ჩხაიძე ბრუნდება, შველიძე ისვენებს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი "მონპელიეა", რომლის საოცარ გარდასახვაზე ფრანგულ პრესაში ბევრი იწერება.

მონპელიელთა წარმატების მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელებს ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს მიიჩნევენ. თუმცა, მარტო მწვრთნელებიც რომ ვერას გახდებოდნენ, თავისთავად ცხადია. "მონპელიეში" საფრანგეთის ნაკრების ორი წამყვანი მორაგბე თამაშობს, მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი და მესამეხაზელი ფულენსე უედრაოგო, უკანა ხაზში გაიბრწყინა არგენტინელმა გარემარბმა მარტინ გუსტოს მოიანომ.

ცხადია, წამყვანი პოზიციები უჭირავთ ქართველ მორაგბეებსაც. მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დიდი ხანია, გუნდის მთავარი
დამრტყმელი ძალაა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ის "მონპელიეს" ყოჩია და მის საბრძოლო განწყობაზე ბევრადაა დამოკიდებული სხვა მოთამაშეთა შემართება.

პირველ ხაზში "მონპელიე" საგრძნობლად გააძლიერა ახალწვეულმა გიორგი ჟღენტმა, რომელიც დღესდღეობით საფრანგეთის ელიტაში ერთერთი საუკეთსო მარჯვენა ბურჯია. ერთი სიტყვით, "მონპელიეში" შესანიშნავმა კონტინგენტმა მოიყარა თავი და შედეგიც სახეზეა.

მე-11 ტურში "მონპელიე" სტუმრად ითამაშებს ბასკურ "ბაიონთან", რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატი რიხით დაიწყო და ხუთი ტურის განმავლობაში ლიდერობდა კიდეც. ბასკებს, როგორც ჩანს, დენთი აღარ ეყოთ. ბოლო ოთხ ტურში "ბაიონმა" ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-10 ადგილზეა.

გალტიემ და ბეშუმ "ბაიონთან" საასპარეზოდ საბრძოლო შემადგენლობა შეკრიბეს. ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში იქნება მოიანო. წინასამატჩო 22-კაციან განაცხადშია საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ ითამაშებს. მანამდე "ბინგომ" "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ორ მატჩში ითამაშა სრულად და საკმაოდ კარგადაც.

სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება გიორგი ჟღენტიც. ჩვენებურებიდან ბასკეთში არ გაემგზავრებიან გოდერძი შველიძე და მიხეილ ნარიაშვილი.

"მონპელიეს" საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდება "ბაიონიც", რომელიც ყველა ღონეს იხმარს, წარუმატებელი სერია რომ შეწყვიტოს.

ტურის ცენტრალურ მატჩში მეოთხეადგილოსანი, დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" მეორეადგილოსან "ტულუზს" ესტუმრება. ტულონელები მრისხანე მეტოქესთან სათამაშოდ საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით გავლენ. მხარი დაიშავა და ინგლისში გაემგზავრა გუნდის მთავარი მექულე, მგეზავი ჯონი ვილკინსონი. მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ დასვენების საშუალება მისცა სებასტიან ბრუნოს, ჯორჯ სმითს, ლორან ემანუელსა და ჯო ფან ნიკერკს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, "ტულონი" მარცხისთვის განწირული მიემგზავრება ფრანგული რაგბის მექაში.

მეტოქისგან განსხვავებით "ტულუზი" სრულ მზადყოფნაშია. გი ნოვეს ბიჭებს, თუ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ორ შეხვედრასაც ჩავთვლით, ექვსი მატჩია, არ წაუგიათ. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ საფრანგეთის ნაკრების მიღმა საკმაოდ ბევრი ტულუზელი დარჩა, რაც ნოვეს ძალიანაც ახარებს. დავიდ სკრელა, კლემან პუატრენო, ვენსან კლერი და ლუი პიკამოლი ნოემბრის ტესტებისას მის განკარგულებაში იქნებიან, რასაც გუნდის თამაშის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის გამოიყენებს.

ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ტულუზი" ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი იქნება.

შარშანდელ ჩემპიონატში "ტულონმა" მეტოქე ორჯერ დაამარცხა, შინ - 18:13, სტუმრად - 6:3. ქუბრიაშვილი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ტულუზი" ისეთ კარგ ფორმაშია, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. მასპინძლები მინიმუმ 10 ქულით მოიგებენ.

სერიოზული გამოცდა ელის საკუთარ მოედანზე დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" პარიზულ "სტად ფრანსესთან" მატჩში. ჩემპიონები წლეულს უჩვეულოდ ცუდად ასპარეზობენ. ათი თამაშიდან ხუთი მოგება და ამდენივე წაგება, ჩემპიონური მაჩვენებელი არაა. "ვულკანების" მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი იმედოვნებს, რომ მოთამაშეები მალე შევლენ ფორმაში და ძველებურად მძლავრად ათამაშდებიან.

"კლერმონმა" მეტოქე აუცილებლად ისე უნდა დაამარცხოს, რომ ერთი საპრემიო ქულაც მიიღოს, ამ შემთხვევაში ჩვენებურის გუნდისთვის ყველაფერი დაკარგული არ იქნება.

გულხელდაკრეფილი, ცხადია, არც "სტად ფრანსე" იქნება. განსაკუთრებული მონდომებით კი ორი პარიზელი ითამაშებს, ცხრა ნომერი ჟულიენ დიუპიუი, რომელმაც ნაკრებში დაკარგა ადგილი და მატიო ბასტარო, ვინც მარკ ლივერმონმა ეროვნულ გუნდში ზედმეტი წონის გამო არ მიიწვია. ორივე ეცდება დაამტკიცოს, რომ საუკეთესოები არიან.

საჩემპიონო სეზონში "კლერმონმა" პარიზელთა დამარცხება ვერ შეძლო, შინ ფრეს დასჯერდა - 19:19, ხოლო სტუმრად 10:19 წააგო.
პლანეტრუგბყ-ს მიაჩნია, რომ "ვულკანები" ნავსს გატეხენ და მინიმუმ 6 ქულით მოიგებენ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ ბასკურ "ბიარიცს" ეთამაშება. ბრიველები წლეულს არასტაბილურობით გამოირჩევიან. ფავორიტთან მოგების შემდეგ გუნდი აუტსაიდერთან იოლად თმობს შეხვედრას. შედეგად, ჩვენებურთა საკმაოდ სიმპათიური გუნდი 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

"ბიარიცთან" მატჩში ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება. კაკოვინი განაცხადში ვერ მოხვდა.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, უმძიმეს ბრძოლაში "ბრივი" ორი ან სამი ქულის სხვაობით მოიგებს.

აუტსაიდერი, ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ ურთიერთობას გაარკვევს უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან". ეს გუნდები ორი კვირის წინ ერთმანეთს ევროთასზე დაუპირისპირდნენ და 30:23 გამარჯვება "ლა როშელს" დარჩა.

აჟენელებს ჰაერივით სჭირდებათ მოგება, რათა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიონ. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობში იქნება.

პლანეტრუგბყ ფიქრობს, რომ "აჟენი" მინიმუ ხუთი ქულით მოიგებს.

ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი" შინ დაუპირისპირდება ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენს". მასპინძლები გასაჭირში მყოფ მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდებიან.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, კასტრელები მოიგებენ და ერთ საპრემიო ქულასაც ირგუნებენ.

I დივიზიონი, XI ტური
მეტრო რასინგი-პერპინიანი, კლერმონი-სტად ფრანსე, ბაიონი-მონპელიე, აჟენი-ლა როშელი, კასტრი-ბურგუენი, ბრივი-ბიარიცი, ტულუზი-ტულონი

სატურნირო მდგომარეობა
1. მონპელიე - 32 ქულა, 2. ტულუზი - 32, 3. მეტრო რასინგი - 32, 4. ტულონი - 28, 5. სტად ფრანსე - 27, 6. ბიარიცი - 27, 7. პერპინიანი - 26, 8. კლერმონი - 25, 9. კასტრი - 24, 10. ბაიონი - 24, 11. ბრივი - 18, 12. ლა როშელი - 15, 13. ბურგუენი - 10, 14. აჟენი - 7.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული