მამუკა გორგოძე: ოთხი ქართველი მორაგბე ხუმრობა არ არის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი "მონპელიე" ლიდერობს. ამ კლუბს საკმაოდ მწირი ისტორია აქვს, სულ რაღაც 25 წლისაა და პირველად მოხდა, რომ ელიტური, პირველი დივიზიონის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ამაში კი ლომის წილი "მონპელიეში" მოთამაშე ქართველებს მამუკა გორგოძეს, გოდერძი შველიძეს, გიორგი ჟღენტს და გიორგი ჩხაიძეს მიუძღვით. ჩვენებურთა გუნდმა რვიდან ექვსი შეხვედრა მოიგო, რაც ერთხმად აღიარეს ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოულოდნელობად.

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" პირველ გვერდზე გოდერძი შველიძისა და ბენჟამინ ტიერის ფოტო დაბეჭდა: ქართველი შერკინების ბურჯი
თანაგუნდელს "პატაკს აბარებს" -  "მონპელიე" ლიდერია".
ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა ფოტოს მიაწერეს:

"ეს ხუმრობა არ გეგონოთ.
პირველად გუნდის ისტორიაში "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. შველიძე და ტიერი ამ ფოტოზე ხუმრობენ, მაგრამ ჩვენ გიდასტურებთ, რომ "მონპელიეს" ლიდერობა ხუმრობა არ არის."
"მონპელიეს" წარმატების საიდუმლოსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ მამუკა გორგოძეს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- საფრანგეთის ჩემპიონატში "მონპელიეს" წარმატებული სტარტისა და გალიდერების თაობაზე ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგულ პრესაში ბევრი იწერება. მაინც რა მოხდა, რამ შეცვალა გუნდი ასე კარდინალურად?
- "მონპელიე" ახალმა მწვრთნელებმა, ერიკ ბეშუმ და ფაბიენ გალტიემ შეცვალეს. მათ რაგბისადმი ახლებური მიდგომა მოიტანეს. სეზონის წინ ფიზიკურად ძალიან კარგად მოგვამზადეს, გალტიემ კი სრულიად განსხვავებული სტილით აგვათამაშა. "მონპელიე" უფრო დინამიკური რაგბის მიმდევარი გახდა.
უწინდელისგან განსხვავებულია ვარჯიშების რეჟიმიც. ვარჯიშს დილის რვის ნახევრიდან ვიწყებთ და ორ საათზე ვამთავრებთ. ფიზიკურ დატვირთვას და ბურთით ვარჯიშს თან ახლავს ნათამაშები მატჩებისა და მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეო ანალიზი. ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ, ვაანალიზებთ და შედეგსაც ვიმკით.

- ფაბიენ გალტიე არა მარტო საფრანგეთში, მსოფლიო რაგბის თემშიც საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა. ის რამდენიმე წელი ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდ "სტად ფრანსეს" წარმატებით წვრთნიდა. როგორც ჩანს, გალტიე მართლაც გამორჩეული პიროვნებაა...
- დიახ, ასეა, შესანიშნავი სპეციალისტია. სანამ გუნდში მოვიდოდა, ამბობდნენ, ცოტა მძიმე კაციაო, ვარჯიშზე ყვირილი მისთვის ჩვეული ამბავიაო. აგერ უკვე სამი თვეა, ერთად ვმუშაობთ და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. კარგი ადამიანია, რაგბის თამაშს ოთხიოდ წლის წინათ დაანება თავი და მორაგბეების კარგად ესმის.

- "მონპელიეს" შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იმდენ მსოფლიო დონის ვარსკვლავს, რამდენიც სხვა გუნდებშია, ვერ ვნახავთ, არადა, თქვენი გუნდი ვარსკვლავებით მოჭედილ გუნდებზე უკეთ თამაშობს...
- "მონპელიეში" საფრანგეთის ნაკრების მხოლოდ ორი წევრია, მესამეხაზელი ფულენსე უედრაოგო და მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი. ერთიც ფიჯელია, მეორე ხაზში პორტუგალიის ნაკრების წევრიც გვყავს, გონსალო უვა, თუმცა მას თამაში, ფაქტობრივად, არ უწევს. ისე გამოდის, რომ თუ ქართველ მორაგბეებს არ ჩავთვლით ორი ფრანგის გარდა ვარსკვლავი არ გვყავს.
არადა, ყველაზე რთული კალენდარი ჩვენ გვქონდა. შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულს სტარტზევე შევხვდით და ოთხს, "ტულუზს", "მეტრო რასინგს", "პერპინიანსა" და "კასტრს" მოვუგეთ. სტუმრად "ბიარიცის" დამარცხებაც შეგვეძლო, მაგრამ პირველ ტაიმში ვერაფრით დავალაგეთ თამაში. მეორეში სამი ლელო გავუტანეთ და ბოლო წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაგვიცუდდა. ისიც რომ გაგვეტანა, ვიგებდით. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და ვნახოთ, რა მოხდება.
- მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ რვა თამაშიდან  მხოლოდ ერთში ითამაშა. "ბინგო" გუნდის ტრავმირებულთა სიაშიც ვერ ვნახეთ...
- "ბინგო" ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ მწვრთნელებს მორაგბეთა ერთი ჯგუფი ჰყავთ შერჩეული და, რადგან გუნდი წარმატებას აღწევს, ამ ჯგუფს არ ცვლიან. თორემ, გარწმუნებთ, ჩხაიძე მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და იმედია, მალე უფრო ხშირადაც ითამაშებს.

- სამაგიეროდ თითქმის რეგულარულად თამაშობენ ქართველი პირველხაზელები...
- დიახ, გიორგი ჟღენტი შესანიშნავად მოერგო გუნდს, თავიდან წონის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ რვა კილოს დაკლება შეძლო და, შეიძლება ითქვას, "მონპელიეს" ძირითადი შერკინების ბურჯია. გოდერძი შველიძეზე კი რა უნდა ვთქვა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მორაგბეა და საფრანგეთში კარგად იცნობენ, იციან მისი შესაძლებლობები. ისიც რეგულარულად თამაშობს და ბოლო მატჩში "ლა როშელთან" ლელოც გაიტანა.

- ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი გადაბირება ორ ყველაზე მდიდარ კლუბს, "ტულონსა" და "მეტრო რასინგს" სურს...
- "მეტრო რასინგზე" ადრე იყო ლაპარაკი. ამჟამად მათგან არანაირი წინადადება არ მიმიღია. რაც შეეხება "ტულონს", სეზონის დამთავრების შემდეგ, ალბათ, ამ გუნდში გადასვლაზე დავთანხმდები.

- ახლახან, ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელთა შტაბი შეიცვალა. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- ძალიან კარგია, რომ შეიცვალა. ცოტა ადრე რომ შეეცვალათ, უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ არა უშავს, არც ახლაა გვიან. ახალი მწვრთნელებიდან რიჩი დიქსონისა და ფიზმომზადების მწვრთნელის გერეთ ადამსონის შესახებ მსმენია, რომელსაც კარგად იცნობს ერთადერთი ქართველი სარაგბო მენეჯერი ლევან ღვაბერიძე. ის "გრენობლში" სწორედ იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ფიზმომზადების მწვრთნელად ადამსონი მუშაობდა. ლევანს ნიკოლა ფულკიესთანაც უმუშავია, რომელსაც, როგორც სპეციალისტს დიდად ვაფასებ. მან 2007 წლის მსოფლიო თასისთვის ბრწყინვალედ მოგვამზადა, მაგრამ ლევანი ამბობს, რომ ადამსონი ბევრად უფრო ძლიერი სპეციალისტია.
იმედი მაქვს, სხვა მწვრთნელებიც მაღალი კვალიფიკაციისა იქნებიან და ნაკრების, მთლიანად ქართულ რაგბის პროგრესში თავის წვლილს შეიტანენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული