გიორგი ნემსაძე: მეორეხაზელი ვარ, შემიძლია მესამეშიც ვითამაშო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. დასკვნით ეტაპზე პლეი ოფებში მოასპარეზეთა უმრავლესობა ქართველ მორაგბეთა გუნდებია. მათ შორის ერთ-ერთი, გიორგი ნემსაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ვალანს დაჟენი" ფედერალ 1 დივიზიონში ასპარეზობს.

ჩვენებურთა ამ გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად პლეი ოფის ნახევარფინალში გააღწია. მიმდინარე მოვლენებსა და მომავლის გეგმებზე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს ვესაუბრეთ.

- ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებიდან კლუბში რომ დავბრუნდი, თავდაპირველად, ბევრი პრობლემა შემექმნა. ფეხის კუნთი ორჯერ გამიწყდა და მკურნალობას დიდი დრო დასჭირა. გამოჯანმრთელების შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. თითქმის ყველა მატჩში თავიდან ბოლომდე
ვთამაშობდი.

გუნდიც კარგად ათამაშდა. სეზონის დაწყების წინ ჩვენი მიზანი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო. ვერავინ იფიქრებდა, რომ პლეი ოფში გავიდოდით და იქ ნახევარფინალამდე გავაღწევდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წარმატებაში მე და დიმიტრი ბასილაიას დიდი წვლილი მიგვიძღვის.

- როგორც ჩანს, ბასილაიას ვალანსელები ძალიან აფასებენ, რადგან მისი მიწვევა შოტლანდიური რაგბის გრანდს, "ედინბურგს" ჯერ კიდევ მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე უნდოდა, მაგრამ "ვალანს დაჟენის" ხელმძღვანელობამ არ გაუშვა...
- დიახ, ასე იყო. ჩემთვის "ვალანს დაჟენის" პოზიცია გასაგებია. როცა გუნდში მსოფლიო დონის მესამეხაზელი გყავს და კანონიც შენს მხარეზეა, ცხადია, ყველაფერს იღონებ, რომ ეს მორაგბე შეინარჩუნო. ბასილაიას აქ მართლაც დიდ პატივს სცემენ.

დიმამაც, თავის მხრივ, ძალიან ბევრი გააკეთა ამ გუნდისთვის. ვფიქრობ, ის "ედინბურგში" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მესამეხაზელად ჩამოყალიბდება.

- მომავალი სეზონიდან ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" ითამაშებთ. რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?
- "ტარბზე" არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ეს გუნდი რანგით უფრო მაღალ დივიზიონში ასპარეზობს. ტარბელებმა ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი.

აქ მხოლოდ ერთ სეზონს ვითამაშებ და მინდა კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდში განვაგრძო კარიერა. ყოველ შემთხვევაში, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, "ტარბში" დიდხანს რომ არ გავჩერდე.

წლეულს ძალიან ბევრი ვითამაშე მესამე ხაზში და ყველაფერი კარგად გამომდიოდა, რამდენჯერმე საუკეთესოდაც დამასახელეს. "ტარბსაც" უნდა, რომ ორივე პოზიციაზე მათამაშოს.

- "ტარბში" რამდენიმე ქართველი მორაგბე ირიცხება...
- დიახ, აქ თამაშობს პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვიცნობ, თუმცა გუნდის მწვრთნელებმა ძალიან კარგად დამიხასიათეს. კიდევ ერთი პირველხაზელი მამუკა მაგრაქველიძე კი გუნდს ტოვებს, ოღონდ სად გადადის, ჯერ არ ვიცი. "ტარბთან" ახლახან კონტრაქტი გააფორმა შერკინების ბურჯმა დავით დადუნაშვილმა.

- საქართველოს ნაკრები ივნისში სამ მატჩს გამართავს. თქვენ გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არ ხართ...
- წლეულს დასვენებას თითქმის ვერ ვასწრებ. სულ რაღაც ორი კვირა მრჩება თავისუფალი. ამიტომ ნაკრების მწვრთნელებს ვესაუბრე და გადაწყვიტეს, რომ ამჟამად დამესვენა. მომავალი წლიდან კი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი იწყება და ახალი ძალებით შევუტევთ.

- როგორც უკვე თქვით, წლეულს მესამე ხაზშიც გითამაშიათ და კარგადაც. ხომ არ აპირებთ ნაკრებშიც სცადოთ ძალა ამ პოზიციაზე?
- საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მესამე ხაზი ჰყავს. მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი და დიმიტრი ბასილაია მსოფლიო დონის მორაგბეები არიან.

თუ მწვრთნელები ჩათვლიან, რომ შემიძლია ამათ კონკურენცია გავუწიო, ეს ჩემთვის, უწინარესად, დიდი პატივი იქნება.

მართალი რომ ვთქვათ, მე ვარ მეორეხაზელი, რომელსაც შეუძლია მესამე ხაზშიც ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული