აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურიც კი იყო ქართველი მეორეხაზელის ამ კლუბში გადასვლის ამბავი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ამ პატარა ქალაქში რაგბიზე ხელი არ აუღიათ. "მონტობანი" ამჟამად B ჯგუფის ლიდერია
- გიორგი, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ სტაბილური გუნდი "მასი" დატოვეთ და ფინანსური პრობლემებით ცნობილ "მონტობანში" გადახვედით?
- "მონტობანს" მართლაც სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს გასულ სეზონში იყო, როცა ელიტურ, პირველ დივიზიონში გამოდიოდა. ამჟამად გუნდი ფედერალ 1 დივიზიონში ასპარეზობს და ამ დივიზიონის პირობებს ყველანაირად აკმაყოფილებს. "მონტობანის" მწვრთნელები სატრანსფერო ფანჯრისას თვითონ დამიკავშირდნენ, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემ თაობაზე აზრი გოდერძი შველიძეს ჰკითხეს.
ახლა ყველანაირად ცდილობენ, ელიტაში დაბრუნდნენ, ფედერალ დივიზიონში დაყოვნებას დიდხანს არ აპირებენ. მეც მინდა, წინ წავიდე, რანგით უფრო მაღალ დივიზიონში ვითამაშო. ასე დაემთხვა ჩემი და "მონტობანის" მიზნები, ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები.
- ჰო, მაგრამ, ელიტაში აღზევებას "მასიც" უკვე რახანია ცდილობს, წინსვლა იქ შეუძლებელი იქნებოდა?
- "მასის" ფინანსურად გაუჭირდა, ძველებურად ყოჩაღად ვეღარ არიან. გუნდს მოტივაცია აღარ აქვს. მასელებისთვის ახლა მთავარია, ფედერალ 1 დივიზიონში ადგილი შეინარჩუნონ. ჩემთვის ეს მთავარი არ არის. მინდა, წინ წავიდე. რაც უფრო უკეთს გუნდში, რანგით მაღალ დივიზიონში ვითამაშებ, მით უკეთესი ჩემთვის და ჩემი სანაკრებო კარიერისთვის, კარგ გუნდში ხომ უფრო კარგად მოვემზადები და ნაკრებშიც ბევრად უკეთესად ვითამაშებ.
- "მონტობანი" ამჟამად გათამაშების ლიდერია, არადა, გუნდი ძალიან ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ვინც მათ ნაცვლად დაიმატეს, საკმარისად სერიოზული მოთამაშეები არიან? შეძლებენ, გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარონ?
- გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობთ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ვყალიბდებით.ბევრი უცხოელი ვართ, ჩემ გარდა "მონტობანის" ღირსებას ორი ინგლისელი, თითო სამოელი, ირლანდიელი და არგენტინელი იცავს. ჩვენს გუნდში თამაშობს რუსეთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, მეორეხაზელ სერგეი სერგეევის შვილიც. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანი ელტურ, მეორე დივიზიონში გადასვლაა და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ.
- "მონტობანს" სერიოზული პრობლემები ჰქონდა ქალაქის მერიასთან. კლუბს სწორედ ამის გამო გაუჭირდა ფინანსურად, რის გამოც ელიტის დატოვებამ მოუწია. ახლა როგორი ვითარებაა?
- მერიასთან პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ახალი პრეზიდენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავრობის კაცია. ქალაქის მერი ყველა თამაშზე დადის, მატჩის მერე გასახდელშიც შემოდის გამარჯვების მოსალოცად. მონტობანი პატარა ქალაქია, მაგრამ დიდი სარაგბო ტრადიციები აქვს. აქ რაგბი ძალიან უყვართ, რაგბით ცხოვრობენ. ქომაგები გვერდში გვიდგანან, მიუხედავ იმისა, რომ დაბალ დივიზიონში ვთამაშობთ, მატჩებზე მინიმუმ 6 000 კაცი მუდამ მოდის.
- წეღან ნაკრები ახსენე და, მოდი მასზეც ვისაუბროთ. ახლახან ჩვენს ეროვნულ გუნდში მწვრთნელთა შტაბი მთლიანად შეიცვალა. რა აზრის ხართ ამის თაობაზე?
- რომ ვთქვა, ძალიან გამიხარდაო-მეთქი, არ იქნება მართალი. ვნახოთ, რა იქნება, რიჩი დიქსონზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ თამაშები წინ არის და როცა მასთან მუშაობის საშუალება მექნება, კომენტარის გაკეთებაც უფრო გამიადვილდება.
- საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი ტესტმატჩი აქვს. კლუბი პრობლემას ხომ არ შეგიქმნით?
- არა, პრობლემა არ შემექმნება. წლეულს ამის გამო რამდენიმე გუნდს საკმაოდ სარფიან კონტრაქტზე ვუთხარი უარი. ისინი ითხოვდნენ, ნაკრებში არ მეთამაშა. "მონტობანისგან" ეს პრობლემა არ იქნება. ჩემთვის მთავარი ნაკრებში თამაშია და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, პრობლემა არავის შევაქმნევინო. ცხადია, თუ ნაკრების მწვრთნელების სურვილიც იქნება, რომ ეროვნული გუნდის კვართით ვითამაშო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"