გათამაშების ლიდერმა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბასკური "ბაიონი" გაანადგურა - 59:0.
ტულონური გუნდი, ფაქტობრივად, თავისი ფორმის პიკშია, თუმცა მურად ბურჯელალის გუნდს მეტი პოტენციალი გააჩნია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მეორეხაზელ დენი როსუსთან გააფორმა ხელშეკრულება.
"ბაიონთან" მატჩში ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში
32 ქულით მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც "ჰაინეკენის თასზე" ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ შინ გაჭირვებით მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 19:12. მართალია, "ვულკანები" ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ, თუმცა ბოლო 20 წუთში ძალიან გაუჭირდათ, იმდენად, რომ მატჩის არბიტრმა ორი კლერმონელი გაასინბინა.
ზირაქაშვილი მოედანზე მე-40 წუთიდან გამოჩნდა, კოლელიშვილს არ უთამაშია.
საფრანგეთის ჩემპიონი ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" სტუმრად დამარცხდა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" - 28:24. პარიზელებმა, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 წუთისთვის 11:0-ს იგებდნენ, ტაიმი მაინც ოთხი ქულის სხვაობით წააგეს - 18:14.
მდგომარეობა უკეთესობისკენ არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, თუმცა დასკვნით 15 წუთში მასპინძლებმა სეზონის საუკეთესო მატჩი აჩვენეს და საბოლოოდ 28:24 გაიმარჯვეს. ქართველ მორაგბეებს ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ. "ტულუზს" კი ახლა 29 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
ტულუზელებს ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე". ჩვენებურთა ამ გუნდმა მეცხრე ტურში "გრენობლს" უმასპინძლა და 23:6 მოუგო.
"ალპელებმა" მასპინძლებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, თუმცა "მონპელიე" შესვენებაზე შვდიქულიანი უპირატესობით წავიდა - 13:6.
მეორე ტაიმში მონპელიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს. თავად კი ერთი საჯარიმო ლელო ირგუნეს. ამ იერიშში აქტიურად მონაწილეობდა შერკინების ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 51-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი მოედანზე ათი წუთის შემდეგ გამოჩნდა.
ანტონ ფექირიშვილის "კასტრმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "აჟენთან" 22:14 და საპლეიოფო ექვსეულში მდგომარეობა განიმტკიცა. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
I დივიზიონი
IX ტური
კლერმონი-ბიარიცი 19:12, სტად ფრანსე-ტულუზი 28:24, მონ დე მარსანი-ბორდო 12:17, აჟენი-კასტრი 14:22, ტულონი-ბაიონი 59:0, მონპელიე-გრენობლი 23:6, პერპინიანი-მეტრო რასინგი 17:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 37 ქულა, 2. კლერმონი - 32, 3. ტულუზი - 29, 4. მონპელიე - 27, 5. კასტრი - 24, 6. გრენობლი - 22, 7. ბიარიცი - 20, 8. მეტრო რასინგი - 20, 9. პერპინიანი - 20, 10. სტად ფრანსე - 19, 11. ბორდო - 15, 12. ბაიონი - 15, 13. აჟენი - 14, 14. მონ დე მარსანი - 2.
X ტური
გრენობლი-ბიარიცი, კასტრი-პერპინიანი, აჟენი-კლერმონი, ტულონი-სტად ფრანსე, ბაიონი-ბორდო, მონპელიე-მონ დე მარსანი, ტულუზი-მეტრო რასინგი.
* * *
მეორე დივიზიონში ცხრა ტურის შემდეგ, საპლეიოფო ბრძოლაში ასევე ხუთი "ქართული გუნდია" ჩართული.
ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი კი გურამ კავთიძის "ლიონს" აქვს, რომელმაც 30 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ "ოიონაქსს" ხუთი ქულით ჩამორჩება. ლიონელებმა მეცხრე ტურში შინ დაამარცხეს "კოლომიე" - 24:6. ჩვენებურის გუნდისთვის ეს მეექვსე გამარჯვება იყო. კავთიძე განაცხადში არ იყო.
"ლიონს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი". წარუმატებელი სტარტის შემდეგ ჩვენებურთა ამ გუნდმა თავისი თამაში იპოვა და სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება. "ბრივმა" მე-9 ტურში შინ დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში "პო" - 22:18.
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შველიძემ შეცვალა; იმავდროულად, თამაშში ჩაერთო ნატრიაშვილიც.
"ბრივს" სამი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 20:36.
ორიაკელები ლიდერთან დაპირისპირებაში ვერაფერს გახდნენ. "ოიონაქსმა" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტა. მასპინძლებმა ის ოცი ქულის სხვაობით, 23:3 მოიგეს.
ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილს და დათუნაშვილს არ უთამაშიათ.
25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, კახაბერ კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ოში" - 13:12.
კობერიძე თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო, მაისურაძე მოედანზე ცხრა წუთის შემდეგ გამოჩნდა, თოდუა, ახობაძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
"ალბის" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი". ამ გუნდმა სტუმრად შეძლო შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" დამარცხება - 28:26.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველ ტაიმში უკეთ ითამაშეს და რვა ქულის სხვაობით მოიგეს - 16:8. მეორე ნახევარში, 66-ე წუთზე მათ 12 ქულით დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა დასკვნით 15 წუთში უპირატესობა ქარს გაატანეს. ტარბელებმა გამარჯვების ლელო მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს, როცა 21:26-ს აგებდნენ.
ნემსაძე, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 35-ე წუთზე გაასინბინეს, დადუნაშვილი 49-ე წუთზე შეცვალეს, შვიდი წუთის შემდეგ მოედანი დატოვა სუთიაშვილმა, მირცხულავა თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ წუთში კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა აშვეთიამ, ჩხაიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.
"მასიმ", რომელიც მეორე დივიზიონის დებიუტანტია, ათი ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა.
ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო დიდი ანგარიშით "ლა როშელთან" - 11:48. ლანგედოკელები ამ შეხვედრაში ძალზედ უსუსურად გამოიყურებოდნენ და მასპინძლებმა წარმატების მიღწევის იოტისოდენა შანსი არ დაუტოვეს.
შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. "ბეზიე" 14 ქულით მე-13 ადგილზეა.
ლანგედოკელებს ორი ქულით ჩამორჩება და მე-14 ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 30:37. რატიანიძე განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
IX ტური
ბრივი-პო 22:18, ნარბონი-ექსი 22:24, ლა როშელი-ბეზიე 48:11, ლიონი-კოლომიე 24:6, ალბი-ოში 13:12, კარკასონი-დაქსი 37:30, მასი-ტარბი 26:28, ოიონაქსი-ორიაკი 36:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 35 ქულა, 2. ლიონი - 30, 3. ბრივი - 28, 4. ლა როშელი - 25, 5. ორიაკი - 25, 6. ალბი - 25, 7. პო - 24, 8. ტარბი - 24, 9. ოში - 23, 10. კარკასონი - 21, 11. ნარბონი - 15, 12. კოლომიე - 15, 13. ბეზიე - 14, 14. დაქსი - 12, 15. ექსი - 12, 16. მასი - 10.
X ტური
ოიონაქსი-ნარბონი, დაქსი-ბრივი, ექსი-ლა როშელი, ტარბი-ბეზიე, პო-მასი, კარკასონი-ალბი, კოლომიე-ოში, ორიაკი-ლიონი.
* * *
მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა "კელტთა ლიგაში". საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" შინ წააგო უელსურ "ჰლანეჰლისთან" მინიმალური სხვაობით - 28:29.
თამაში, როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. ედინბურგელებმა პირველი ტაიმი შვიდი ქულის სხვაობით წააგეს - 19:26, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი საგრძნობლად გაზარდეს და 66-ე წუთზე 28:26 დაწინაურდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენებურის გუნდმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო. ედინბურგელთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი ჰარი ლეონარდი იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა მოუტანა (შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია. "ედინბურგი" ახლა 13 ქულით მერვე ადგილზეა. გათამაშებას კი ირლანდიური "ალსტერი" ლიდერობს, რომელიც აქამდე დაუმარცხებელია. მას ერთი ქულით ჩამორჩება "ედინბურგის" მძლეველი "ჰლანეჰლი".
კელტთა ლიგა
VII ტური
ნიუპორტი-ალსტერი 19:46, ედინბურგი-ჰლანეჰლი 28:29, მანსტერი-ზებრე 29:3, ოსფრიზი-ქონოთი 26:9, ბენეტონი-გლაზგო 13:24, ლენსტერი-კარდიფი 59:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 26 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 25, 3. გლაზგო - 22, 4. ლენსტერი - 22, 5. მანსტერი - 19, 6. ოსფრიზი - 19, 7. კარდიფი - 14, 8. ედინბურგი - 13, 9. ბენეტონი - 13, 10. ქონოთი - 10, 11. ნიუპორტი - 9, 12. ზებრე - 1.
VIII ტური
კარდიფი-მანსტერი, ალსტერი-ედინბურგი, გლაზგო-ნიუპორტი, ქონოთი-ბენეტონი, ჰლანეჰლი-ზებრე, ოსფრიზი-ლენსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"