ლეგიონერები: "სიყვარულის ქვეყანას" "ქართული არმია" შეესია

AutoSharing Option
საფრანგეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე, უფრო სწორად, მათ ერთ ნაწილზე, შერკინების პირველხაზელებზე, ამას წინათ დაწვრილებით ვისაუბრეთ.

ჩვენი შერკინების ბურჯებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ელიტარულ, პირველ და მეორე დივიზიონებში ისინი მრავლად არიან.

სასიხარულოა, რომ ინტერესის ზრდის დინამიკა, მცირედით, მაგრამ მაინც შეინიშნება სხვა პოზიციებზე მოთამაშე ქართველების მიმართაც.

ასე, მაგალითად, ელიტურ პირველ დივიზიონში, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს დონეზე, ორი მესამეხაზელი, ერთი მეორეხაზელი და ერთიც შუამარბი ირჯება. კიდევ ერთი მესამეხაზელი თამაშობს არანაკლებ პრესტიჟულ კელტთა ლიგაში.

უფრო მრავალფეროვანია საფრანგეთის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოთამაშეთა სია.
აქ სამი მეორეხაზელი, ორი მესამეხაზელი და ერთი გარემარბი ასპარეზობს.

ერთი სიტყვით, "სიყვარულის ქვეყანაში" საკმაოდ "სერიოზული არმია" გვყავს გადასროლილი და მოდით, ახლა სათითაოდ განვიხილოთ მათი ავანჩავანი.

ყველაზე პოპულარული და სახელოვანი საქართველოს ნაკრების და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს დონის ვარსკვლავად.

დასტურად ახლახან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიც გამოდგება, რომელშიც ავტორი 2013 წლის სარაგბო მოვლენების პროგნოზირებას ცდილობს. აი, რას წერს ის ევროპის ერთა თასის გათამაშების შესახებ:

"ერთა თასის გათამაშება თებერვალში დაიწყება, რომელიც იმავდროულად 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

მოსალოდნელია, რომ მოვლენების ცენტრში ისევ საქართველოს ნაკრები იქნება თავისი მძლავრი შერკინებით. მიმაჩნია, რომ ქართველები ნამდვილად ვითარდებიან და ძლიერი ნაკრები ჰყავთ.

ამას წინათ, ჰაინეკენის თასის გათამაშების ერთ-ერთ მატჩში მათი გიგანტური ზომის მესამეხაზელის მამუკა გორგოძის თამაში ვნახე და თუ ქართველები შეძლებენ მისი დარი 14 მორაგბის მოძიებას, წინ ვერავინ დაუდგებათ."

აი, ასე, სასწრაფოდ გვჭირდება გორგოძისნაირი მოთამაშეები და მსოფლიოს ელიტაში გზა ხსნილი გვაქვს. ეს, ცხადია, ხუმრობით, რომელშიც სიმართლის მარცვალიც არის.

ისე კი გორგოძეს ეპითეტები ბოლო რამდენიმე წელიწადია არ აკლია. ეს მან სავსებით დაიმსახურა. მახსოვს, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის მსვლელობისას პრივატულ საუბარში მითხრა, "თავი არასდროს დამიზოგავს, მნიშვნელობა არ აქვს, კლუბში ვთამაშობ თუ ნაკრებში. ისიც არ მესმის, ვარჯიშისას როგორ უნდა მოდუნდე და ნახევარი ძალით გაისარჯო".

საქმისადმი მის ასეთ მიდგომას ყველა ხედავს. განსაკუთრებით ყურადღებით, ცხადია, ქომაგები არიან და უფასებენ კიდეც. მამუკა მონპელიეში ყველაზე პოპულარული და დაფასებული მორაგბეა. ამ ქალაქის მკვიდრთ, თავიანთი სათაყვანებელი გუნდი გორგოძის გარეშე ვერც წარმოუდგენიათ.

თავად განსაჯეთ, "მონპელიე" 1984 წელს დაარსდა, მაგრამ გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებში არასდროს ყოფილა. მას შემდეგ, რაც გორგოძე "მონპელიეს" ლიდერი გახდა, ბოლო სამი წელიწადია, მონპელიელები პლეი ოფში თამაშობენ და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

კიდევ ერთი მესამეხაზელი, რომელიც ელიტურ დივიზიონს გაუშინაურდა კლერმონელი ვიქტორ კოლელიშვილია. ვიტო, როგორც მას მეგობრები ეძახიან, "კლერმონში" ორი წლის წინათ ჩაირიცხა და აქამდე ამ კლუბის სათადარიგოთა, ანუ ესპუართა გუნდში თამაშობდა. ის ორჯერ ესპუართა შორის საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.

კოლელიშვილი ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა ძირითად გუნდში წლევანდელი სეზონის წინ გადაიყვანა და რამდენიმე მატჩში თამაშის უფლება მიეცა. მეტიც, ერთ-ერთ შეხვედრაში მეტოქეს ერთი ისეთი უთავაზა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა 20-დღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"კლერმონის" ძირითად გუნდში მოხვედრა უბრალო საქმე არ არის. ეს გუნდი ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდია და ევროპულ ასპარეზზეც სერიოზული ამბიციები აქვს.

ამიტომ, ვფიქრობთ, კოლელიშვილს შესანიშნავი შანსი აქვს, ბრწყინვალე კარიერა აიწყოს. მას რეალურად შესწევს ძალა უძლიერეს მორაგბეთა შორის დაიმკვიდროს ადგილი.

ელიტური, პირველი დივიზიონის "ტულონში" ასპარეზობს შერკინების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. მისი სიმაღლე ზუსტად ორი მეტრია, რაც რაგბიში, მართალია, იშვიათობა არ არის, თუმცა ჩვენი ნაკრები ასეთი სიმაღლის მოთამაშეების დეფიციტს განიცდის.

მიქაუტაძე სამ წელიწადზე მეტია "ტულონში" ირიცხება და აქამდე ამ კლუბის ესპუარების შემადგენლობაში ირჯებოდა. მას ტულონელთა ძირითად გუნდში რამდენჯერმე მოუწია თამაშმა, მაგრამ მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ისეთი კონკურენცია შექმნა, რომ ახალგაზრდა ქართველს უჭირს უძლიერესთა შორის ადგილის დამკვიდრება.

ელიტური, პირველი დივიზიონის "მონ დე მარანში" წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა შუამარბი თამაზ მჭედლიძე. აღსანიშნავია, რომ ის მეორე ქართველი უკანახაზელია, რომელსაც ასეთ დონეზე თამაშმა მოუწია. პირველი ირაკლი გიორგაძე იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინათ "ბურგუენში" ასპარეზობდა.

მჭედლიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა ის ეროვნული გუნდის თავკაცის მილტონ ჰეიგის ყურადღების არეალშიც მოექცა და ნოემბრის ტესტებისას საწვრთნელ შეკრებაზეც იყო. თამაზმა მარსანელთა შემადგენლობაში ოთხ მატჩში ასპარეზობა უკვე მოასწრო და, იმედია, მალე გუნდში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

შოტლანდიური "ედინბურგის" ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია.

ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე შესანიშნავად ითამაშა და უმალ ბობოლა გუნდების ყურადღება მიიპყრო. თუმცა საბოლოოდ მისი მიწვევა მაინც ედინბურგულმა გუნდმა გადაწყვიტა, რომლის მთავარი მწვრთნელიც, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასევე ყოფილი ასისტენტი მაიკ ბრედლია.

"ედინბურგი" შარშანდელი სეზონისაგან განსხვავებით ამჟამად წარუმატებლად ასპარეზობს. ბასილაიას თამაში ხშირად უწევდა და ერთი საკმაოდ სერიოზული ტრავმის მოშუშებაც მოასწრო. გასულ უქმეებზე მან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად ითამაშა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლის დაწყება თავიდან უწევს.

მეორე დივიზიონში, როგორც უკვე ვთქვით, სამი მეორეხაზელი, ორი მესამეხაზელი და ერთი გარემარბი გვყავს. ამათ თუ პირველხაზელებსაც დავუმატებთ, რომლებიც დაახლოებით ორჯერ მეტნი არიან, მივიღებთ ჩვენი მოთამაშეების რეკორდულ რაოდენობას. ამდენ ქართველს მეორე დივიზიონში ერთდროულად არასდროს უთამაშია.

ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილის "ორიაკია", რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

"ჩაქუჩა" წლევანდელ სეზონში მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია და მატჩების 90 პროცენტზე მეტს თავიდან ბოლომდე თამაშობს.

პლეი ოფში თამაშისთვის იბრძვის კიდევ ორი მეორეხაზელის ვახტანგ მაისურაძის "ალბი" და გიორგი ნემსაძის "ტარბი.

ამ უკანასკნელში ასპარეზობს მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძეც (#8). თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ბინგო" ეროვნულ ნაკრებში მეორეხაზელად მოიაზრება. ვერ ვიტყვით, რომ ეს მოთამაშეები ახალგაზრდები არიან, მით უფრო, რომ თითოეულ მათგანს მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

შესაბამისად, ისინი ჩვენს ეროვნულ გუნდში, მინიმუმ ოთხი წელიწადი, ისევ მთავარი დასაყრდენი ძალა იქნებიან.

კიდევ ერთი მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილია, რომელიც მეორე დივიზიონის დებიუტანტ "მასიში" ასპარეზობს. პარიზული გუნდი ბოლო ადგილზეა და, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში ისევ ფედრალ 1 დივიზიონს დაუბრუნდება.

მეორე დივიზიონში ერთადერთი უკანახაზელი, გარემარბი ალექსანდრე თოდუაა, რომელიც "ალბიში" წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა.

ქართველების ქომაგ ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეძლო და, სავარაუდოდ, მისი კარიერა აღმასვლით უნდა აღინიშნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვატასჰორის მონპელიესჰი ნარიასჰვილიც ტამასჰობს და საკმაოდ წარმატებულადაც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული