მართალია, სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხურება, თუმცა ელიტური, პირველი დივიზიონის ყველა გუნდი უკვე მთლიანად დაკომპლექტებულია. შესაბამისად, რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი მოსალოდნელი არ არის.
წლეულს ქართველ მორაგბეებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ელიტურ, მეორე დივიზიონში.
ერთბაშად სამი ჩვენებური დაიმატეს "ალბიმ" და "ტარბმა". ალბელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი წვრთნის, მომავალ სეზონში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ყოფილი ლელოელები ვახტანგ მაისურაძე და ალექსანდრე თოდუა დაეხმარება.
მათთან ერთად
"ტარბმა" კიდევ უფრო უკეთესი შენაძენი გაახერხა. ამ გუნდის მიერ დამატებული სამივე ქართველი მორაგბე ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ამათგან ორი, გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე, მეორეხაზელია.
ნემსაძე აქამდე ფედერალ 1 დივიზიონის "ვალანს დაჟენში" გამოდიოდა, ჩხაიძე კი "სენ ჟუნიენის" ღირსებას იცავდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე გუნდში ასპარეზობდა "ბორჯღალოსნების" მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა.
"ტარბში" ჩარიცხული მესამე ჩვენებური შერკინების ბურჯი დავით დადუნაშვილია, რომელიც ჩვენს რაგბიში იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებების ისტორიაში ქართული ლელო პირველმა გაიტანა.
დადუნაშვილმა განვლილი სეზონი მეორე დივიზიონში მოასპარეზე "პერიგოში" გაატარა, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა და ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითდა. ამ გუნდის რიგები დატოვა საქართველოს ნაკრების შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ და ის ახალი გუნდის ძიებაშია.
მეორე დივიზიონში მოთამაშე "ქართულ გუნდებს" შეემატა პირველი დივიზიონიდან დაქვეითებული "ბრივი".
ამ გუნდში ირაკლი ნატრიაშვილსა და დავით ხინჩაგიშვილს წლეულს კიდევ ერთი პირველხაზელი გოდერძი შველიძე შეუამხანაგდება, რომელმაც პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტი "მონპელიე" დატოვა.
ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტაში დაწინაურდა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი". პარიზელებმა მეორე დივიზიონში თამაშის უფლება ახლახან მოიპოვეს. ამიტომ გაძლიერებაზე ზრუნვა გვიან დაიწყეს.
გამორიცხული არ არის, "მასის" რიგებში, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ დიდებულიძე წვრთნის, სხვა ქართველი მორაგბეებიც ვიხილოთ.
"მასისთან" ერთად მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა "კოლომიემაც", რომელშიც პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძე ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მონლუსონიდან" გადაბარგდა.
საკმაოდ სოლიდური შევსება აქვთ პირველი დივიზიონის გუნდებსაც. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭებმა, ჯაბა ბრეგვაძემ და აქვსენტი გიორგაძემ ფრანგული რაგბის ფლაგმანის, "ტულუზის" მთავარი მწვრთნელის, გი ნოვეს მოხიბვლა შეძლეს და ამ გუნდში განაგრძობენ კარიერას.
ტულუზელთა ღირსებას დაიცავს შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინიც.
"კლერმონის" სათადარიგო გუნდიდან ძირითადში დაწინაურდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. მან "ვულკანებთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხუთი ქართველი ითამაშებს მომავალ სეზონში "მონპელიეში", რომელიც ბოლო ორი სეზონია, ჩემპიონობისთვის იბრძვის. მამუკა გორგოძეს, გიორგი ჟღენტს და მიხეილ ნარიაშვილს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები, ლაშა ლომიძე და გაგი აბაზაძე დაემატებიან.
ცხადია, ორივეს თავდაპირველად ესპუართა გუნდში მოუწევს თამაში და მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.
ფრანგული რაგბის გრანდებში ჩაირიცხნენ ქუთაისის "აიას" ახალგაზრდა პირველხაზელები. ზურაბ ჟვანიამ, როგორც იქნა, პარიზულ "სტად ფრანსესთან" გააფორმა ხელშეკრულება. ეს გუნდი ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილის თავისთან გადაბირებას წელიწადზე მეტია ცდილობდა, თუმცა ჯერ სავიზო პრობლემებმა, მერე კი კლუბის ხელმძღვანელობაში მომხდარმა ცვლილებებმა ხელი შეუშალა.
ამჯერად ყველა პრობლემა მოგვარებულია და ჟვანია პარიზული გუნდის წევრია. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ამ გუნდის კვართს მოირგებს.
სამაგიეროდ, უცხო არ არის ქართველებისთვის ტულუზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის, საკმაოდ ძველი სარაგბო ტრადიციების გუნდი "კასტრი". აქ შერკინების ბურჯი ტარიელ ჩხიკვაძე ჩაირიცხა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარემარბის, ირაკლი ჩხიკვაძის ძმაა.
"კასტრში" გასულ სეზონში ანტონ ფეიქრიშვილი ირჯებოდა.
ამრიგად, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის 7 გუნდში 18 ქართველი მორაგბე ითამაშებს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ეს მაჩვენებელი მეორე დივიზიონში. აქ 21 ქართველი 9 კლუბის კვართს მოირგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"