან, გათამაშების ლიდერ და ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ "ტულუზთან" შინ უწევს თამაში. ტულუზელებმა მე-3 ტურში აქამდე დაუმარცხებელ "სტად ფრანსეს" მოუგეს - 34:16.
ლიდერთა შორისაა შარშანდელი ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრიც", რომელმაც შინ მოუგო ბასკურ "ბაიონს" -25:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. კასტრელები მე-4 ტურში სტუმრად სწორედ "ტულუზის" ძლეულ "სტად ფრანსეს" შეხვდებიან.
პირველი გამარჯვება მოიპოვა ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდმა შინ უძნელეს ბრძოლაში საკმაოდ ძლიერ ბასკურ "ბიარიცს" მოუგო - 28:23. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო. "აჟენის" მომდევნო მეტოქე აუტსაიდერი "ბურგუენი" იქნება, რომელმაც სამი თამაშიდან სამივე წააგო და ბოლო ადგილზეა.
საფრანგეთი. I დივიზიონი
III ტური
ტულონი-მეტრო რასინგი 31:36, პერპინიანი-მონპელიე 6:16, კლერმონი-ბრივი 33:9, კასტრი-ბაიონი 25:16, აჟენი-ბიარიცი 28:23, ლა როშელი-ბურგუენი 20:12, ტულუზი-სტად ფრანსე 34:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 10 ქულა, 2. კლერმონი - 10, 3. სტად ფრანსე - 9, 4. ბაიონი - 9, 5. მონპელიე - 9, 6. კასტრი - 9, 7. ლა როშელი - 8, 8. მეტრო რასინგი - 8, 9. ტულონი - 6, 10. ბიარიცი - 5, 11. ბრივი - 5, 12. პერპინიანი - 4, 13. აჟენი - 4, 14. ბურგუენი - 0
IV ტური
მონპელიე-ტულუზი, პერპინიანი-ბიარიცი, სტად ფრანსე-კასტრი, ბურგუენი-აჟენი, ბაიონი-ბრივი, ლა როშელი-ტულონი, მეტრო რასინგი-კლერმონი
დაიწყო ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაც. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან გამარჯვება მხოლდო ერთმა, გურამ კავთიძის "ლიონმა" მოიპოვა. ლიონელებმა შინ "ექსს" მოუგეს - 22:9. კავთიძე თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 29:34. მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავა განაცხადში არ იყო.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" მოულოდნელად" შინ დამარცხდა "მონ დე მარსანთან" - 9:12. მენაბდიშვილს არ უთამაშია.
II დივიზიონი
I ტური
ბორდო-კოლომიე 15:20, ორიაკი-დაქსი 36:13, ოში-კარკასონი 25:26, ნარბონი-ტარბი 34:29, ალბი-სენტ ეტიენი 45:19, გრენობლი-მონ დე მარსანი 9:12, ლიონი-ექსი 22:9, პო-ოიონაქსი 20:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 5 ქულა, 2. ორიაკი - 4, 3. ლიონი - 4, 4. კოლომიე - 4, 5. ნარბონი - 4, 6. მონ დე მარსანი - 4, 7. კარკასონი - 4, 8. პო - 4, 9. ოში - 1, 10. ოიონაქსი - 1, 11. გრენობლი - 1, 12. ტარბი - 1, 13. ბორდო - 1, 14. ექსი - 0, 15. დაქსი - 0, 16. სენტ ეტიენი - 0.
II ტური
სენტ ეტიენი-ოიონაქსი, კოლომიე-მონ დე მარსანი, დაქსი-ალბი, ტარბი-გრენობლი, ბორდო-ორიაკი, ექსი-ნარბონი, პო-ოში, კარკასონი-ლიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"