მამუკა გორგოძემ ალექს ტულუს სისხლი ადინა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ელიტურ, პირველ დივიზიონში, ევროთასების გათამაშებით გამოწვეული ორკვირიანი შესვენების შემდეგ, მე-10 ტურის შეხვედრებით განახლდა, ყველა მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ყველაზე ქართულმა ფრანგულმა კლუბმა "მონპელიემ" კი ლიდერობა დაიბრუნა.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენს" 28:3 მოუგო. ჩვენებურთა გუნდმა ერთი საპრემიო ქულაც მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ "ტულუზისა" და "მეტრო რასინგის" მსგავსად 32 ქულა აქვს, მაინც პირველ ადგილზეა, რადგან ორივე დამარცხებული ჰყავს.

გორგოძე, რომელმაც სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე გაასინბინეს. "გულივერას"
ამჯერად მეტოქის მესამეხახზელთან, ალექს ტულუსთან მოუხდა შეხლა-შემოხლა, ბურგუენელს სისხლიც ადინა და ამისთვის, შესაძლოა, დისკვალიფიკაციაც მიიღოს.

ჟღენტი და შველიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაებნენ. ჩხაიძეს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.
საინტერესო და ბოლომდე დაძაბული გამოდგა დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" გასვლითი შეხვედრა პარიზში "სტად ფრანსესთან". ტულონელები თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე 15:12-ს იგებდნენ. (თხუთმეტივე ქულა მგეზავ ჯონი ვილკინსონის ანგარიშზეა), მაგრამ პარიზელებმა ბოლო ათ წუთში ისეთი შტურმი მოაწყვეს, ტულონელებს ამოსუნთქვის საშუალებაც არ ჰქონდათ. საბოლოოდ "სტად ფრანსემ" თითო ლელო და არეკნი გაიტანა, 22:15 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაბარგდა.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. უნდა აღინიშნოს, რომ "დუდუ" გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ვიზავის, არგენტინელ როდრიგო რონკეროს თითქმის ყველა შერკინება მოუგო და რამდენჯერმე წესის დარღვევაც აიძულა. ამიტომ მისი შეცვლა ცოტა უცნაურიც კია.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 13:16. ჩემპიონებმა პირველი ტაიმი 10:6 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ბოლო ხანს მოღონიერებულ მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყვეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი, 51-ე წუთზე არბიტრმა ჩხუბისთვის სინბინში გაუშვა.

"კლერმონს" წლეულს უჩვეულოდ ცუდი შედეგი აქვს. ათიდან მატჩიდან ხუთი წააგო და სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-8 ადგილზეა.

როგორც მოსალოდენელი იყო, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ მოუგო აუტსაიდერს, ბექა შეყლაშვილის "აჟენს" - 38:11. კასტრელებმა ამ გამარჯვებით ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა და თუ ფორტუნამ ზურგი არ აქცია, შესაძლოა, პლეი ოფში გასვლისთვისაც იბრძოლონ.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი კი თამაშში 6 წუთით ადრე ჩერთო, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" სტუმრად მოულოდნელად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელთან" -21:26. ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, კაკოვინს არ უთამაშია.

საფრანგეთი. I დივიზიონი
X ტური
მეტრო რასინგი-ბაიონი 15:9, ტულუზი-პერპინიანი 38:29, ლა როშელი-ბრივი 26:21, მონპელიე-ბურგუენი 28:3, ბიარიცი-კლერმონი 16:13, კასტრი-აჟენი 38:11, სტად ფრანსე-ტულონი 22:15

სატურნირო მდგომარეობა
1. მონპელიე - 32 ქულა, 2. ტულუზი - 32, 3. მეტრო რასინგი - 32, 4. ტულონი - 28, 5. ბიარიცი - 27, 6. სტად ფრანსე - 27, 7. პერპინიანი - 26, 8. კლერმონი - 25, 9. ბაიონი - 24, 10. კასტრი - 24, 11. ბრივი - 18, 12. ლა როშელი - 15, 13. ბურგუენი - 10, 14. აჟენი - 7.

XI ტური
მეტრო რასინგი-პერპინიანი, ბრივი-ბიარიცი, ტულუზი-ტულონი, ბაიონი-მონპელიე, კლერმონი-სტად ფრანსე, აჟენი-ლა როშელი, კასტრი-ბურგუენი

მეორე დივიზიონში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად მოუგო სატურნირო ცხრილის მეზობელ "მონ დე მარსანს" - 26:10 და ახლა 20 ქულით მე-6 ადგილზეა. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავას არ უთამაშია.
წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც შინ დაამარცხა "ოში" - 27:8. ლიონელები 26 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "ალბის" ერთი ქულით ჩამორჩებიან. კავთიძეს არ უთამაშია.
"ალბიმ" მე-8 ტურში სტუმრად წააგო გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლთან" - 9:12. "ალპელები" ამ გამარჯვებით ლიდესრებს მჭიდროდ მიუახლოვდნენ.

II დივიზიონი
VIII ტური
მონ დე მარსანი-ტარბი 10:26, ექსი-ბორდო 17:19, ოიონაქსი-ნარბონი 28:10, ლიონი-ოში 27:8, კოლომიე-ორიაკი 6:19, სენტ ეტიენი-პო 9:21, კარკასონი-დაქსი 18:15, გრენობლი-ალბი 12:9

სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 27 ქულა, 2. ლიონი - 26, 3. ორიაკი - 26, 4. ბორდო - 25, 5. ოიონაქსი - 21, 6. ტარბი - 20, 7. გრენობლი - 18, 8. მონ დე მარსანი - 17, 9. პო - 17, 10. კარკასონი - 15, 11. ოში - 15, 12. ნარბონი - 14, 13. კოლომიე - 14, 14. ექსი - 13, 15. დაქსი - 10, 16. სენტ-ეტიენი - 7

IX ტური
კარკასონი-მონ დე მარსანი, პო-ბორდო, დაქსი-სენტ ეტიენი, ტარბი-ექსი, ალბი-ოიონაქსი, ნარბონი-გრენობლი, ლიონი-კოლომიე, ორიაკი-ოში

რუმინეთში თასის გათამაშება დაიწყო. ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ოთარ ტურაშვილის, ლაშა თავართქილაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ფარული" შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად მოუგო "პეტროშანის" - 40:16.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული