ვიტო კოლელიშვილი: იმედია გამოჩნდება ქალი, ნოკაუტში რომ ჩამაგდებს

AutoSharing Option
ვიტო კოლელიშვილი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მსახიობ ზაზა კოლელიშვილს მთელი საქართველო იცნობს და პატივს სცემს. ვიტომ, მამის მსგავსად, მსახიობობა არ ისურვა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, არჩევანი რაგბის სასარგებლოდ გააკეთა.

თუმცა დღეს ამ არჩევანს არ ნანობს, არც მშობლებს გაუპროტესტებიათ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავიანთ 22 წლის ვაჟს გულშემატკივრობენ.

ვიტო მრავალშვილიან ოჯახში და, როგორ თავად ამბობს, სრულიად დემოკრატიულ გარემოში გაიზარდა. მორაგბე ამჟამად საფრანგეთშია და იქაუ კლუ "კლერმონში" თამაშობს.

ვიქტორ, ანუ ვიტო კოლელიშვილთან ინტერვიუ ინტერნეტით ჩავწერეთ.

- ალბათ ყველა
გეკითხება და მეც მაინტერესებს, მორაგბეობა რატომ აირჩიე...

- რაგბის სასარგებლოდ ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი, პირველ რიგში კი, ჩემმა საახლობლო წრემ. მგონია, რომ რაგბის თამაში გვიან ასაკში დავიწყე, 14 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც მოვახერხე ამ სპორტში დარჩენა.

სანამ რაგბიში მოვხვდებოდი, სპორტის ბევრ სახეობაზე დავდიოდი, კალათბურთზე, ცურვაზე, ხრიდოლზეც... სხვა სპორტზეც. ნათლიაჩემმა შემიწყო ხელი, რომ რაგბიზე მეფიქრა.

დათო ხურცილავა, ანუ ჯაპანა არის ჩემი ნათლია. ბავშვობიდან, როცა ჩვენთან მოდიოდა, სულ რაგბიზე მელაპარაკებოდა. თავიდან არ მაინტერესებდა. ერთ დღესაც მითხრა, წამოდი, შე მუტრუკო, რაგბიზეო (იცინის). მანამდე ჩემი ძმა უკვე დაინტერესებული იყო რაგბით. ჩემი მეგობრებიც მეჩიჩინებოდნენ, მაგრად დარბიხარ და ჯანზე ხარ ისე, რომ არ ვარჯიშობ. თუკი ვარჯიშს დაიწყებ, უკეთეს ფორმაში იქნებიო. ბოლოს და ბოლოს მივედი და აღარც წამოვსულვარ ამ სპორტიდან.

- მაინც რით დაგაინტერესა რაგბიმ?
- არ ვიცი... ალბათ როცა რაგბის თამაშს დაიწყებ, ამით იწამლები. ხასიათის ამბავიც არის - შენს თავზე ხარ დამოკიდებული, იქ ვიღაცას დაეტაკები, ფეხებში ჩაუვარდები, ბურთს გამოსტაცებ და შენიანს გადააწოდებ. ძალიან მომეწონა ეს თამაში. შემდეგ თამაშის წესებიც გავიგე და აღარაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა რაგბის გარდა. იმდენი წესია, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მართლა არ ვიცოდე და ინსტინქტურად ვითამაშო.

- შენი კარიერა სად დაიწყო?
- "ლელოს" გაზრდილი ვარ. ვითამაშე ასაკობრივი რაგბი, მერე ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოვხვდი, მერე უმაღლეს ლიგაში ვითამაშე და ორიოდ წლის წინ საფრანგეთში წამოვედი. ამჟამად კლერმონ-ფერანში ვცხოვრობ, გუნდს კი, რომელშიც ვთამაშობ, "კლერმონი" ჰქვია.

საფრანგეთში სინჯებზე თავად ჩამოვედი. აქ კარგი პირობებია სავარჯიშოდაც და ანაზღაურების მხრივაც, ვიდრე საქართველოში.

მინდა გავიხსენო, პირველად რომ გავემგზავრე მარტო საზღვრებს გარეთ. თბილისიდან თურქეთში ჩავფრინდი და აღმოჩნდა, რომ ფრენა გადაიდო, გადავწყვიტე, იტალიაში წავსულიყავი და იქიდან საფრანგეთში. ჩავედი რომში, თან ფულიც მქონდა და ვიფიქრე, აქ ხომ არ დავრჩე, თან ბევრი ქართველია და რაიმე საქმე ხომ არ წამოვიწყო-მეთქი (იცინის).

რომში ინგლისური არ იცოდნენ, რასაკვირველია, არც ქართული, მე კი იტალიურის აზრზე არ ვარ, ხელებითა და ფეხებით ველაპარაკე და მივახვედრე, რომ ბილეთის გადაცვლა მინდოდა. იქიდან ნიცაში წავედი, იქ ბარგი დავკარგე, სანამ ვიპოვე, შემატყობინეს, რომ ფრენა გადაიდო.

დილის რვა საათზე გავიღვიძე, რომ ყველა პროცედურა მომესწრო. მერე, ვინაიდან მობილური დამიჯდა და სახლში არ იცოდნენ, დღე-ნახევარი სად ვიყავი დაკარგული, ინტერნეტის ძებნა დავიწყე. ამ დროს ჩემს სახელსა და გვარს აცხადებდნენ, ბატონო ვიტო, გელოდებით, ჩასხდომა დაიწყო და ადგილზე გამოცხადდითო. მე კი არ მესმოდა, რადგან ფრანგული არ ვიცოდი. კიდევ კარგი, მეორე ჩემნაირად დაკარგულმა ქალმა დამიძახა, შენ გეძახიანო და მივასწარი რეისს. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ სადაც უნდა დავიკარგო, მაინც არაფერი მომივა, ყველა სიტუაციიდან შევძლებ თავის დაძვრენას (იცინის). დიდი ტანჯვა-წამება გავიარე, სანამ საფრანგეთში სინჯებზე ჩავიდოდი.

მოკლედ, როცა ჩამოვედი, გუნდის მესვეურებს მოვეწონე და კონტრაქტი გამიფორმეს. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, სულ სხვა რეჟიმში გიწევს ცხოვრება. მერე ეჩვევი. ძალიან რთული არ არის, მით უმეტეს, თუკი შენი საქმე გიყვარს და ამისთვის ხარ წამოსული, თუმცა ყველას, რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში ურჩევნია.

ჩემი აზრით, როგორც მოთამაშე, აქ ყოფნით ვიზრდები და ვვითარდები. ყველა ფიქრობს იქ წასვლაზე, სადაც წინსვლა ექნება. ჩემ შემთხვევაშიც ეს არის პირველი მიზეზი, მინდა, მეტი გამოცდილება მივიღო და კარგი რაგბი ვითამაშო, დავხვეწო საკუთარი თავი. ამისთვის აქ კარგი სკოლაა, ჩემს გუნდს რაგბიში დიდი ტრადიციები აქვს.

- საქართველოს ნაკრებში როგორ მოხვდი?
- პატარა რომ ხარ, გინდა, ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდე, შენი ქვეყნის სახელით გამოხვიდე და არ შეარცხვინო ქვეყანა. როცა ამას მოილევ, ყველაზე დიდი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. გინდა, ხალხი გაახარო და შენი წვლილი შეიტანო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2005 წელს ვითამაშე, როცა რუმინეთში ახალგაზრდებიც წაგვიყვანეს. სულ სამი თამაში გვქონდა, იტალიასთან თამაშისას შეცვლაზე შევედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დიდების გვერდით მომიწია დადგომამ. მას შემდეგ ბევრ თამაშში მივიღე მონაწილეობა და საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახი ვართ.

- მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები ხართ. თუ არის დაუწერელი წესები იმის შესახებ, როგორ შეიძლება ამის გამოყენება მოედანზე და მოედნის გარეთ?
- დაუწერელი წესია, რომ რაგბის მოედანზე დაწყებული ჩხუბი მოედნის გარეთ აღარ გრძელდება, რაც ზოგიერთი სპორტის სახეობაში შესაძლებელია. კაცურად უნდა იჩხუბო, ხელებით, ფეხით ჩხუბი და ბუცების ჩარტყმა მოწინააღმდეგისთვის არაეთიკურად მიიჩნევა. მუშტი-კრივი კი შესაძლებელია (იცინის). ჩხუბის მერე ისიც შეიძლება, რომ მოწინააღმდეგეს გადაეხვიო...

- თუმცა, შენ რომ რუმინელი მოთამაშე ნოკაუტში ჩააგდე (იხილეთ ვიდეო), მას არ გადახვევიხარ. როგორი გაგრძელება ჰქონდა ამ ამბავს, რის გამოც ერთი თამაშის გამოტოვებამ მოგიწია?
- ნამდვილად არ გადავხვევივარ. როცა ბანკეტზე მოვიდა, მან თავად აღნიშნა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა თამაშის მოსაგებადო. არასპორტული საქციელი რომ ჩაიდინა, აღიარა, თმა მომქაჩა. შეიძლება ითქვას, რომ თავის ანკესზე წამომაგო და ეს გამოუვიდა, რადგან მსაჯმა გამაგდო, შანსი იყო, რომ თამაში წაგვეგო.

ვერ გეტყვი, თავიდან რომ დამებრუნებინა ის მომენტი, შევცვლიდი თუ არა, ალბათ მაინც არა. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმან, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ეს პროვოკატორი მოთამაშე თმაზე ხელს წამატანდა ხოლმე. ვუთხარი კიდეც, თმას ნუ მქაჩავ-მეთქი, მაგრამ ბოლოს რომ დამითრია, გულზე მომხვდა...

არ მინდა ამის გახსენება, რადგან ამ თამაშის შემდეგ რუსეთთან მატჩი გამოვტოვე, არადა, ძალიან მინდოდა რუსეთთან თამაში. ალბათ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, თუმცა მე ვერ შევძლებდი.

- მოედნის გარეთ ჩხუბზეც გკითხე...
- ქუჩა სხვაა. შენი ჯანი არავის აინტერესებს. რაც უნდა დიდი ტიპი იყოს, მას მოხერხებულობით შეიძლება მოუღო ბოლო (იღიმის). არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ მიჩხუბია. ისე კი, ვფიქრობ, რომ კუნთებზე ყურება არ ღირს.

- ვიცი, რომ მობეზრებული გაქვს შეკითხვები ოჯახზე, მაგრამ მაინც უნდა გკითხო - შენს წარმატებებს ოჯახი როგორ უყურებს?
- ძალიან მგულშემატკივრობენ და მათი სახით დიდი გვერდში მდგომები მყავს. ამ წლების განმავლობაში იმდენად აითვისეს სპორტის ეს სახეობა, რომ ზოგჯერ ნერვები მეშლება. როცა თბილისში ჩამოვდივარ, ბევრ წვრილმანზე მეკითხებიან, მე კი სახლშიც რაგბიზე ლაპარაკი აღარ მინდა და ვთხოვ ხოლმე, სხვა რამეზე მელაპარაკეთ-მეთქი (იცინის).

- თეატრალურში სწავლობდი, არ გამოდგა მსახიობობა შენი საქმე?
- ორი წელი ვსწავლობდი... ბავშვობიდან ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ საქმისთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლო. როცა ჩავაბარე, იცით, რა მოხდა? თეატრალურში და რაგბიზე ერთად დავდიოდი, ორივე საქმეს თავისი რეჟიმი და მეცადინეობა სჭირდებოდა.
თეატრალურში სტუდენტებს ზოგჯერ ერთ ლობიანზე უწევთ დღის გადაგორება.

ერთი წელი ასე დავყავი, არც ერთ საქმეს თითქოს ყურადღებას არ ვაკლებდი, თუმცა როცა სიტუაციას გადავხედე, შეიძლებოდა, თეატრალურში 4 წელი მესწავლა, მაგრამ ისე უნდა მემუშავა და თავი გადამედო, რომ რაგბი საერთოდ დამევიწყებინა.

იმ ეტაპზე რაგბიმ გაიმარჯვა, აკადემიური ავიღე, საქართველოდან გამოვემგზავრე და საფრანგეთში წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა მინდოდა, რაგბიმ გადაწონა და ამას არც ვნანობ!..

- რომ დარჩენილიყავი თეატრალურში, როგორ ფიქრობ, როგორც მსახიობი, მამის ჩრდილს თავს თუ დააღწევდი?
- ძალიან ძნელი იქნებოდა!.. ამანაც იმოქმედა. სწავლას რომ დავამთავრებდი, ალბათ, იტყოდნენ, ზაზას ბიჭია, ჩააბარებინეს და დაამთავრებინესო. თუკი შევძლებდი, ღირსეულად ვყოფილიყავი ამ სფეროში, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ როცა ჩემი კურსელები თეატრალურში გვიანობამდე რჩებოდნენ, მე ამას ვერ ვახერხებდი და მივხვდი, რომ მსახიობობა არ გამოვიდოდა... ორ საქმეს ერთად ვერ გააკეთებ. უნდა აირჩიო ის საქმე, რომელიც უფრო გიყვარს. სპორტი ისეთი რამეა, რომელსაც 34-35 წლამდე ითამაშებ, მერე კი შეიძლება ვიფიქრო, რა უნდა ვაკეთო.

- რომ შემოგთავაზონ ფილმში თამაში, დათანხმდები?
- თუკი რაგბის არ შეუშლის ხელს, ამ შემთხვევაში დავთანხმდები. თან, შემოთავაზებაც უნდა მომეწონოს.

- სამი და და კიდევ ძმა გყავს. როგორ გზრდიდნენ მშობლები, მკაცრად?
- მშობლები თავისთავად რაღაცებს უკრძალავენ შვილებს, მაგრამ დღემდე ჩვენს ოჯახში ასეთი მიდგომა იყო და არის, ყოველთვის გვქონდა აზრის გამოთქმის უფლება. დავსხდებოდით და ვმსჯელობდით ხოლმე. თუ აუცილებელი და მართებული იყო რაღაცის გაკეთება, ვაკეთებდით. ძნელად აღსაზრდელი არავინ ყოფილა. ხომ იცით, ფილმებში რომ არიან ხოლმე ბავშვები, დასაბმელები (იცინის). გეტყოდნენ რაღაცას, თუ გაიგებდი, გაიგებდი, თუ არადა, თავში ქვა გიხლია და მუცელში სამართებელიო, გიპასუხებდნენ (იცინის).

- მოკლედ, ოჯახში დემოკრატია გქონიათ. გარეგნულად მამას ჰგავხარ. გოგონებს ძალიან მოსწონხარ და ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. ამას როგორ უყურებ?
- სიმართლე გითხრა, საფრანგეთში ძალიან ცოტა დრო მრჩება. ორ კვირაში ერთხელ მორაგბეებთან ერთად გავდივარ ხოლმე ერთი-ორი ჭიქის დასალევად. მართლა არ მაქვს სხვა რამის დრო. თანაც, უცხოეთიდან საქართველოში სერიოზული ურთიერთობა ვერ გექნება. ალბათ გამოჩნდება ვინმე, მაგრამ ახლა სერიოზული ურთიერთობისთვის არ მცალია, თუმცა არც კანდიდატურა არსებობს, თორემ რომ არსებობდეს, მოვიცლიდი რამენაირად (იღიმება).

- თუ გაითვალისწინებ გოგონას არჩევისას მშობლების აზრს?
- ამ მხრივ ჯერ ჩემი აზრი იქნება გადამწყვეტი, ჩემს არჩევანს უნდა სცეს ყველამ პატივი. კრიტერიუმები არ მაქვს შემუშავებული, ვინ მომეწონება და არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ერთი გამოხედვით ისე ჩამივარდეს გოგონა გულში, რომ...

- ქერა, შავგვრემანი თუ წითური?
- ქერებზე მეტად შავგვრემნები მომწონს, მგონი, თუმცა ასე გადაწყვეტილად ვერ ვიტყვი. შეიძლება, ქერა მანდილოსანმაც ძალიან მომხიბლოს.

- აქამდე ყოფილა გოგონა, რომელსაც ნოკაუტში ჩაუგდიხარ?
- ჯერ ვერ დამანოკაუტა ვერავინ (იცინის).

- ათი წლის მერე როგორი წარმოგიდგენია შენი თავი და ცხოვრება?
- ყველაფერზე ვფიქრობ ხოლმე, რადგან ფიქრისთვის აქ საკმაოდ ბევრი დრო მაქვს, თანაც სულ ფრანგების გარემოცვაში ვარ და ჯერ ფრანგულად კარგად ვერ ვლაპარაკობ, ვბლუყუნებ.

მიფიქრია მომავალზე და ძირითადად, პირად ცხოვრებაზე. ათი წელი ახლო მომავალი მგონია. იმედია, ათ წელიწადში დანოკაუტებული ვიქნები და ორი დანოკაუტებული ბავშვიც მეყოლება (იცინის).

ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი და ღირებული რაგბია, მაგრამ როცა მეორე ნახევარი გამოჩნდება, მერე ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერი იქნება (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული