საფრანგეთში ქართველთა "ტულონმა" ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მერვე ტურის მატჩების შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდმა "ტულონმა" ლიდერობა დაიბრუნა.

მოწინავე სამეულს, რომელსაც ასევე "ქართული გუნდები" შეადგენდნენ, ჩვენებურთა კიდევ ერთი, მეოთხე გუნდი, "მონპელიე" დაემატა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გათამაშებას სათავეში დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ჩაუდგა.

ტულონელებმა სტუმრად დიდი ანგარიშით შეძლეს ბასკური "ბიარიცის" დამარცხება - 36:9. აღსანიშნავია, რომ "ბიარიცმა" წლეულს შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ კრიზისი ნაადრევად დაეწყო, რაც, ძირითადად, ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილისა და მესამეხაზელის, იმანოლ არინორდოკის ტრავმებს უკავშირდება.

მიუხედავად
იმისა, რომ "ტულონს" ოცი წუთის განმავლობაში კაცნაკლულს მოუწია თამაში, ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაც ანგარიშშიც ნათლად აისახა.

კვლავ ბრწყინვალედ გაისარჯა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა (სამი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო).

ქუბრიაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც მერვე ტურამდე ლიდერობდა, სტუმრად წააგო ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" - 13:16.

კასტრელები ოდითგანვე სახლის გუნდად არიან აღიარებულნი და იქ გამარჯვების მიღწევა ცოტა ვინმეს თუ ხელეწიფება. ეს ვერც "ვულკანებმა" შეძლეს.

მატჩის პირველი ნახევარი კლერმონელებმა მოიგეს - 6:3. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდეს - 13:6. ამის მერე სათამაშო უპირატესობა მთლიანად მასპინძლებმა იგდეს ხელთ და მრისხანე მეტოქე შინ თავჩაღუნული გაისტუმრეს.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი თამაშში სამი წუთით ადრე ჩაერთო, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე გადაბარგდა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ბორდო" - 34:32.

აღსანიშნავია, რომ ტულუზელებმა პირველი ტაიმი 10:14 წააგეს. უფრო მეტიც, შესვენების შემდეგ ბორდოელებმა, რომლებიც აუტსაიდერები არიან, ანგარიშში სხვაობა კიდევ გაზარდეს და 65-ე წუთამდე უკვე 19 ქულით იგებდნენ - 29:10.

"ტულუზი" მხოლოდ ამის შემდეგღა გამოცოცხლდა და მატჩის დასასრულამდე დარჩენილ 15 წუთში სამი ლელოს გატანა შეძლო. ბოლო, გამარჯვების მომტანი ლელო კი მათ სულაც თამაშის უკანასკნელ წუთზე მიითვალეს - 34:32.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.

უამრავი პრობლემის მიუხედავად, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" ლიდერთა შორის გაერია.

ჩვენებურთა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "მეტრო რასინგთან" - 16:12. საგულისხმოა, რომ მონპელიელებს პარიზში 2008 წლის შემდეგ აღარ მოეგოთ და ამჯერადაც ფავორიტებად მასპინძლები მიაჩნდათ.

გორგოძემ და კომპანიამ ყველა პროგნოზი გააბათილეს. პირველი ტაიმი მონპელიელებმა რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 3:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ერთი ხანობა მასპინძლები საგრძნობლად გააქტიურდნენ, ანგარიშში დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა სტუმრებმა მათი წინააღმდეგობის დაძლევა მაინც მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ "მონპელიეს" არგენტინის ნაკრებში მივლინებული ექვსი წამყვანი მოთამაშე აკლია.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 59-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" სტუმრად შეძლო უიმედო აუტსაიდერის, "მონ დე მარსანის" დამარცხება - 30:28 და სახიფათო ზონას ოდნავ დაშორდა.

პარიზელებმა მეტოქეს ლელო ვერაფრით გაუტანეს და ფონს ფულბეკის, ჟერომ პორიკალის და მგეზავის, ჟული პლისონის ფეხჩუბინობის წყალობით გავიდნენ. პორიკალმა რვა საჯარიმო გაიტანა (24 ქულა), პლისონმა კი ორი არეკნი მიითვალა (6 ქულა).

ჟვანია სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

I დივიზიონი
VIII ტური
კასტრი-კლერმონი 16:13, ბიარიცი-ტულონი 9:36, გრენობლი-პერპინიანი 28:23, ბაიონი-აჟენი 37:16, მეტრო რასინგი-მონპელიე 12:16, მონ დე მარსანი-სტად ფრანსე 28:30, ბორდო-ტულუზი 32:34.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 32 ქულა, 2. ტულუზი - 28, 3. კლერმონი - 28, 4. მონპელიე - 23, 5. გრენობლი - 22, 6. კასტრი - 20, 7. ბიარიცი - 19, 8. მეტრო რასინგი - 19, 9. პერპინიანი - 16, 10. სტად ფრანსე - 15, 11. ბაიონი - 15, 12. აჟენი - 14, 13. ბორდო - 11, 14. მონ დე მარსანი - 1.

IX ტური
მონ დე მარსანი-ბორდო, სტად ფრანსე-ტულუზი, აჟენი-კასტრი, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ბიარიცი, ტულონი-ბაიონი, მონპელიე-გრენობლი.

* * *

ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაში ექვსი ტურის შემდეგ საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდია. ესენია: "ლიონი", "ტარბი", "ორიაკი" და "ალბი". ჩამოსაწერი არც "ბრივია", რომელიც დაწინაურებულებს სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება.

სატურნირო ცხრილში 20 ქულით მეორე ადგილზე გურამ კავთიძის "ლიონია", რომელიც სეზონის წინ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.

ლიონელებმა მე-6 ტურში შინ მოუგეს "ნარბონს" - 36:16. მასპინძლებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პირველობაზე საფუძვლიანად აცხადებენ პრეტენზიას.

კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა", რომელიც 19 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "ექსი" - 20:16.

თამაში ძალზედ დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრი იძულებული გახდა, მოედნიდან ხუთი მორაგბე გაესინბინებინა. აქედან ხუთი ტარბელი იყო. მათ შორის იყო გუნდის კაპიტანი გიორგი ჩხაიძეც, რომელმაც ათი წუთით მოედანი პირველი ტაიმის 30-ე წუთზე დატოვა. გიორგიმ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაში იყო და ასევე სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც "ტარბის" ვიცე-კაპიტანია; დავით დადუნაშვილი და ირაკლი მირცხულავა თამაშში ერთდროულად, 56-ე წუთიდან ჩაერთვნენ.

ერთგვარი ქართული დერბი გაიმართა ალბიში, სადაც ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, კახაბერ კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბიმ" ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" მოუგო - 25:19.

მასპინძლები დასაწყისშივე დაეუფლნენ ინიციატივას და თამაშის ბოლომდე აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას. ერთი უცნაური დეტალი - "ორიაკის" შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა პირველივე წუთზე გაასინბინა.

ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა, გიორგი ნაცარაშვილი მატჩში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ალექსანდრე თოდუა კი "ალბის" რიგებში რვა წუთით გვიან გამოჩნდა; მაისურაძე, ახობაძე, კობერიძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ორიაკს" და "ალბის" ახლა 17-17 ქულა აქვთ და, შესაბამისად, მე-4 და მე-6 ადგილებზე არიან.

მათ ორი ქულით ჩამორჩება დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც შინ მოუგო "ოშს" - 16:11.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრიველებს მეტოქის დამარცხება ძალიან გაუჭირდათ. არადა, ეს გუნდი ელიტური, პირველი დივიზიონიდან წლეულს დაქვეითდა და, წესით, უკან დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა მოვლენები სრულიად სხვაგვარად ვითარდება.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 63-ე წუთზე შველიძემ შეცვალა; ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო.

მეორე დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს ორ "ქართულ გუნდს", "ბეზიესა" და "მასის". ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ მოულოდნელად წააგო "პოსთან" 16:19. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ლანგედოკელები ახლა 10 ქულით მე-13 ადგილზე არიან.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ" სტუმრად წააგო აუტსაიდერ "დაქსთან" - 10:44. ამ მატჩში არბიტრმა ბარათების ჩვენების რეკორდი მოხსნა. მან ექვსი მორაგბე სინბინში გაუშვა, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენა და თამაშის ბოლომდე დაატოვებინა მოედანი.

დასჯილთა შორის ორივე ქართველი მოხვდა. სუთიაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, 21-ე წუთზე გაასინბინეს. აშვეთიას კი ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე უჩვენეს და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. 49-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში არგენტინელი მარიო საგარიო ჩაერთო.

II დივიზიონი
VI ტური
კარკასონი-ოიონაქსი 25:21, ექსი-ტარბი 16:20, ალბი-ორიაკი 25:19, ბრივი-ოში 16:11, ბეზიე-პო 16:19, დაქსი-მასი 44:10, კოლომიე-ლა როშელი 25:30, ლიონი-ნარბონი 36:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 21 ქულა, 2. ლიონი - 20, 3. ტარბი - 19, 4. ორიაკი - 17, 5. პო - 17, 6. ალბი - 17, 7. კარკასონი - 16, 8. ლა როშელი - 15, 9. ბრივი - 15, 10. ოში - 13, 11. კოლომიე - 11, 12. ნარბონი - 10, 13. ბეზიე - 10, 14. მასი - 9, 15. ექსი - 8, 16. დაქსი - 7.

VII ტური
ოში-ბეზიე, ალბი-ტარბი, ბრივი-მასი, პო-კოლომიე, ორიაკი-ნარბონი, ექსი-ლიონი, ლა როშელი-კარკასონი, ოიონაქსი-დაქსი.

* * *

კელტთა ლიგაში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" შინ მოულოდნელად წააგო იტალიურ "ბენეტონთან" - 22:27. ბასილაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ედინბურგელები 12 ქულით ახლა მეცხრე ადგილზე არიან. ლიდერობა კი ხელთ იგდო ირლანდიურმა "ალსტერმა", რომელმაც 21 ქულა დააგროვა.

კელტთა ლიგა
VI ტური
ზებრე-ოსფრიზი 16:34, ჰლანეჰლი-ნიუპორტი 24:13, ალსტერი-ქონოთი 25:0, ედინბურგი-ბენეტონი 22:27, კარდიფი-გლაზგო 3:18, ლენსტერი-მანსტერი 30:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 21 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 20, 3. გლაზგო - 18, 4. ლენსტერი - 17, 5. მანსტერი - 14, 6. ოსფრიზი - 14, 7. კარდიფი - 14, 8. ბენეტონი - 13, 9. ედინბურგი - 12, 10. ქონოთი - 12, 11. ნიუპორტი - 9, 12. ზებრე - 1.

VII ტური
ნიუპორტი-ალსტერი, ედინბურგი-ჰლანეჰლი, მანსტერი-ზებრე, ოსფრიზი-ქონოთი, ბენეტონი-გლაზგო, ლესტერი-კარდიფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული