ქართველ მორაგბეთა სატრანსფერო ციებ-ცხელება საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. სატრანსფერო ციებ-ცხელება დიდი ხანია, დაწყებულია, რომელშიც ქართველი მორაგბეებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

ელიტურ, პირველ დივიზიონს რამდენიმე ჩვენებური შეემატა. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ელიტის დატოვება მოუწიათ.

ის, რომ "ბრივის" შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის გრანდში, "ტულუზში" გადავიდა, დიდი ხნის ამბავია.

სამწუხაროდ, "ბრივი" ელიტიდან გავარდა. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ გუნდთან გამოთხოვება მოუწევთ ქართველ პირველხაზელებს: დავით ხინჩაგიშვილსა და ირაკლი ნატრიაშვილს.

პირველს პერსპექტივაში პარიზული "სტად ფრანსე" ელოდება. ამავე გუნდში ახლახან ჩაირიცხა კიდევ ერთი პირველხაზელი ზურაბ ჟვანია, რომელიც ფოთის სარაგბო სკოლის
აღზრდილია და დღემდე ქუთაისის "აიაში" ასპარეზობდა.

ჟვანია მომავალი სეზონიდან პარიზელთა ესპუარებში, ანუ სათადარიგო გუნდში ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია ნატრიაშვილის მომავალი გუნდის ვინაობა. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ "ბრივში" გაატარებს მომავალ სეზონს საქართველოს A ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე.

ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც. ასე მაგალითად: აკადემიელი ბექა ლომიძე, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელია, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" ღირსებას დაიცავს.

ქუთაისის "აიას" პირველხაზელი ტარიელ ჩხიკვაძე კი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" კვართს მოირგებს.

სავარაუდოდ, "ტულუზში" განაგრძობს ასპარეზობას შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე, რომელიც ამ კლუბში წლეულს, იანვარში ჩაირიცხა და ტრავმის გამო მხოლოდ სამ შეხვედრაში მოასწრო ასპარეზობა.

"გლობუსა" ამჟამად ჯანმრთელია და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.

საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" ძირითად გუნდში ითამაშებს მომავალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი.

პირველი დივიზიონის დატოვება მოუწევს "აჟენის" პირველხაზელ ბექა შეყლაშვილს, რომელმაც ხელშეკრულება ელიტური, მეორე დივიზიონის "დაქსთან" გააფორმა. პირველი დივიზიონიდან მეორეში გავარდა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი".

შევსებაა მეორე დივიზიონის გუნდებშიც. ქუთაისის "აიას" პირველხაზელი თორნიკე ლომიძე გასინჯვაზე იმყოფებოდა ბასკურ "ბიარიცში", რომელმაც ქართველი შერკინების ბურჯი მეორედივიზიონელ "მონ დე მარსანში" გაანათხოვრა.

ამავე გუნდში ითამაშებს "არმიას" შუამარბი თამაზ მჭედლიძეც. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბმა პლეი ოფის ფინალში გააღწია და იქ გამარჯვების შემთხვევაში ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მეორე დივიზიონის "ალბიში", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი წვრთნის, ერთბაშად სამი ქართველი: გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ლელო), მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი, ფედერალ 1) და მეორეხაზელი კახა კობერიძე (ხარები) ჩაირიცხა.

ახლახან მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" გააფორმა ხელშეკრულება გიორგი ნემსაძემ, რომელიც წლეულს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ვალანს დაჟენში" ითამაშებს. მისი თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილია კი შოტლანდიას მიაშურებს და ამ ქვეყნის უძლიერესი კლუბის, "ედინბურგის" ღირსებას დაიცავს.

ელიტური, მეორე დივიზიონიდან ფედერალ 1-ში დაქვეითდა თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო".

ქართველმა მორაგბეებმა ამ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეს.

ქართულ-ფრანგული მიდი-მოდი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ტრანსფერებია. მადლობა ავტორს.
zangura
13:11 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული