ფრანგულ ელიტაში ქართველები მრავლდებიან

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-16 ტურის წინ ქართველ მორაგებთა გუნდებს, "ტულუზს", "კლერმონს", "ტულონს" და კასტრს" სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური უჭირავთ. კიდევ ორი კი საპლეიოფო ექვსეულის მისადგომებთანაა და გამორიცხული არ არის, ჩემპიონობსთვის ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზე ექვსივე "ქართული გუნდი" აღმოჩნდეს.

გათამაშების ლიდერი ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზია", რომელიც მე-16 ტურში სტუმრად ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს". ევროპული გრანდის რიგებში პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც გუნდში ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად ჩაირიცხა "სამედიცინო ჯოკერის"
პრინციპით.

აი, რა თქვა მის შესახებ "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში.

"ჯაბა ტულუზში ორშაბათს ჩამოვიდა და ამიტომ ძნელია დარწმუნებით რამის თქმა. ვფიქრობ, ის კარგი ბიჭია, რომელმაც ფრანგულად ერთი სიტყვაც არ იცის. ის ვარჯიშზე ყურადღებით მისმენს და ცდილობს გუნდში რაც შეიძლება მალე მოასწროს ინტეგრირება.

ყველაფერი ახლა მასზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ ის არ გაგვაწბილებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში "მეტრო რასინგთან" შეხვედრაში ის "ტულუზის" შემადგენლობაში იქნება".

ტულუზელებს, რომლებსაც 56 ქულა აქვთ, 6 ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის "კლერმონი". "ვულკანები" მე-16 ტურში სტუმრად ეთამაშებიან "ბორდოს". ზირაქაშვილი დაშავებულია და კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

ამასთან ერთად, კლერმონიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა. ამ გუნდის ესპუართა ანუ სათადრიგო გუნდში ირიცხება საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელმაც გუშინ თავის კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. "ვიტომ" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორ წელი პლუს ერთის სისტემით. ამრიგად, კოლელიშვილი "კლერმონის" შემადგენლობაში მინიმუმ 2014 წლის ივნისამდე ითამაშებს.

"ვიქტორმა, რომელმაც წლეულს მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა, პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ეს ღირშესანიშნავი ფაქტია ჩვენი კლუბსითვის, რადგან ნათლად მეტყველებს საქართველოს რაგბის კავშირთან წარმატებულ თანამშრომლობაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის სამომავლოდაც გაგრძელდება და განვითარდება.

კოლელიშვილმა ბოლო ორი სეზონი სათადარიგო გუნდში გაატარა. მას ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ 22 წლის კუნთმაგარ, ცეცხლივით ტემპერამენტის მქონე მორაგბეს ყველაფერი წინ აქვს" - თქვა "კლერმონის" მენეჯერმა ჟან-მარკ ლერმემ.

"კლერმონს" ათი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელიც შინ მიიღებს ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბასკურ "ბაიონს". ჩვენებურის ვარსკვლავებით მოჭედილი გუნდი, სავარაუდოდ, მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, თუმცა ამის გაკეთება თავისი მულტიმილიონერი პრეზიდენტის, მურად ბურჯელალის გარეშე მოუწევს.

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ბურჯელალს მსაჯის კრიტიკის და შეურცხყოფისთვის 130-დღიანი დიკვალიფიკაცია მიუსაჯა. ის 3 ივნისამდე "ტულონის" მატჩებს სტადიონის ტრიბუნებიდან ვერ უყურებს.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", ისევე როგორც "ტულონს," 40 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. კასტრელები შინ ეთამაშებიან ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბიარიცს", რომელმაც ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში. ასე რომ, ფეიქრიშვილს და კომპანიას საკუთარ მოედანზე მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.

პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგებთა კდევ ორი გუნდი იბრძვის. მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც 35 ქულით მე-8 ადგილზეა, პარიზულ "სტად ფრანსეს" უმასპინძლებს.

მონპელიელთა მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს გადაწყვეტილებით, გორგოძე, რომელც უკვე დიდი ხანია მესამე ხაზში თამაშობს, ამჯერად მეორე ხაზში იასპარეზებს, რათა ტიბო პრივას არყოფნაში ეს პოზიცია გაამაგროს. ძირითად შემადგენლობაში იქნება ჟღენტიც, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან.

"მონპელიეს" ერთი ქულით უსწრებს და მე-7 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი". ჩვენებურის ამ გუნდმა ჩემპიონატი რიხით დაიწყო, თუმცა ბოლო ტურებში ნელ-ნელა პოზიციები დათმო. მე-16 ტურში "აჟენი" სტუმრად დაუპირისპირდება გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს", რომელიც 20 ქულით ბოლო ადგილზეა.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ ეთამაშება "პერპინიანს". ბრიველები "აჟენის" მსგავსად ჩემპიონატის სტარტზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურთა გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი უძლიერესი დაცვა გააჩნია, მაინც 11 შეხვედრაში დამარცხდა. "ბრივს" ახლა 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

I დივიზიონი
XVI ტური
მონპელიე-სტად ფრანსე, ლიონი-აჟენი, ტულონი-ბაიონი, კასტრი-ბიარიცი, ბრივი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულუზი, ბორდო-კლერმონი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 50, 3. ტულონი - 40, 4. კასტრი - 40, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მეტრო რასინგი - 36, 7. აჟენი - 36, 8. მონპელიე - 35, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 27, 11. ბრივი - 24, 12. ბიარიცი - 23, 13. ბაიონი - 23, 14. ლიონი - 20.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული