ინტერვიუ რეზო გიგაურთან: ნაკრები მთავარია და ეს ყველას უნდა ესმოდეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ფიჟაკი" იმითაა გამორჩეული, რომ მასში ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიეს" მსგავსად ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება: მერაბ კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, ლევან დათუნაშვილი, ბექა ურჯუკაშვილი და დავით ბალანჩივაძე. ჩვენებურთა ეს გუნდი ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია და ამის კვალობაზე ჩემპიონატში სტარტიც შესაფერისი აქვს. ფიჟაკელებმა სამი თამაშიდან სამივე წააგეს და E ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

"ფიჟაკთან" წლეულს გააფორმა ხელშეკრულება შუამარბმა რეზო გიგაურმა, რომელსაც ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია, არ უთამაშია. საკლუბო და სანაკრებო კარიერის თაობაზე სასაუბროდ რეზოს საფრანგეთში
დავუკავშირდით:

- "ფიჟაკი" ფედრალ 2 დივიზიონიდან წლეულს აღზევდა ფედერალ 1 დივიზიონში. - გვიამბობს რეზო გიგაური. - გუნდის ხელმძღვანელებმა გაძლიერების მიზნით თხუთმეტამდე ახალი მორაგბე დაიმატეს. ფაქტობრივად, ახალი გუნდი შეიქმნა. შეთამაშება, თამაშის აწყობა ვერ მოვასწარით და სტარტზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხიც ამის ბრალია.
თანაც ფედერალ 1-ში ფედერალ 2-თან შედარებით გაცილებით ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. სამჯერვე ისეთ გუნდებთან ვითამაშეთ, რომლებიც წინა სეზონის პლეი ოფში მეორე დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოდნენ. ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა იმედი გვაქვს, ნელ-ნელა მდგომარეობა გამოსწორდება.

- გუნდში ხუთი ქართველი ხართ. თამაში ყველას გიწევთ?
- მე, მერაბ კვირიკაშვილმა და ლევან დათუნაშვილმა სამივე მატჩში ვითამაშეთ. გუნდის მთავარი დამრტყმელი "მეკოა". ლელო არ გაგვიტანია და რაც ქულები მოვიპოვეთ, ყველა მის ანგარიშზეა.

ბექა ურჯუკაშვილი და დავით ბალანჩივაძე ტრავმირებულები იყვნენ, ახლა ჯანმრთელად არიან და, წესით, მეოთხე ტურის მატჩში, შინ "კაორთან" უნდა ითამაშონ.

- როგორ მოხდა, რომ უცხოელი მორაგბეების შეზღუდვის ფონზე, "ფიჟაკმა" ერთდროულად ხუთი ქართველი აგიყვანათ?
- ეს მართლაც ძალიან უცნაურია. აქაური წესებით, გუნდს უფლება არ აქვს, მოედანზე ხუთ უცხოელზე მეტი გამოიყვანოს. არადა, ჩვენ გარდა გუნდში სამი ინგლისელი, ორი ფიჯელი, ერთი ტონგელი და ორიც რუმინელი მორაგბეა.

აქ სამი სახის ლიცენზიაა, თეთრი, ნარინჯისფერი და ყვითელი. სამივეს მიღება ძალიან ჭირდა. სანამ "ფიჟაკში" ჩავირიცხებოდი, სხვა გუნდებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ისინი კონტრაქტის გაფორმებაზე თავს იკავებდნენ. "ფიჟაკის" ხელმძღვანელებთან დიდხანს არ მილაპარაკია. მალევე გამიფორმეს კონტრაქტი.

- კლუბის ინფრასტრუქტურა რამდენადაა გამართული და რა მიზნები გაქვთ ამ სეზონში?
- ფინანსურად ფედერალ 1-ის კვალობაზე კლუბის მდგომარეობა ნორმალურია. 10-12 მორაგბეს პროფესიული კონტრაქტები გვაქვს და ყოველდღე ორჯერ ვვარჯიშობთ. საწვრთნელი პირობებიც ნორმალურია. მიზანი კი, რადგან დებიუტანტი გუნდია, ფედერალ 1-ში დარჩენაა. ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა ვეცადოთ.

- ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია, არ გითამაშიათ...
- სერიოზული ტრავმა მივიღე, აქილევსის მყესი მქონდა გაწყვეტილი, რასაც რვა თვე ვმკურნალობდი. მერე ფიზიკური კონდიციების აღდგენა ძალიან გამიჭირდა. ბევრი დრო გამიცდა. თანაც, ფედერალ 2 დივიზიონის გუნდში ვთამაშობდი, სადაც სათანადო პირობები არ მქონდა.

ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. ჯანმრთელადაც ვარ და მთელი დატვირთვით ვემზადები. ახლახან კლუბში შეტყობინება მოვიდა, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ორი ტესტმატჩი აქვს. კონკრეტულად რომელიმე ჩვენგანი ჯერ გამოძახებული არ არის. იმედი მაქვს, რომ ნაკრებში დაბრუნების შანსს მომცემენ.

- ნაკრებში თუ გამოგიძახეს, კლუბიდან პრობლემა არ შეგექმნებათ?
- არა, რადგან სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბის პრეზიდენტისთვის პირობა არ მიმიცია, რომ ნაკრებში თამაშზე უარს ვიტყოდი. პირიქით, ვუთხარი, კლუბში იმიტომ ვვარჯიშობ და ვთამაშობ, რომ ნაკრებში თამაში მინდა-მეთქი. თუ ნაკრებში არ ვითამაშებ, მაშინ რაგბის საერთოდ თავს დავანებებ. რად მინდა, აბა, ეს ყველაფერი?!

ისე, კლუბს უფლებაც არ აქვს, რომ დაგაკავოს. მაგრამ, მერე რომ ჩამოხვალ, შეიძლება მწვრთნელთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს, აგითვალწუნოს. არადა, "ფიჟაკის" თამაშები ნაკრებისას დაემთხვა.

- გამოდის, რომ სხვები ჩამოსვლას ვერ შეძლებენ?
- ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, "მეკომ" და "ჩაქუჩამ" როგორ მოილაპარაკეს კლუბის ხელმძღვანელებთან. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია. ნაკრები მთავარია და ეს ყველას უნდა ესმოდეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული