- უცნაური უიღბლობა დაგვჩემდა - გვიამბობს ლაშა თავართქილაძე - წინა ორ სეზონშიც ნახევარფინალში წავაგეთ, თანაც თითო ქულით. წლეულს ყველა ფინალში გველოდა. ჩვენც დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მოვიგებდით. "სტიაუას" რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ ვაჯობეთ. მესამე, გადამწყვეტი თამაში კი
- "ფარულში" თქვენ გარდა კიდევ ოთხი ქართველი თამაშობს ბიძინა სამხარაძე, ოთარ ტურაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი და კახაბერ უჩავა. როგორი სეზონი ჰქონდათ წლეულს?
- ყველას ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. ქართველები გუნდის ძირითადი ბირთვი ვართ. რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობთ და ჩვენით კმაყოფილნი არიან. თავად განსაჯეთ, "სტიაუას" ორჯერ რომ მოვუგეთ უკვე ვთქვი, ორჯერ ვაჯობეთ, კიდევ ერთ გრანდს, ბუქარესტის "დინამოს". ჩემპიონ "ბაია მარესთან" კი სტუმრად დავმარცხდით და შინ მოვუგეთ.
სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავედით და ახლა, 2 ოქტომბერს მესამე ადგილისთვის გვიწევს თამაში "დინამოსთან".
- წლევანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერას ისევ რუმინეთში გააგრძელებთ?
- ჯერ არ ვიცი. ამ დროისთვის ფრანგულ და იტალიურ კლუბებთან მაქვს მოლაპარაკება. ისე კი, რუმინეთიდან წასვლა ძალიან მინდა. ცოტა უფრო მაღალ დონეზე უნდა ვცადო ბედი. ვნახოთ, რა გამოვა. ყველაფერი, ალბათ, ნოემბრის ბოლოს გაირკვევა.
- ახლახან თბილისში "შავი ზღვის თასის" გათამაშება გაიმართა, სადაც ორმა რუმინულმა კლუბმა, "არადმა" და "ბუქარესტმა" იასპარეზა. რა გამოხმაურება მოჰყვა რუმინეთში მათ აქაურ შედეგებს?
- დიდი აჟიოტაჟი არ ყოფილა. ისინი რუმინეთში ლიდერებად არ ითვლებიან, მეხუთე-მეშვიდე გუნდებია. ამიტომ მათგან თბილისში ბევრად უკეთეს შედეგს არავინ ელოდა.
- რუმინეთის საუკეთესო გუნდები რომ ჩამოსულიყვნენ, თბილისური ტურნირი სხვა შედეგით დამთავრდებოდა?
- დიახ, აქ პირველ სამ გუნდსა და დანარჩენებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მოწინავე გუნდები იმავე "ბუქარესტს", რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, მინიმუმ 60 ქულით უგებენ.
რუმინეთის რაგბის ფედერაცია, როგორც იქნა, მიხვდა და მომავალი სეზონიდან გუნდების რაოდენობა თორმეტიდან რვამდე შეამცირა. რუმინეთში ნამდვილად არ არის იმ რაოდენობის მორაგბე, 12 გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად რომ დაკომპლექტდეს. თუ ეს რეფორმა განახორციელეს, თამაშების დაძაბულობა, კონკურენცია გაიზრდება და დონეც ამარღლდება.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელთა შტაბი მთლიანად შეიცვალა. როგორ ფიქორბთ, ეს დროული იყო?
- გადაწყვეტილება რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა მიიღეს. ეს მათი საქმეა. ისე, რიჩი დიქსონი წლეულს, ივნისში ბუქარესტში "ირბ-ს ერთა თასის" გათამაშებისას გავიცანი. პიროვნულად კარგი ადამიანი ჩანს. სხვა დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ნოემბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ტესტი აქვს, კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან. კლუბს თქვენი ნაკრებში გამოძახების თაობაზე შეტყობინება ხომ არ მიუღია?
- არა, ნაკრებში თუ გამომიძახებენ, შეტყობინებას ნოემბრის დასაწყისში მივიღებ. მოუთმენლად ველოდები ნოემბერს. ყველანაირად, ფიზიკურადაც და მორალურადაც ვემზდები ნაკრებში სათამაშოდ. კარგი შანსი მაქვს, "ბორჯღალოსნების" რიგებში ადგილი დავიმკვიდრო და მსოფლიო თასზე ვითამაშო. ასეთი შანსი აღარ მექნება და ყველანაირად ვეცდები, ხელიდან არ გავუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"