დავით ზირაქაშვილი: ყველაზე მეტად ობის წინააღმდეგ თამაში მიჭირს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი წლეულს საუკეთსო სეზონს ატარებს. "ზირაქა" მეშვიდე წელიწადია საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "კლერმონში" თამაშობს. ის გასულ სეზონში ამ გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. შერკინების ქართველი ბურჯი ავტორიტეტს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავი შრომის ხარჯზე იხვეჭდა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელია.

ეს ინტერვიუ ზირაქაშვილთან, "კლერმონის" ოფიციალურ ვებგვერდზე "ტულონთან" მატჩის წინ გამოქვეყნდა.

"კლერმონის" ქართველი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი გრანიტის კლდესავითაა, რომლის ოდნავ გატოკებაც კი მსოფლიოში ძალიან ცოტას თუ შეუძლია. ერთადერთი, ვინც ამას ახერხებს,
როგორც თვითონ ამბობს, მისი მეგობარი გოდერძი შველიძეა, რომელიც ადრე "კლერმონში" თამაშობდა და ახლა "მონპელიეს" ღირსებას იცავს. მასთან საუბრის თემა, ცხადია, მის სათამაშო ამპლუასთან დაკავშირებული ცვლილებები და ამით წარმოქმნილი პრობლემები იყო.

- დათო, წლევანდელი სეზონის დასაწყისში "კლერმონის" შერკინება გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა, თუმცა, როგორც ახლა ვხედავთ, მდგომარეობა გამოსწორდა...
- როგორც ყველა გუნდს, ჩვენც გაგვიჭირდა ახალ წესებთან ადაპტირება. შესაძლოა, რამდენიმე წამი უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ძალიან ბევრს ცვლის. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ მივჩვეოდით ახალ წესებს და ისევ ძველებურად, მონოლითად შევკრულიყავით.

რატომ, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველი ახალი სეზონის წინ გვიჭირს თამაშის დალაგება, მაგრამ, როცა ყველა პრობლემას ვაგვარებთ, თამაშიც მიგვდის და ჩვენი შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა სირთულე უკვე დაძლეულია?
- არა, სირთულეები ასე მალე, ერთი ხელის მოსმით არ გვარდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია, ისევ ძალიან წარმატებული პერიოდი გვქონდეს, მაგრამ ის არ იქნება პირდაპირ კავშირში სეზონის დასაწყისში არსებულ სირთულეებთან. ჩვენ, ფაქტობრივად ხელახლა გვიხდება შერკინებაში შესვლის სწავლა. ეს საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს და, ვფიქრობ, მთელი სეზონი გასტანს. როცა შერკინება სათანადოდ შეიკვრება და ძველებურად ყველასთვის მრისხანე იქნება, აი, მაშინ შეიძლება თქმა, რომ ყველაფერი წესრიგშია.

- ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ცვლილებებზე, მაგრამ საინტრესოა, კონკრეტულად რა შეიცვალა?
- შერკინებაში შესვლას მსაჯები ხელმძღვანელობენ, ამას ისინი სპეციფიკური ბრძანებებით აკეთებენ. შეიცვლა ამ ბრძანებების გაცემის რიტმი. ის ძალიან ნელი გახდა. ამან შერკინებაში შესვლისას დარტყმის ძალის შესუსტება გამოიწვია. გასულ სეზონში ყველა მოწინააღმდეგეს ვჯაბნიდით, რადგან შერკინებაში შესვლამდე "დამუხრუჭება" აუცილებელი არ იყო. ვერავინ გვიძლებდა.
ამ სეზონზე კი, იძულებულნი ვართ, შევამციროთ მანძილი, რადგან გაუნძრევლად დიდხანს დგომა შერკინებაში შესვლის წინ შეუძლებელია. დარტყმაც შესვლისას სუსტი გამოგვდის. საჭიროა, მალე ვნახოთ გამოსავალი, მედგრად უნდა დავდგეთ და მეტოქესაც პრობლემები შევუქმნათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ წინსვლას.

- შარშანდელი ჩემპიონატის ნახევარფინალში "ტულონთან" გამარჯვება შერკინების ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა, როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც ასე იქნება?
- ის, რაც იყო, წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვა ვითარებაა. კარგად გვესმის, რომ ტულონელები კბილებს ილესავენ და რევანშის აღება უნდათ. მათი შერკინება საგრძნობლად გაძლიერდა. სეზონის წინ ახალზელანდიელი შერკინების ბურჯი კარლ ეიმანი დაიმატეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ტულონში" მეორე სეზონია, ყოფილი კლერმონელი ლორან ემანუელი თამაშობს, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი შერკინების ავან-ჩავანი და ბევრი საინტერესო შეუძლია მოუთხროს ამჟამინდელ თანაგუნდელებს.

- ლორანი ახსენეთ, საინტერესოა, ვინ გიქმნით ყველაზე მეტ პრობლეაბს შერკინებაში თამაშისას?
- ერთადერთი მორაგბე, ვის წინააღმდეგ თამაშიც ძალიან მიჭირს - "ობია" (ობი - ქართველი მორაგბის გოდერძი შველიძის ფრანგული თიკუნი. ფილმიდან "ასტერიქსი და ობელიქსი"). როდესაც ერთმანეთის პირიპირ ვდგებით, არ შემიძლია იმისგან განთავისუფლება რაც, ჩვენ გვაკავშირებს. ჩვენი სათამაშო ამპლუა ასეთია, მეტოქე ფიზიკურად უნდა დაჯაბნო, მისი ნაკლოვანებები უნდა გამოიყენო, მაგრამ, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობ, მიჭირს, ჩვენს მეგობრობას ხაზი გადავუსვა და ყოველივე ეს გავაკეთო.

"ობის" გარდა, ცხადია, ძალიან ბევრ შერკინების ბურჯს ვიცნობ, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშამდე და თამაშის მერე, თამაშისას ყველა მათგანი მეტოქეა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული