ქართველი ლეგიონერები: ტურში ორი ცენტრალური მატჩია

AutoSharing Option
10 ნოემბერს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ პირველ დივიზიონში მორიგი, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესვე საფრანგეთის ნაკრები ტესტმატჩს ჩაატარებს ავტრალიის ნაკრებთან, ამიტომ წამყვანი გუნდების ურავლესობა ლიდერების გარეშე არიან დარჩენილნი და მათი შეხვედრების პროგნოზირება ძალზედ სარისკო საქმეა.

შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურის წინ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ტულონი", "კლერმონი", "ტულუზი", მონპელიე" და "კასტრი". საპლეიოფო ექვსეულთან ახლოს იმყოფება პარიზული "სტად ფრანსეც".

* * *
გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი"
სტუმრად ეთამაშება უახლოეს მდევარს, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს".

ტურის ცენტრალური შეხვედრის მიმართ ინტერესი არ განელდება მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ იქნება, რადგან თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.

ასე მაგალითად, "ტულონს" უკანა ხაზში დააკლდებიან ფრედერიკ მიშალაკი და მაქსიმ მერმოსი. კიდევ უფრო მეტი დანაკლისი აქვთ ტულონელებს შერკინებაში - საიმონ შოუ, კარლ ჰეიმანი და კრის მასო ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი ძალაა.

არანაკლებად გადახალისებული იქნება "ვულკანების" შემადგენლობაც. ვესლი ფოფანა, მორგან პარა და ტომას დომინგო საფრანგეთის ნაკრებში არიან მიწვეულნი. ნათან ჰაინსი, ჟულიენ მალზიო და გერჰარდ ვოსოლო კი ტრავმირებულნი არიან.

"ჩვენთვის ეს მორიგი კალენდარული მატჩია და მეტი არაფერი", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა.

სრულიად განსხვავებულად ფიქრობს კლერმონელთა თავკაცი, ახალზელანდელი ვერნ კოტერი: "სერიოზული ბრძოლა გველის, მოხარული ვიქნები, თუ წლევანდელი სეზონის საუკეთესო გუნდს დავამარცხებთ".

ბერნარ ლაპორტმა დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიაქუტაძე წინასწარ, 24-კაციან განაცხადში შეიყვანა. სავარაუდოდ, კლერმონელთა ძირითად გუნდში ითამაშებს დავით ზირაქაშვილი.

* * *
არანაკლებ საინტერესო იქნება მესამე და მეოთხეადგილსნების დაპირისპირებაც. ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" შინ მიიღებს მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს".

ტულუზელებს, რომლებიც 34 ქულით მესამე ადგილზე არიან სხვადასხვა მიზეზების გამო 15 მორაგბე დააკლდებათ. აქედან ნახევრაზე მეტი თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.

ტრავმირებულთა შორის იმყოფებიან კაკოვინი და ბრეგვაძე.

ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ამ მხრივ "მონპელიე". მათგან "ლე ბლოში" მხოლოდ ორი - ფრანსუა ტრინ-დუკი და ფულენსე უოდაროგო არიან გამოძახებულნი. თუმცა ეს ორი მოთამაშე მონპელიელებისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

განაცხადში არ არის ასევე შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი, მამუკა გორგოძე კი მეორე ხაზში ითამაშებს. ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტულუზელებმა "მონპელიეს" ბოლო შვიდი მატჩიდან შვიდივე მოუგეს.

* * *
28 ქულით მეხუთე ადგილზეა ანტონ ფექირიშვილის "კასტრი", რომელიც გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს "ბორდფოს" სტუმრად ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ბორდოელებმა ბოლო სამ საშინაო მატჩში მეტოქეს სამივეჯერ მოუგეს.

"კასტრი" წლეულს, ისევე როგორც შარშანდელ სეზონში, კარგად, მაგრამ მაინც არასტაბილურად ასპარეზობს. ჩვენებურის გუნდი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. აი, სტუმრად თამაში კი ძალიან უჭირს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "კასტრს" სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმის მოშუშების შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია და ძირითად შემადგენლობაში ითმაშებს.

* * *
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" 20 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-11 ტურში გამარჯვების შემთხვევაში საპლეიოფო ექვსეულს საგრძნობლად მიუახლოვდება.

პარიზელები შინ მიიღებენ "აჟენს". მეტოქის დამარცხება ჩვენებურის გუნდს ძალიან გაუჭირდება, რადგან მათ დააკლდებიან საფრანგეთის ნაკრებში მიწვეული პასკალ პაპე, იტალიის ნაკრებში მიწვეული სერჯო პარისე, არგენტინის ნაკრებში მიწვეული ფელიპე კონტეპომი და აშშ-ის ნაკრებში გამოძახებული სკოტ ლა ვილა. ამასთან ერთად, დაშავებულია ფიჯელი მორკინალი ვაისეა ვუიდრავუვალუ.

ცხადია, "სტად ფრანსესთვის", რომელიც უკვე თითქმის კრიზის დაძლევის გზას დაადგა, ეს ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქე, "აჟენი" ერთ-ერთი აუტსაიდერია და სტუმრად სუსტად ასპარეზობს, პარიზელებმა, წესით მაინც უნდა მოიგონ.

* * *

სატურნირო ცხრილის ფსკერზეა თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომელსაც მოგებთა გრაფაში ისევ ნული უწერია და სულ რაღაც ორი ქულა აქვს დაგროვებული.

ჩვენებურის გუნდი სტუმრად ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს" და სავარაუდოდ ამ შეხვედრასაც წააგებს.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური I დივიზიონი. XI ტური
ტულუზი-მონპელიე, კლერმონი-ტულონი, მეტრო რასინგი-მონ დე მარსანი, სტად ფრანსე-აჟენი, გრენობლი-ბაიონი, ბორდო-კასტრი, ბიარიცი-პერპინიანი

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 41 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. ტულუზი - 34, 4. მონპელიე - 32, 5. კასტრი - 28, 6. გრენობლი - 26, 7. პერპინიანი - 21, 8. ბიარიცი - 20, 9. სატდ ფრანსე - 20, 10. მეტრო რასინგი - 20, 11. ბაიონი - 19, 12. ბორდო - 15, 13. აჟენი - 15, 14. მონ დე მარსანი - 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ელიტაში ქართველი მორაგბეების ისევ ხუთი გუნდი ლიდერობს
გიორგი ნემსაძის მეორე ელიტური ლელო საფრანგეთში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული