საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ექვსი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს ქართველი მორაგბეების, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომლითაც ამ კლუბის მულტიმილიონერმა მეპატრონემ, მურად ბურჯელალმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ სუპერგუნდი შექმნა.
ტულონელებმა მე-6 ტურში შინ დამაჯერებლად მოუგეს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" - 33:12. კასტრელები ნებისმიერი რანგის გუნდისთვის ანგარიშგასაწევნი არიან. თვით ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში ამ კლუბებს შორის გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
"კასტრმა" მასპინძლებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მატჩის პირველ
"ტულონის" ძირითად შემადგენლობაში ფრედერიკ მიშალაკმა და ჯონი ვილკინსონმა პირველად ითამაშეს ერთად. მიშალაკმა ცხრა ნომრის პოზიცია დაიკავა, "ვილკო" კი ჩვეულად, მგეზავად გაისარჯა და გუნდს 18 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო, სამი გარდასახვა, ერთი არეკნი).
ქუბრიაშვილი და ფეიქრიშვილი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.
* * *
"ტულონს", რომელსაც 27 ქულა დაუგროვდა, 4 ქულით ჩამორჩება და კვალში უდგას დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". "ვულკანებმა", რომლებმაც აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგეს, შინ მიიღეს დივიზიონის დებიუტანტი "გრენობლი" და 44:20 სძლიეს.
"ალპელებმა" საწყისი 28 წუთის განმავლობაში მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო - 6:6. თუმცა ტაიმის დასკვნით ათ წუთში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 23:6 დაწინაურდნენ.
ვითარება მოედანზე არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა. 50-ე წუთისთვის კლერმონელები 24 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ და ანგარიშში ეს განსხვავება ბოლომდე შეინარჩუნეს.
ზირაქაშვილი ტრავმირებულია, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.
* * *
საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერთა სამეულის ბოლო წევრიც "ქართული გუნდია". ქვეყნის ჩემპიონმა, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 35:6.
ტულუზელები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ და მეტოქე უშანსოდ დატოვეს. ყველაზე შედეგიანი სტუმართა შორის ახალზელანდიელი მგეზავი ლუკ მაკალისტერი იყო, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, სამი გარდასახვა და სამი საჯარიმო).
თამაში, მიუხედავად ანგარიშში დიდი სხვაობისა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის არბიტრმა ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა.
"ტულუზს" მომდევნო ტურში გაცილებით მძიმე მატჩი ელის - ჩვენებურთა ეს გუნდი გათამაშების ლიდერს, "ტულონს" მასპინძლობს.
ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.
* * *
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბორდოსთან" - 23:15.
მონპელიელებს ტრავმის გამო გიორგი ჟღენტი დააკლდათ. არ უთამაშია ასევე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მივლინებულ ოთხ მონპელიელს.
"ბორდოსთან" გასვლით მატჩში წარმატებამ ჩვენებურთა გუნდის მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.
ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. მან ისევ მეორე ხაზში ითამაშა.
* * *
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "პერპინიანი" - 34:24. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, 12:11 მოიგეს და გადამწყვეტ უპირატესობას მხოლოდ მეორე ნახევარში მიაღწიეს.
არბიტრმა ამ შეხვედრაშიც ოთხი მორაგბე გაასინბინა - ორ-ორი ორივე გუნდიდან.
ჟვანია განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
VI ტური
ბაიონი-ტულუზი 6:35, ტულონი-კასტრი 33:12, სტად ფრანსე-პერპინიანი 34:24, კლერმონი-გრენობლი 44:20, მონ დე მარსანი-აჟენი 16:28, ბორდო-მონპელიე 15:23, მეტრო რასინგი-ბიარიცი 13:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 27 ქულა, 2. კლერმონი - 23, 3. ტულუზი - 20, 4. ბიარიცი - 18, 5. მეტრო რასინგი - 18, 6. კასტრი - 15, 7. გრენობლი - 14, 8. მონპელიე - 14, 9. პერპინიანი - 11, 10. სტად ფრანსე - 10, 11. აჟენი - 10, 12. ბორდო - 9, 13. ბაიონი - 7, 14. მონ დე მარსანი - 0.
VII ტური
კლერმონი-სტად ფრანსე, მონპელიე-კასტრი, პერპინიანი-მონ დე მარსანი, გრენობლი-მეტრო რასინგი, აჟენი-ბორდო, ტულუზი-ტულონი, ბიარიცი-ბაიონი.
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონი
ელიტურ, მეორე დივიზიონში ხუთი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს "ოიონაქსი", რომელსაც კვალში მიჰყვებიან ქართველ მორაგბეთა გუნდები: "ორიაკი", "ლიონი" და "ტარბი". საპლეიოფო ხუთეულს მიუახლოვდა "ალბი".
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა", რომელიც 16 ქულით მეორე ადგილზეა, შინ დაამარცხა გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 27:20.
რეგიონის დერბიში თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ. ისინი მე-15 წუთისთვის 6:0-ს იგებდნენ. თუმცა მასპინძლებმა მატჩის სადავეების ხელში აღება შეძლეს და ტაიმი 11 ქულის სხვაობით მოიგეს.
მეორე ნახევარში "ორიაკმა" მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცა და 74-ე წუთისთვის 27:15-ს იგებდა. ბრიველთა გააქტიურება მატჩის მიწურულს ერთი ლელოთი აღინიშნა, რაც თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ იყო.
ასეიშვილმა და დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ნაცარაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს, შველიძემ კი ხინჩაგიშვილი 70-ე წუთზე შეცვალა. ნატრიაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
* * *
გურამ კავთიძის "ლიონს", რომელიც "ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა "ლა როშელთან" - 22:15. ლიონელებმა პირველი ტაიმი 10:12 წააგეს. მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა კი შესვენების შემდეგ ჟულიენ დუმორას საჯარიმოების წყალობით შეძლეს.
მატჩის არბიტრმა მოთამაშეებს ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. სტუმრები კაცნაკლულნი ბოლო 16 წუთის განმავლობაში ასპარეზობდნენ.
კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "კარკასონი" - 37:30.
ჩვენებურთა გუნდმა, "ლიონის" მსგავსად, 15 ქულა დააგროვა და ახლა მეოთხე ადგილზეა.
ტარბელებს დასაწყისში საკმაოდ გაუჭირდათ. ერთი ხანობა აგებდნენ კიდეც, თუმცა მდგომარეობის გამოსწორება პირველივე ტაიმში შეძლეს და უმნიშვნელოვანესი ოთხი ქულა მიითვალეს.
ნემსაძემ სრულად ითამაშა, ჩხაიძე მოედანზე 42-ე წუთიდან გამოჩნდა, დადუნაშვილი ოთხი წუთის შემდეგ შეცვალეს, მირცხულავა განაცხადში არ იყო.
* * *
ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა ალექსანდე თოდუას, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი", რომელმაც მე-5 ტურში სტუმრად მოუგო შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" - 34:29.
ელიტაში მატჩის 64-ე წუთზე პირველი ლელო გაიტანა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა. მან და ალექსანდრე თოდუამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ვახტანგ მაისურაძე 50-ე წუთზე შეცვალეს, დავით აშვეთიამ მოედანი ოთხი წუთის შემდეგ დატოვა, გიორგი თეთრაშვილმა მასზე 33 წუთით მეტი ითამაშა, კობერიძე და ახობაძე კი განაცხადში არ იყვნენ.
* * *
ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ", რომელიც 9 ქულით მე-14 ადგილზეა, შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ექსი" - 39:28.
შეყლაშვილმა, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს, პირველი ტაიმის 23-ე წუთზე ლელო გაიტანა.
* * *
ორი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც მორიგი მარცხი განიცადა სტუმრად "ნარბონთან" - 19:22.
რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
II დივიზიონი
V ტური
ტარბი-კარკასონი 37:30, მასი-ალბი 29:34, ნარბონი-დაქსი 22:19, ოიონაქსი-კოლომიე 27:6, ოში-პო 33:26, ბეზიე-ექსი 39:28, ლიონი-ლა როშელი 22:15, ორიაკი-ბრივი 27:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 20 ქულა, 2. ორიაკი - 16, 3. ლიონი - 15, 4. ტარბი - 15, 5. პო - 13, 6. ალბი - 13, 7. კარკასონი - 12, 8. ოში - 12, 9. ლა როშელი - 11, 10. ბრივი - 11, 11. ნარბონი - 10, 12. კოლომიე - 10, 13. მასი - 9, 14. ბეზიე - 9, 15. ექსი - 7, 16. დაქსი - 2.
VI ტური
კარკასონი-ოიონაქსი, ექსი-ტარბი, ალბი-ორიაკი, კოლომიე-ლა როშელი, ბრივი-ოში, ბეზიე-პო, დაქსი-მასი, ლიონი-ნარბონი.
კელტთა ლიგა
კელტთა ლიგის გათამაშების მე-4 ტურში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" სტუმრად წააგო ირლანდიურ "ლენსტერთან" - 16:22.
მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში უდავო უპირატესობას ფლობდნენ და ედინბურგელებმა მათი შევიწროება ნაწილობრივ მხოლოდ დასკვნით 15 წუთში მოახერხეს.
ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
ახლა "ედინბურგს" 11 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. გათამაშებას ისევ უელსური "ჰლანეჰლი" ლიდერობს, რომელმაც პირველი მარცხი განიცადა შინ ასევე უელსური "ოსფრიზისგან" - 16:23.
კელტთა ლიგა
IV ტური
ჰლანეჰლი-ოსფრიზი 16:23, ზებრე-ალსტერი (გადაიდო), გლაზგო-ქონოთი 27:17, ლენსტერი-ედინბურგი 22:16, კარდიფი-ბენეტონი 34:18, მანსტერი-ნიუპორტი 33:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 15 ქულა, 2. მანსტერი - 14, 3. კარდიფი - 14, 4. ლენსტერი - 14, 5. ალსტერი - 12. 6. ედინბურგი - 11, 7. გლაზგო - 10, 8. ოსფრიზი - 6, 9. ქონოთი - 5, 10. ნიუპორტი - 5, 11. ბენეტონი - 5, 12. ზებრე - 0.
V ტური
ნიუპორტი-ედინბურგი, კარდიფი-ალსტერი, გლაზგო-ზებრე, ქონოთი-ლენსტერი, ბენეტონი-ჰლანეჰლი, ოსფრიზი-მანსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"