გიორგი ჩხაიძე მსოფლიოს ყველაზე უდისციპლინო მორაგბეთა ათეულშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "სენ ჟუნიენის" მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე მსოფლიოს ყველაზე უდისციპლინო მორაგბეების ათეულში მოხვდა.

"ბინგოს" ეროვნულ გუნდში 56 კეპი აქვს მოხვეჭილი და ხუთჯერ მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა. ამ მაჩვენებლით ის მე-7 ადგილზე იმყოფება.

საგულისხმოა, რომ უდისციპლინო მოთამაშეების საქციელი ყოველთვის როდი აზარალებს გუნდს. არცთუ იშვიათად, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები, პირიქით, ავიწროებენ მეტოქეს. თუმცა სტატისტიკა მაინც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამნაშავის გუნდი, უმრავლეს შემთხვევაში, სამართლიანად ისჯება.

თუ კლუბების შემადგენლობებს თვალს გადავავლებთ, ყველაზე ცუდ დღეში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" მთავარი მწვრთნელი ვერნ
კოტერია. ამ გუნდში ორი მსოფლიოს დონის "ხულიგანია", ორივე მეორეხაზელი - შოტლანდიელი ნათან ჰაინსი და კანადელი ჯიმი კუდმორი.

ჰაინსს "სკოტების" რიგებში 77-ჯერ უთამაშია. ამ შეხვედრებში მან არბიტრს ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოსტყუა. კუდმორმა კი "ნეკერჩხლის ფოთლების" კვართი სულ 27-ჯერ მოირგო და ხუთი ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ანუ საშუალოდ 5,4 მატჩში ერთხელ სინბინში იყო.

"ვულკანების" ახალზელანდიელი თავკაცი მუდმივად იმის განსჯაშია, რომელი მათგანი შეუშვას მოედანზე. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ჰაინსისა და კუდმორის შემადგენლობაში ყოფნა ძალიან ახარებთ. იციან, რომ უხეში მოთამაშეები არიან, რაც საშუალებას აძლევთ, საჯარიმოები გამოიმუშავონ.

ერთი სიტყვით, ყველაზე მოხულიგნო მორაგბეების ათეულს სათავეში ნათან ჰაინსი უდგას. ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს, ოღონდ ნაკრების 93 შეხვედრაში, იტალიელ მეორეხაზელ მარკო ბორტოლამის.

ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი არბიტრებმა სამხრეთ აფრიკის მესამეხაზელ სხლაკ ბურხერს უჩვენეს. ის 68 მატჩში ექვსჯერ გაუშვეს სინბინში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბურხერს წითელი ბარათი არასდროს დაუმსახურებია. მეოთხეადგილოსან კუდმორზე უკვე ვთქვით.

ჩხაიძეს ყვითელი ბარათების "რბოლაში" კიდევ ორი, არგენტინელი როდრიგო რონსერო და ფიჯელი სერემია ბაი უსწრებს.

მერვე-მეათე ადგილებს კი ამერიკელი პოლ ემერიკი, ფიჯელი სისა კოიამაიბოლე და ინგლისელი საიმონ შოუ იყოფენ ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათით.

აქამდე მიაჩნდათ, რომ თითქოს ყველაზე უდისციპლინო ქართველი მორაგბე "ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე იყო, თუმცა როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ის ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მოედნიდან მხოლოდ სამჯერ გაასინბინეს.

"ყვითელი ციებ-ცხელება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული