მერაბ კვირიკაშვილი: მთავარია, საქართველოს ნაკრებმა სწორ გზაზე იაროს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მგეზავი, მთავარი დამრტყმელი და, შესაბამისად, მექულეც, მერაბ კვირიკაშვილი საფრანგეთში თითქმის შვიდი წელიწადია თამაშობს.

ყველაზე მაღალ დონეზე "მეკომ" ფრანგული კარიერის დასაწყისში იასპარეზა, როცა ელიტური, მეორე დივიზიონის "პოს" ღირსებას იცავდა.

ამასთან ერთად, ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართველი მორაგბედან, რომელსაც მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში უასპარეზია და, გამორიცხული არ არის, მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მეოთხედაც დაიცვას საქართველოს ნაკრების ღირსება.

იქამდე კი მერაბ კვირიკაშვილი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის "სენ ჟუნიენში" მეორე სეზონს ატარებს.

ჩემპიონატის დაწყების წინ მას რამდენიმე კლუბი ეპატიჟებოდა, თუმცა
ისევ იქ დარჩენა ამჯობინა. "მეკოს" საფრანგეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- სეზონის წინ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მქონდა შემოთავაზება რამდენიმე კლუბიდან, მათ შორის, ელიტური, მეორე დივიზიონიდან.

როცა პროფესიული კლუბებიდან უარი მივიღე, გადავწყვიტე ისევ "სენ ჟუნიენში" დარჩენა, რადგან დანარჩენი გუნდები ასეთივე დონის იყო. ამიტომ სხვაგან გადასვლას აზრი არ ჰქონდა. აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს.

- წლევანდელი სეზონი, შარშანდელისგან განსხვავებით, "სენ ჟუნიენმა" ძალიან კარგად დაიწყო...
- დიახ, ასეა. სამი თამაშიდან ორი მოვიგეთ. თანაც, ორივე ძალიან ძლიერ გუნდებს მოვუგეთ, რომლებიც სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ არიან.

ახლა მომდევნო ტურში მიჯრით ორი მძიმე მატჩი გველის. ამათგან ერთის მოგებაც თუ შევძელით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბრწყინვალე სტარტი გამოგვივიდა.

- საინტერესოა, რა დონის კლუბია "სენ ჟუნიენი", როგორაა გამართული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად მყარად დგას ის ფეხზე ფინანსურად?
- საფრანგეთის კვალობაზე ერთი ჩვეულებრივი კლუბია. ხელმძღვანელებს უნდათ, რომ ფედერალ 1 დივიზიონში მყარად დამკვიდრდნენ, მოღონიერდნენ და მერე, რამდენიმე წლის შემდეგ იბრძოლონ რანგით უფრო მაღალ, მეორე დივიზიონში გადასვლაზე.

გუნდს საკმაოდ სერიოზული მწვრთნელები ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში, მარკუსში ასწავლის და ლიცენზიის აღება ვისაც უნდა, გამოცდას მას აბარებს.

გვყავს ბევრი გამოცდილი მოთამაშე, რომლებსაც ელიტურ დივიზიონებში უთამაშიათ, თუმცა ძირითადი მასა ახალგაზრდები არიან.

ვარჯიშები, ისევე, როგორც პროფესიონალებში, დღეში ორჯერაა, თუმცა, სამწუხაროდ, მთელი გუნდი ერთად ხშირად ვერ ვარჯიშობს. პროფესიული კონტრაქტი მხოლოდ 12 მოთამაშეს გვაქვს, ყველა სხვა დანარჩენი მოყვარულია. ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი, შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ.

- როგორ ფიქრობთ, დიდხანს მოგიწევთ დარჩენა "სენ ჟუნიენში", თუ უკეთეს გუნდში გადასვლის პერსპექტივაც გაქვთ?
- კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ჯერჯერობით აქ ვარ, "სენ ჟუნიენს" ვეხმარები.

მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერში მეხმარება, გვერდით მიდგანან. თუ რამე უკეთესი გამოჩნდა, ცხადია, უარს არ ვიტყვი და ამის თაობაზე აუცილებლად იქნებით ინფორმირებულნი.

- რადგან სტარტი წარმატებით აიღეთ, ალბათ, პლეი ოფში გასვლას გეგმავთ...
- ასეც რომ არ მომხდარიყო, კლუბის თავკაცები საპლეიოფო ოთხეულში გასვლას გვისახავენ მიზნად. ელიტაში გადასვლის შანსი თუ გამოჩნდა, გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება.

ვფიქრობ, წლეულს ჩვენი გუნდის ელიტაში აღზევება გამორიცხულია. კლუბი როგორც ფინანსურად, ისე ფუნქციურად მზად არ არის. თანაც, ფედერალ 1 დივიზიონში ჩვენზე ბევრად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად გამართული ბევრი გუნდია. წარმოვიდგინოთ, რომ ნახევარფინალამდე მივაღწიეთ. იქ გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.

ასე რომ, ახლა მთავარია, ოთხეულში შევიდეთ. ეს საშუალებას მისცემს ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებს, მეტი სპონსორი მოიზიდონ, რაც კლუბის გაძლიერებისა და განვითარების საწინდარი იქნება.

- ამჟამად რა არის კლუბის დაფინანსების წყარო?
- პირველ რიგში, ქალაქის მუნიციპალიტეტი, ის ყველაზე დიდი სპონსორია. ეს საფრანგეთში ყველგან ასეა. მერე კლუბს ბევრი სხვა წვრილ-წვრილი სპონსორიც ჰყავს. მაგალითად, ქალაქის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი, ავტომობილის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია, რესტორნები, სასტუმროები და ასე შემდეგ.

- გუნდში დამრტყმელი თქვენ ხართ, ლელოებიც საკმაოდ გაგაქვთ...
- "სენ ჟუნიენში" სხვა დამრტყმელებიც არიან, მაგრამ ეს ფუნქცია მე მომანდეს. ჯერჯერობით ნდობას ვამართლებ. მეტიც, სამ თამაშში ორი ლელოც გავიტანე.

- შარშანდელ სეზონში "სენ ჟუნიენში" ოთხი ქართველი თამაშობდით...
- დიახ და ყველა ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებში გადაბარგდა. სამაგიეროდ, წლეულს შერკინების პირველხაზელი გიორგი მჭედლიშვილი დაგვემატა.

პირველ ტურში ტრავმა აწუხებდა და ვერ ითამაშა. მეორე და მესამე მატჩში კი ძირითად შემადეგენლობაში იყო და შესანიშნავად იასპარეზა, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და მწვრთნელებს მისი დიდად ეიმედებათ.

- თქვენ მთავარი დამრტყმელი არა მარტო კლუბში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ხართ. "ბორჯღალოსნებს" ნოემბერში ტესტებისას ძლიერ მეტოქეებთან, ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა...
- საინტერესო თამაშები იქნება. ჩვენთვის აუცილებელია ასეთი მაღალი დონის გუნდებთან პაექრობა. აგერ, არგენტინის ნაკრები ნახეთ, რა დიდ პროგრესს განიცდის.

ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან მატჩებში გამოჩნდება, წლევანდელი ერთა თასის გათამაშების შემდეგ რამდენად წინ წავედით. ვფიქრობ, რომ პროგრესი უნდა გვქონდეს, რადგან უკვე გათავისებული გვაქვს ის სათამაშო სტილი, რომელსაც ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ცდილობს დანერგოს ნაკრებში.

ამასთან ერთად, გუნდში ბევრი ძალიან კარგი ახალგაზრდა მორაგბე მოდის. ასე რომ, თუ სწორ გზაზე ვივლით, შედეგებიც კარგი გვექნება.

ასევე მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც: ტესტებზე აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა მსოფლიოს რეიტინგში უკუსვლა არ გვქონდეს. პირიქით, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ წინ წავიწიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული