ფოთის "რაინდების" აღზრდილი ზურაბ ჟვანია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისის "აიას" ღირსებას იცავდა, ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდში, პარიზულ "სტად ფრანსეში" წლეულს გადავიდა.
თუმცა ჩვენებური ამ გუნდს მიწვეული ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონის დაწყებამდე ჰყავდა. მაშინ "სტად ფრანსეს" ფინანსურად გაუჭირდა, რის შედეგადაც კლუბში ახალი პრეზიდენტი მივიდა. ყოველივე ამის პარალელურად ჟვანიას საფრანგეთის საკონსულომ ვიზა არ მისცა.
ამჯერად კლუბსაც ყველაფერი წესრიგში აქვს და ქართველი შერკინების
"სტად ფრანსემ", რომელმაც ბოლო ორ სეზონში პოზიციები დათმო, პირველი საწვრთნელი შეხვედრა ბასკურ "ბაიონთან" გამართა და 38:18 მოიგო. პარიზელებმა ორი ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს. ზურაბ ჟვანია თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.
"სტად ფრანსე" მორიგ საწვრთნელ შეხვედრას 27 ივლისს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონთან" გამართავს.
აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის საფრანგეთის ჩემპიონი, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი". ჩვენებურთა ამ გუნდმა 25 ივლისს ორმხრივი ღია შეხვედრა გამართა, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის გულშემატკივარმა ადევნა თვალი.
"ტულუზი" ორ ჯგუფად გაიყო. თუმცა თუ შემადგენლობას გადავხედავთ, ძნელი სათქმელია, რომელია ძირითადი და რომელი სათადარიგო.
წითლები: კლერი, ბეზი, ლაკომბი, ნიკოლასი, მონტე, ნიანგა, მაკა, დავიდი, ბოქსი, ანდრე, პუჟოლი.
თეთრები: დონგი, პუატრენო, ჯოზიონი, დუსოტუარი, ბუილუ, ბარჯესი, დუსენი, ბოთა, ბუკერუ, პუ, გიორგაძე.
თამაში, რომელიც პაპანაქება სიცხეში მიმდინარეობდა, ერთ საათს გაგრძელდა (ორი 30-წუთიანი ტაიმი).
დიდი ყურადღება ეთმობოდა სტატიკური ფაზების დამუშავებას. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა, ტემპი საკმაოდ მაღალი, იყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მორაგბეები ტრავმებს ერიდებოდნენ.
ქომაგები კმაყოფილნი დარჩნენ იანიკ ნიანგას გარღვევებითა და ტიერი დუსოტუარის კარგი სათამაშო ფორმით. შესანიშნავად გამოიყურებოდა კლემან პუატრენო. აღსანიშნავია, რომ ორმხრივ თამაშში მწვრთნელების ფუნქციას ყოფილი ტულუზელები, ჟან-ბატისტ ელისალდი და ვილიამ სერვა ასრულებდნენ.
"ტულუზის" წინასასეზონო მზადებაში არ მონაწილეობს ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცედურებს გადის.
ტულუზელები პირველ საწვრთნელ შეხვედრას ხვალ "პერპინიანთან" გამართავენ.
გუშინწინდელი ორმხრივი საწვრთნელი თამაშის შემდეგ დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" პატარა ქომაგებს შეხვდა. ჩვენებურთა გუნდის მორაგბეები 10-12 წლის ბავშვებს გულღიად ესაუბრებოდნენ და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაბეჭდილ პლაკატებზე ავტოგრაფს უტოვებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დაწყებამდე კიდევ სამჯერ გეგმავს.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" კი მზადებას კლუბის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ამ კლუბში სამი ქართველი ირიცხებოდა. შერკინების ბურჯმა გიორგი ჯაშიტაშვილმა, რომელიც ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდში ირჯებოდა, კლუბი დატოვა და ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მონლუსონში" გადაბარგდა.
ჯაშიტაშვილის სანაცვლოდ "ვულკანების" ხელმძღვანელებმა შერკინების კიდევ ერთი ახალგაზრდა ბურჯი გიორგი შარაბიძე იხმეს, რომელიც ასევე ესპუარებში ითამაშებს.
27 ივლისი
ბორდო-დაქსი, ბიარიცი-აჟენი, კასტრი-კარკასონი, ლა როშელი-გრენობლი, მონპელიე-ბაიონი, ტულონი-სტად ფრანსე, პერპინიანი-ტულუზი, ორიაკი-ალბი, პო-ბეზიე.
3 აგვისტო
აჟენი-ბრისტოლი, ბაიონი-ბიარიცი, ტულონი-ბორდო, კასტრი-გლაზგო, კლერმონი-ლიონი, ბრივი-ტულუზი, ალბი-ბეზიე, პო-ბრედფორდი.
4 აგვისტო
გრენობლი-მეტრო რასინგი, მონ დე მარსანი-დაქსი, პუმასი-სტად ფრანსე, მაკონი-ოიონაქსი.
9 აგვისტო
ორიაკი-ოში, გრენობლი-ლიონი, ბაიონი-ალსტერი, ბრივი-ბორდო, კასტრი-ჰარლიქვინზი, ტულონი-მონ დე მარსანი, ტულუზი-მეტრო რასინგი, ბეზიე-კარკასონი.
10 აგვისტო
ბიარიცი-ნიუპორტი, კლერმონი-ოსფრიზი, პერპინიანი-მონპელიე, ალბი-ექსი, პო-კოლომიე, ნარბონი-ჰლანეჰლი.
11 აგვისტო
დაქსი-ტარბი, ლაროშელი-მანსტერი, ოიონაქსი-ბურგუენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"