საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურის, პირველი დივიზიონის მე-5 ტური ქართული ლელოთი აღინიშნა. საქართველოს ნაკრებისა და "კლერმონის" შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ ძირითად შემადგენლობას ახლახან დაუბრუნდა, მე-15 წუთზე "მონპელიეს" ლელო გაუტანა, რითაც "ვულკანების" გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი.
"კლერმონმა" ყველაზე ქართულ ფრანგულ გუნდს, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" შინ 27:10 მოუგო. სტუმართა გუნდის მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ ოთხშაბათს შინ "ტულუზთან" მოგებული უმძიმესი მატჩის შემდეგ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენეს, მათ შორის მამუკა გორგოძეც.
"მონპელიე" არც ამის შემდეგ გატყდა და სამ წუთში საპასუხო ლელო გაიტანა, ოთხ წუთში კი ჯეიმზმა საჯარიმოთი გაათანაბრა - 10:10. ეს ანგარიში ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა, თუმცა მასპინძლებმა მაინც შეძლეს მონპელიელთა წინააღმდეგობის დაძლევა. "კლერმონი" 38-ე წუთზე ჯერ ჯეიმზმა დააწინაურა საჯარიმოთი, მერე კი, ტაიმის ბოლო წუთზე გარემარბმა ჟულიენ მალზიომ მიითვალა ლელო, რომელიც იმავე ჯეიმზმა გარდასხა - 20:10.
მეორე ტაიმში "მონპელიემ" საკუთარ მონაგარს ვერაფერი შემატა. საფრანგეთის ჩემპიონებმა კი მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს და სრულიად დამსახურებულად მოიგეს - 27:10.
ზირაქაშვილმა და ჩხაიძემ სრულად ითამაშეს. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე შეცვალეს, ორი წუთით მეტი დაჰყო მოედანზე ჟღენტმა. გორგოძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ ჩემპიონატის ერთ-ერთ
ფავორიტთან პარიზულ "მეტრო რასინგთან" - 31:25.
თამაში ორივე გუნდის დამრტყმელების დუელად გადაიქცა. კასტრელმა ფულბეკმა რომენ ტულემ რვა საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა (26 ქულა), პარიზელთა მგეზავის, არგენტინელი ხუან მარტინ ერნანდესის მონაგარი კი ერთი გარდასახვა, ოთხი საჯარიმო და ორი არეკნია (20 ქულა).
ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. მართალია, გიორგაძემ ტრავმა უკევ მოიშუშა, მაგრამ ჯერ ესპუართა გუნდში თამაშობს. ფეიქრიშვილი კი მკურნალობას განაგრძობს.
ასევე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა შინ დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" - 27:9. მატჩის პირველი ნახევარი უმძიმეს ბრძოლაში წარიმართა და- 6:6 დამთავრდა. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, ზუსტად ამ დროს ჩაერთო თამაშში ხინჩაგიშვილი, კაკოვინი განაცხადში არ იყო.
პირველ დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ხუთი სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში და, როგორც ჩანს, პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებს. ერთადერთი "ქართული გუნდი", რომელსაც ხუთი ტურის შემდეგ აქტივში თითო მოგება და ფრე აქვს, ბექა შეყლაშვილის "აჟენია". ჩვენებურის გუნდმა შარშანდელ ფინალისტს, კატალონიურ "პერპინიანს" უმასპინძლა და ფრეს გამოჰკრა ხელი - 23:23. შეყლაშვილს არ უთამაშია.
საფრანგეთი. I დივიზიონი
V ტური
კლერმონი-მონპელიე 27:10, კასტრი-მეტრო რასინგი 31:25, ტულუზი-ლა როშელი 50:3, ბურგუენი-ბაიონი 23:28, აჟენი-პერპინიანი 23:23, ბრივი-ტულონი 27:9, ბიარიცი-სტად ფრანსე 19:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 17 ქულა, 2. ტულუზი - 16, 3. კლერმონი - 14, 4. კასტრი - 14, 5. მონპელიე - 13, 6. სტად ფრანსე - 13, 7. მეტრო რასინგი - 13, 8. ბრივი - 11, 9. ტულონი - 10, 10. პერპინიანი - 10, 11. ბიარიცი - 10, 12. ლა როშელი - 9, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 5.
VI ტური
ბაიონი-კლერმონი, ტულონი-აჟენი, პერპინიანი-ბურგუენი, მეტრო რასინგი-ლა როშელი, სტად ფრანსე-ბრივი, მონპელიე-კასტრი, ბიარიცი-ტულუზი.
ორი მატჩიდან ორივე მოიგო ელიტურ, მეორე დივიზიონში გურამ კავთიძის "ლიონმა". ჩვენებურის გუნდმა მეორე ტურში სტუმრად დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი "კარკასონი" - 21:19. კავთიძე განაცხადში არ იყო.
ორიდან ორივე თამაში წააგო გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა". "ალპელები" ამჯერად სტუმრად დამარცხდნენ მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 19:25. ქართველებს არ უთამაშიათ.
II დივიზიონი
სენტ ეტიენი-ოიონაქსი 7:47, კოლომიე-მონ დე მარსანი 16:12, ტარბი-გრენობლი 25:19, ბორდო-ორიაკი 22:15, ექსი-ნარბონი 18:11, პო-ოში 22:16, კარკასონი-ლიონი 19:21, დაქსი-ალბი 13:28.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 9 ქულა, 2. ლიონი - 8, 3. კოლომიე - 8, 4. პო - 8, 5. ოიონაქსი - 6, 6. ბორდო - 5, 7. ნარბონი - 5, 8. კარკასონი - 5, 9. მონ დე მარსანი - 5, 10. ტარბი - 5, 11. ორიაკი - 5, 12. ექსი - 4, 13. ოში - 2, 14. გრენობლი - 2, 15. დაქსი - 0, 16. სენტ ეტიენი - 0.
III ტური
კოლომიე-პო, მონ დე მარსანი-ოში, ტარბი-ალბი, ნარბონი-სენტ ეტიენი, ორიაკი-ექსი, გრენობლი-კარკასონი, ოიონაქსი-ბორდო, ლიონი-დაქსი.
რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურში ბიძინა სამხარაძის, ოთარ ტურაშვილის, კახაბერ უჩავას, ირაკლი ნატრიაშვილისა და ლაშა თავართქილაძის "ფარულმა" სტუმრად მოუგო ბუქარესტის "სტიაუას" - 29:20. ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ ჩვენებურთა გუნდი სატურნირო ცხრილში 64 ქულით მესამე ადგილზეა და "სტიაუას" ოთხი ქულით ჩამორჩება.
რუმინეთი. უმაღლესი ლიგა
XVIII ტური
ბაია მარე-დინამო ბუქარესტი 39:7, სტიაუა-ფარული 20:29, ტიმიშოარა-არადი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაია მარე - 81 ქულა, 2. სტიაუა - 68, 3. ფარული - 64, 4. დინამო ბუქარესტი - 49, 5. არადი - 40, 6. ტიმიშოარა - 23.
ლელო