ქართული ლეგიონი საფრანგეთში: პირველი გახურდა, მეორე იწყება

AutoSharing Option
ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი ვიქტორ კოლელიშვილი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება. მესამე ტურის წინ სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ ის გუნდები არიან, რომლებიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყვნენ.

მოულოდნელობა მხოლოდ პირველ დივიზიონში დაბრუნებული ქართველ მორაგბეთა გუნდი "ბრივია", რომელიც მეოთხე ადგილზე იმყოფება.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი", რომელიც სახლის გუნდადაა ცნობილი, მესამე ტურში სტუმრად ეთამაშება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს". ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ბრიველები პირველი გასვლითი მატჩის მოგებას, მით უფრო, რომ მონპელიელებს ჯერ გამარჯვების გემო არ გაუსინჯავთ.

"მონპელიემ" ტრავმირებული გორგოძის არყოფნაში
ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და ამჟამად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

მონპელიელებს საშინაო დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი სტარტი ამ გუნდისთვის ახალი არ არის. "მონპელიემ" წინა ორი სეზონი ასევე წარუმატებლად დაიწყო, თუმცა ორივეჯერ პლეი ოფში გააღწია.

მასპინძელთა გუნდში ნარიაშვილი თადარიგში იქნება, გორგოძე, როგორც უკვე ვთქვით, ტრავმირებულია, "ბრივის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს შველიძე, რომელიც ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია, ასეიშვილი განაცხადში არ არის.

* * *
სატურნირო ცხრილს სათავეში ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" უდგას, რომელიც მესამე ტურში სტუმრად ეთამაშება "გრენობლს". "ალპელები" შინ ძალიან სახიფათონი არიან, თუმცა, "ტულონს", რომელიც ჯერ დაუმარცხებელია, თუ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა სურს, "გრენობლის" დონის გუნდის დამარცხება ნებისმიერ სტადიონზე უნდა შეეძლოს.

"ალპელებთან" გასვლით მატჩში ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არიან.

მეორე ტურში ქართველი შერკინების ბურჯის, ლევან ჩილაჩავას კონკურენტ მარტინ კასტროჯოვანის წითელი ბარათი უჩვენეს. მის საქმეს სადისციპლინო კომიტეტი 10 სექტემბერს განიხილავს. მანამდე კი, იტალიელს თამაშის უფლება არ აქვს. მეტიც, გამორიცხული არ არის, მან ვერც კომიტეტის სხდომის შემდეგ ითამაშოს დიდი ხანი.

ასე რომ, მოვლენები ჩილაჩავასთვის სასარგებლოდ ვითარდება და ჩვენს პირველხაზელს თამაშის საშუალება მიეცემა.

* * *
"ტულონს" კვალში უდგას ფრანგული რაგბის გრანდი ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც მესამე ტურში სტუმრად ითამაშებს დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან".

სამწუხაროდ, ამ სამი ქართველი პირველხაზელიდან ორი დაშავებულია. ბრეგვაძეს 45 დღე მოუწევს უქმობა, კაკოვინს კი, დაახლოებით სამი თვე. სხვა მხრივ, ფრანგული რაგბის ბოლო წლების ლიდერების დაპირისპირება, ცხადია, ისედაც საინტერესოა. მით უფრო, რომ, სავარაუდოდ, ზირაქაშვილი "ვულკანების" შემადგენლობაში იქნება.

* * *
საფრანგეთის ამჟამინდელი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" მესამე ადგილზეა. ჩვენებურის ეს გუნდი სტუმრად დაუპირისპირდება ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს", რომელსაც ერთი მოგება უკვე აქვს და, შეეცდება, ჩემპიონებს სიურპრიზი შესთავაზოს.

ფეიქრიშვილი კასტრელთა გაფართოებულ შემადგენლობაშია, ახალგაზრდა ნავროზაშვილი "ბორდოს" განაცხადში ისევ არ არის.

* * *
საკმაოდ დიდი დანახარჯები აქვს და ბევრი ავანსები მიიღო სეზონის წინ პარიზულმა "მეტრო რასინგმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი ირიცხება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჩვენებურს თამაშის საშუალება არ ეძლევა და ის, პარიზელთა "ოიონაქსთან" დაპირისპირებაში არც ამჯერად მიიღებს მონაწილეობას.

პირველი დივიზიონის ახალბედამ განვლილ ტურში, შინ მრისხანე "კლერმონი" დასცა და, ვფიქრობთ, პრობლემებს "მეტრო რასინგსაც" შეუქმნის, რადგან პარიზულ გუნდს ჯერ კიდევ აკლია შეთამაშება და სტაბილურობა.

* * *
სტუმრად ურთულესი მატჩის გამართვა მოუწევს ბასკურ "ბაიონთან" გიორგი ჟღენტის "პერპინიანს". შერკინების ქართველი ბურჯი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს ახლა ასრულებს და, სავარაუდოდ, გუნდის შემადგენლობაში მალე გამოჩნდება.

I დივიზიონი
III ტური
სტად ფრანსე-ბიარიცი, კლერმონი-ტულუზი, ბორდო-კასტრი, მონპელიე-ბრივი, მეტრო რასინგი-ოიონაქსი, ბაიონი-პერპინიანი, გრენობლი-ტულონი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 7 ქულა, 2. ტულუზი - 6, 3. კასტრი - 6, 4. ბრივი - 5, 5. ბიარიცი - 5, 6. პერპინიანი - 5, 7. სტად ფრანსე - 5, 8. ბაიონი - 5, 9. კლერმონი - 4, 10. ბორდო - 4, 11. ოიონაქსი - 4, 12. მეტრო რასინგი - 4, 13. გრენობლი - 4, 14. მონპელიე - 3.

* * *
31 აგვისტოს დაიწყება გათამაშება ელიტურ, მეორე დივიზიონში, სადაც რვა გუნდში ოცი ქართველი მორაგბე ირიცხება, ამათგან ცხრა საქართველოს ნაკრების წევრია.

დივიზიონის ფავორიტი ყველა განზომილებით გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი" უნდა იყოს. ამ კლუბში წლეულს ახალი მწვრთნელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ავსტრალიელი სპეციალისტი ტიმ ლეინი მიიწვიეს.

გუნდი საკმაოდ ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და დივიზიონში ყველაზე მდიდარია.

* * *
ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელსაც ამის შანსი გასულ სეზონშიც ჰქონდა.

* * *

საკმაოდ მრავალრიცხოვანი დესანტია "ალბიში". აქ ექვსი ქართველი გაირჯება. ესენია: კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი და ხვიჩა ბუჯიაშვილი.

* * *
სავარაუდოდ, ელიტაში აღზევების ამბიცია ექნება ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და გიორგი ჩხაიძის "ტარბს", რომელიც პირველ ტურში ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" დაუპირისპირდება. ეს ლანგედოკური გუნდი, რომელსაც მდიდარი ტრადიციები აქვს, გასულ სეზონში დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩა.

II დივიზიონი
I ტური
კარკასონი-ლიონი, ბეზიე-ტარბი, ალბი-აჟენი, ბურგუენი-ბურგ ან ბრესი, დაქსი-კოლომიე, ნარბონი-ორიაკი, პო-ოში, მონ დე მარსანი-ლა როშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოიონაქსში თამაშობს ქართველი ვეფხვაძე
levani
11:30 02-09-2013
0
ბატონო ბესიკ,

სატურნირო მდგომარეობა (ცხრილი) ვერტიკალურად რომ დაწეროთ (როგორც ჩვეულებრივ წერენ) ვფიქრობ უფრო კარგი იქნება..
ისიც თვალნათლივ გამოჩნდება ვინ ზევითაა და ვინ ქვევით.
ისიც - ვის რამდენი ქულა აქვს, რამდენი ნათამაშები და ასე შემდეგ..
0

სიახლეები პოპულარული