ყველაზე ქართულმა ფრანგულმა კლუბმა "ნიუკასლი" დაამარცხა - 32:8

AutoSharing Option
ევროტურნირების მეორე ტური "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მატჩით გაიხსნა - ყველაზე ქართულმა ფრანგულმა კლუბმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ ინგლისური "ნიუკასლი" დაამარცხა - 32:8.

მონპელიელები ამ გამარჯვების შემდეგ C ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ამავე ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი, "ბურგუენი" ინგლისურ "ექსეტერს" დღეს მასპინძლობს. საინტერესოა, რომ ჩვენებურთა გუნდი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობითაც კი ჯგუფში საუკეთესოა.

"ნიუკასლთან" მატჩში ჩხაიძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძე, შველიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
მორიგ შეხვედრას "მონპელიე" 9 დეკემბერს გამართავს შინ "ბურგუენთან".

C ჯგუფი
მონპელიე - ნიუკასლი 32:8, ბურგუენი - ექსეტერი
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 8 ქულა, ნიუკასლი - 4, ბურგუენი - 1, ექსტერი - 1

B ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერს, ესპანეთის "ელ სალვადორს". ბრიველები, სავარაუდოდ დიდი ანგარიშით მოიგებენ, ოთხ და მეტ ლელოს გაიტანენ და ჯგუფის ლიდერს, ინგლისურ "სეილ შარქსს" დაგროვილი ქულებით გაუთანაბრდებიან. "ზვიგენები" მეორე ტურში სტუმრად ეთამაშებიან იტალიურ "პადოვას".
"ბრივმა" პირველ ტურში იტალიელებს შინ მოუგო - 32:6.

B ჯგუფი
ელ სალვადორი-ბრივი, პადოვა-სეილ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
სეილ შარქსი - 5 ქულა, ბრივი - 4, პადოვა - 0, ელ სალვადორი - 0

E ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენი" სტუმრად ითამაშებს საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელთან". შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. პირველ ტურში აჟენელებმა შინ დაამარცხეს ინგლისური "გლოსტერი" - 26:19, რასაც საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერისგან არავინ ელოდა. ჯგუფს დღესდღეობით "ლა როშელი" ლიდერობს, რომელმაც სტუმრად მოუგო იტალიურ "როვიგოს" - 38:3.

E ჯგუფი
ლა როშელი-აჟენი, გლოსტერი-როვიგო
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 5 ქულა, აჟენი - 4, გლოსტერი - 1, როვიგო - 0

A ჯგუფი
ქონოთი-ბაიონი, ჰარლიქუინზი-პრატო
სატურნირო მდგომარეობა
ბაიონი - 4 ქულა, პრატო - 4, ქონოთი - 1, ჰარლიქუინზი - 1

D ჯგუფი
ბუქარესტი-კროკიატი, ლიდსი-სტად ფრანსე
სატურნირო მდგომარეობა
სტად ფრანსე - 5 ქულა, ლიდსი - 4, ბუქარესტი - 0, კროკიატი - 0

ყველაზე პრესტიჟული "ჰეინეკენის" თასის, პირველ ტურში აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" გარდა ქართველ მორაგბეთა ყველა გუნდმა მოიგო. კასტრელები, რომლებიც A ჯგუფში ასპარეზობენ, მეორე ტურში გათამაშების ფავორიტს, უელსურ "კარდიფს" მასპინძლობენ.

თითქმის რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ "კასტრის" შემადგენლობაში გამოჩნდება საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე. კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი, ანტონ ფეიქრიშვილი კი ტრავმირებულია და, ცხადია, განაცხადში არ არის.

"კასტრმა" პირველ ტურში სტუმრად წააგო ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" - 14:18 და ახლა უელსელებთან აუცილებალად გამარჯვება სჭირდება, რათა პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

ამავე ჯგუფში "ნორსჰემპთონი" სტუმრად ეთამაშება შოტლანდიურ "ედინბურგს", რომელმაც პირველ ტურში "კარდიფთან" სტუმრობისას მინიმალური სხვაობით -17:18 წააგო.

A ჯგუფი
კასტრი-კარდიფი, ედინბურგი-ნორსჰემპთონი
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 4 ქულა, კარდიფი - 4, ედინბურგი - 1, კასტრი - 1.

სიკვდილის ჯგუფად შერაცხული B ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს ორი ფრანგული კლუბი, ორივე ფავორიტი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და პარიზული "მეტრო რასინგი" დაუპირისპირდება.

პირველ ტურში ინგლისურ "სარასენზთან შინ " გამარჯვების (25:10) შემდეგ "ვულკანების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა პარიზელებთან სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობის თერთმეტი მოთამაშე შეცვალა. ფორი, ბონერი, ლაპანდრი, ჟუბერი, რუჟერი, ჯეიმზი და ფლოში ისვენებენ. ზირაქაშვილი, დომინგო, პრივა და პარა კი სათადარიგოთა შორის არიან.

პარიზელებმა პირველ ტურში სტუმრად წააგეს ირლანდიურ "ლენსტერთან", რომელიც ამჟამად "სარასენზს" სტუმრობს.

B ჯგუფი
სარასენზი-ლენსტერი, მეტრო რასინგი-კლერმონი
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი - 5 ქულა, კლერმონი - 4, სარასენზი - 0, მეტრო რასინგი - 0

C ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" სტუმრად ეთამაშება ირლანდიურ "მანსტერს". ტულონელებს პირველ ტურში შინ მძიმე ბრძოლა გადახდათ უელსურ "ოსფრიზთან". ჩვენებურის გუნდს გამარჯვება ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ბრწყინვალე თამაშმა მოუტანა -19:14. სავარაუდოდ, ასევე დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ მურად ბურჯელალის ბიჭებს დუბლინშიც. მანსტერელებმა პირველ ტურში "ლონდონ აირიშთან" მატჩი ბოლო წუთებზე დათმეს - 17:23.

ქუბრიაშვილი "ტულონის" სათადარიგოთა შორისაა. 

C ჯგუფი
მანსტერი-ტულონი, ოსფრიზი-ლონდონ აირიში
სატურნირო მდგომარეობა
ლონდონ აირიში -4 ქულა, ტულონი - 4, ოსფრიზი - 1, მანსტერი - 1.

D ჯგუფი
აირონი-ბასი, ბიარიცი-ალსტერი
ალსტერი - 5 ქულა, ბიარიცი - 4, ბასი - 1, აირონი - 0

E ჯგუფი
პერპინიანი-ბენეტონი, ლესტერი-ჰლანეჰლი
სატურნირო მდგომარეობა
ჰლანეჰლი - 5 ქულა, ლესტერი - 5, ბენეტონი - 1, პერპინიანი - 1.

F ჯგუფი
ნიუპორტი-ტულუზი, ვოსფსი-გლაზგო
სატურნირო მდგომარეობა
გლაზგო - 4 ქულა, ტულუზი - 4, ვოსფსი - 1, ნიუპორტი - 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული